2 მილიონი დოლარი, ვერტმფრენი, „ანკესი“ და რუსეთის დროშა - ვინ დგას გრიგოლ ნარსიას უკან?

2 მილიონი დოლარი, ვერტმფრენი, „ანკესი“ და რუსეთის დროშა - ვინ დგას გრიგოლ ნარსიას უკან?

ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, პოლიციამ „საქართველოს ბანკის“ ქუთაისის ფილიალზე თავდამსხმელი, ყოფილი პოლიციელი, 37 წლის გრიგოლ ნარსია დააკავა. შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელიც 9 საათის განმავლობაში მძევლებთან ერთად დანაღმულ შენობაში იყო გამაგრებული, დაკავებულია.

„საქართველოს ბანკის“ ფილიალში გასროლის ხმა დაახლოებით დღის 12-ის ნახევარზე გაისმა. კადრებში, რომელიც მძევლებმა თავდამსხმელის მოთხოვნით სოციალური ქსელში გაავრცელეს, კარგად ჩანს სამხედრო ფორმაში ჩაცმული შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც სახეზე ნიღაბი უკეთია, აცვია სამხედრო ფეხსაცმელი, შეიარაღებულია ხელყუმბარით და სანადირო დანით. თავმდამსხმელს ტანზე მართვადი ნაღმი და ბრონირებული ჟილეტი ჰქონდა დამაგრებული. ნარსიამ თავდასხმიდან რამდენიმე წუთში საკუთარი მოთხოვნები ერთ-ერთი მძევლის მეშვეობით გაავრცელა - 2 მილიონი დოლარი, ვერტმფრენი, „ანკესი“ (NKS-ს რაციას ითხოვდა, რაც მძევალმა არასწორად გაიგო) და რუსეთის დროშა.

აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელი მძევლებს აიძულებდა სოციალური ქსელებით და მედიით გაესაჯაროვებინათ ბანკში არსებული ვითარება, მათ შორის მოითხოვდა შენობაში დამონტაჟებული, სავარაუდოდ, მართვადი ნაღმების ტელევიზიით ჩვენებას. კონკრეტული მოთხოვნების გაჟღერების შემდეგ კი, მძევლებს ხელები სპეციალური ღვედით შეუკრა. მოგვიანებით ახალი მოთხოვა გაახმოვანა - მიმდებარე პერიმეტრიდან სპეცდანიშნულების რაზმის გაყვანა და ერთი კოლოფი სიგარეტი.

ამ მოთხოვნის შესრულების შემდეგ, პოლიცია შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს წარმართავს ცდილობდა, რამდენიმე საათის შემდეგ რამდენიმე მძევლის გათავისუფლება მოხერხდა. ამის შემდეგ ნარსიამ მოთხოვნა შეცვალა, 2 მილიონის ნაცვლად, მილიონ ნახევარი მოითხოვა. ეს იყო ნარსიას ბოლო კომუნიკაცია პოლიციასთან, რადგან მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა, შესაბამისად, ყველა მძევალი უვნებლად გაანთავისუფლა.

ქუთაისში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც ადგილზე ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას. შს მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ დაკავებული მოქმედი თანამშრომელი არ არის. როგორც ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, თავდამსხმელს თან ჰქონდა გახსნილი ხელყუმბარა და დაკავების პროცესში მან სცადა წინააღმდეგობის გაწევა. მისი თქმით, თავდაპირველად თავდამსხმელთან მოლაპარაკების გზით ცდილობდნენ შეთანხმების მიღწევას, თუმცა მას შემდეგ, რაც მასთან შეთანხმება ვერ მოხდა, დაიგეგმა სპეცოპერაცია.

„სპეცოპერაციის განმავლობაში ჩვენი თანამშრომლები მუდმივად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და ცდილობდნენ თავდამსხმელის დაყოლიებას, რომ ის ჩაბარებოდა პოლიციას და გაეთავისუფლებინა მძევლები. მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, რომ მოლაპარაკებით მიგვეღწია მასთან შეთანხმებას, მან ჩვენი არც ერთი მოთხოვნა არ გაითვალისწინა, ამის შემდეგომ დაიგეგმა სპეცოპერაცია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოახერხეს შეღწევა ბანკის შენობაში. მას თან ჰქონდა გახსნილი ხელყუმბარა, შემდგომში ჩვენმა თანამშრომლებმა მოახერხეს რომ წაერთმიათ მისთვის ეს ხელყუმბარა და მოხდა მისი დაკავება. დაკავების პროცესში მან გასწია წინააღმდეგობა“, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძე.

როგორც ცნობილია, თავდამსხმელს თან ჰქონდა საკმაოდ მძიმე შეიარაღება: დანა, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა და სხვა ნივთიერებები, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა. ექსპერტი დავით კუხალაშვილი ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს ოთხი ვერსია - პირველი, შეიძლება იარაღი რეგისტრირებული ჰქონდა, მეორე - იარაღი შემოტანილია საზღვრის გამოყენებით ფარულად და მათ შორის სეპარატისტული ტერიტორიიდან, მესამე - აღნიშნული იარაღი ან მოპარულია და შეიძლება საქმეც იყოს აღძრული, ან შესაძლებელია ეს იარაღი იყო ჩამოწერილი, შედგენილია დოკუმენტები, რომ თითქოსდა განადგურებულია, რეალურად კი არ განადგურებულა და აღმოჩნდა ამ პირის ხელში.

„რაც შეეხება კონტრაბანდის გზით შემოტანას, კონტრაბანდის მიმართულება ძალიან სახიფათოა სახელმწიფოსათვის და მით უმეტეს თუ ასეთი ასაფეთქებელი ნივთიერება რომელიმე სტრუქტურიდან არის გამოტანილი იმიტომ, რომ ეს არის ხელსაყრელი პირობა იმისა, რომ არა მარტო მადესტაბილიზებელი ვითრება შეიქმნას ქვეყანაში, არამედ ძალიან მარტივად განხორციელდეს ტერორისტული აქტები და ასევე, ისეთი დანაშაულებრივი ქმედებები, რომელიც დაასუსტებს სახელმწიფოს.

რაც შეეხება პროცესს, რომელიც შედგა და განხორციელდა, ცალსახად, პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის პოლიტიკურ დესტაბილიზაციაზე. რეალურად, ამ აქტით ზიანი მიადგა სპეციალურ სტრუქტურებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ოპერატიულ ვითარებაზე. გამოიკვეთა პოლიტიკური ნიშნები - იგი ახსნებს, რომ მას სჭირდება რუსული დროშა.

ეს არის პირდაპირი მინიშნება და გარკვეული ნიშნები პოლიტიკური დაზვერვისა, რომ შესაძლებელია რაღაცა ინტერესები ამაში იდოს. როდესაც ვსაუბრობ პოლიტიკურ დაზვერვაზე, ამ პირზე შესაძლებელია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები არც გამოსულან, მაგრამ მასზე ზევგავლენას ახდენდა და ორგანიზაციულ პროცესებში მონაწილეობდა რომელიმე პოლიტიკური პარტია. ასე რომ, ამის გამორიცხვა არ შეიძლება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის შეფასებით, იმ სახელმწიფოებში, სადაც კანონის დონეზეა აკრძალული მძევლების ამყვანი ტერორისტების პირობების დაკმაყოფილება, ყველაფერი დიდი ხნის დასრულებული იქნებოდა, მაგრამ მძიმე შედეგით თავად მძევლებისთვის. მისი შეფასებით, საქართველოს სახელმწიფოსთვის, მისი ამჟამინდელი ხელისუფლების სახით, პირველ რიგში, ადამიანის სიცოცხლეა პრიორიტეტული. რაც შეეხება თავდასხმის პოლიტიკურ ნიშნებს, მისი თქმით, ნაადრევია რაღაცა კონკრეტული ვერსიების გამოყენება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს პოლიტიკური ნიშნით, მთლიანად უნდა გამოირიცხოს ხელისუფლების რაიმე ინტერესი.

„თუ ვინმე ლოგიკურად დამიმტკიცებს, რომ 1%-იანი ალბათობით რამენაირად ხელისუფლების ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ის, რისი მომსწრენი ვიყავით, მაშინ ხელი ამიწევია. რაც შეეხება ხელისუფლებაზე გადაბრალებას, რომ მერამედეა და როგორია, მინდა შევახსენო ჩვენზე გაცილებით უფრო წარმატებული ქვეყნების გამოცდილება. პირველ რიგში ის, რომ აშშ-ში კანონმდებლის დონეზე აკრძალულია ტერორისტების მოთხოვნების დაკმაყოფილება. ტერორისტის

ლიკვიდაცია ხდება და ამ ლიკვიდაციის დროს როგორი რისკის ქვეშ დგებიან მძევლები, ეს ცალკე საკითხია. საქართველოში კი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეცოპერაცია, რომელსაც ჰუმანურობის პრინციპით ატარებდა ხელისუფლება, რომ პირველ რიგში, მძევლების უსაფრთხოება დაცულიყო. ამიტომ, ამ კუთხით ხელისუფლების ბულინგი, დაცინვა და გადაბრალება, არის უბრალოდ უადგილო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილი.

 

tam ამდენი პროფესორობაც არ არის რა საჭირო ... რა ახსნა მივიღეთ ახლა. თუ როგორ შეიძლება თეორიულად და პრაქტიკულად იარაღი მოხვდეს კონკრეტული პირის ხელთ ? თქვენს მოსაზრებებს უცხოც ხომ კითხულობს, რატომ ასწავლით იმას რაც შეიძლება არ იცოდნენ, ამ დროს თქვენ ყოფილი თანამშრომლები ხართ !!!! ზედმეტია რააა
1 წლის უკან