კომერციულ ბანკებს ახალი კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობას მისცემენ

კომერციულ ბანკებს ახალი კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობას მისცემენ

მალე პარლამენტი იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების კანონპროექტს განიხილავს. კანონი, მიღების შემთხვევაში, კაპიტალის ბაზრისთვის ე.წ. ბუსტერის როლს შეასრულებს. საუბარია კომერციული ბანკებისთვის ახალი შესაძლებლობის მიცემაზე, რომ მათ არსებული იპოთეკური სესხების პორტფელის უზრუნველყოფით ახალი ობლიგაციები გამოუშვან და ამ გზით ახალი კაპიტალი მოიზიდონ.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნიკოლოზ გაგუას განმარტებით, ამ კანონპროექტის მიღებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც ელოდებიან, რადგან მათ ამ ფასიან ქაღალდებში ინვესტირება სურთ.

„ეს კაპიტალის ბაზრისთვის არა მხოლოდ ახალი პროდუქტი, არამედ ახალი ტიპის ინვესტორების მოზიდვის შესაძლებლობაცაა. იპოთეკით დაცული ობლიგაციები ითვლება რისკიანობით მთავრობის ფასიანი ქაღალდების შემდეგ მეორე დონედ. გარდა ამისა, მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზარი საკმაოდ სწრაფად განვითარდა და ინტენსიურად გავედით საერთაშორისო ბაზარზე და მოვიზიდეთ უცხოელი ინვესტორები, რომლებიც ლარის ფასიან ქაღალდებში დებენ ფულს. ეს არის ამ ინვესტორებისთვის საქართველოში საქმიანობის გაგრძელების ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომ ინვესტირება მოახდინონ იპოთეკით დაცულ ობლიგაციებში.

საუბარია მსხვილ საერთაშორისო ბანკებზე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე, რომლებთანაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიური მუშაობა გვაქვს, რადგანაც ისინი ელოდებიან ამ პროდუქტის შემოსვლას ბაზარზე. ელოდებიან საკანონმდებლო ინიციატივის მიღებას იმისთვის, რომ ინტენსიურად დაიწყონ ინვესტირება“, - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში გაგუამ.

ფინანსისტები და განსაკუთრებით ბანკირები სიახლეს მხარს უჭერენ. „თიბისის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია იპოთეკით დაცული ობლიგაციების გამოშვების ინიციატივას მიესალმება, თუმცა ფიქრობს, რომ ამ ნაწილში ინვესტიციების მოძიება გართულდება.

„ინიციატივა ძალიან კარგია და ასეთი პრაქტიკა ევროპაში განვითარებულია. ცალკე კითხვაა შექმნის თუ არა ეს დიდ მატერიალურ განსხვავებას, რასაც ზუსტად ვერ გეტყვით. ეს ბაზარი კარგია მაშინ, როცა ლიკვიდურია პორტფელი, ანუ როცა, მაგალითად, ბანკებს შეუძლიათ იპოთეკური პორტფელი ინვესტორებზე გაყიდონ.

ევროპაში როცა პრობლემებია, კრიზისია და როცა ინვესტორი ბანკს არ ენდობა, მას მაინც შეუძლია სახსრები მოიზიდოს. ინვესტორი იტყვის, რომ მთლიანად ბანკს არ ენდობა, მაგრამ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ჯანსაღია და ამის უზრუნველსაყოფად ინვესტიციებს მოვიზიდავთ. აქ სირთულე არის ის, თუ რამდენად შეიქმნება ასეთი ლიკვიდური ბაზარი, ეს რთული სათქმელია. ამ ნაწილში ცოტა პესიმისტურად ვარ განწყობილი იმ მასშტაბის გათვალისწინებით, რაც ქვეყანაშია, თუმცა ეს ცვლილება ნებისმიერ შემთხვევაში მისასალმებელია“, - განაცხადა „ბიემთან“ ნადარაიამ.

როგორც აღვნიშნეთ, ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული კანონპროექტი კომერციულ ბანკებს უფლებას აძლევს, იპოთეკით დაცული ობლიგაციები გამოუშვან. ეს ნიშნავს, რომ ბანკები მათში არსებული 139 000-ზე მეტი იპოთეკური კრედიტიდან შეძლებენ თავად ამ სესხების ნაწილი ჩადონ უზრუნველყოფაში და მის სანაცვლოდ გამოუშვან ახალი ობლიგაციები.