მარტო ეროვნული ბანკი ინფლაციას ვერაფერს უხერხებს

მარტო ეროვნული ბანკი ინფლაციას ვერაფერს უხერხებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 11%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. უახლოეს მომავალში არათუ მონეტარული პოლიტიკის შერბილება არ განიხილება, არამედ გამკაცრებაზეც კი შეიძლება დაიწყოს საუბარი. ინფლაცია ჯერ ვერ მცირდება, წინ კი ზამთარია, როდესაც ფასები ისედაც იზრდება ხოლმე.

როგორც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა, ქვეყანაში ინფლაციური რისკები ნარჩუნდება, ამიტომაც მიზანშეწონილია განაკვეთი არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდეს.

„საქართველოს ეროვნულ ბანკი გადაწყვეტილებებს ინფლაციური მოლოდინებიდან გამომდინარე იღებს. დღეს ჩვენ ინფლაციის ზრდის თვალსაზრისით რისკიანი სიტუაცია გვაქვს. ეროვნულ ბანკს უკვე საკმაოდ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა აქვს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას გარკვეული პერიოდი დასჭირდება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შენარჩუნება მკაცრ დონეზე ხანგრძლივი ვადით მოგვიწევს.

შემდეგ მონეტარულ პოლიტიკის სხდომაზე ვიმსჯელებთ, არის თუ არა საჭირო დამატებით რეფინანსირების განაკვეთის გამკაცრება, ჯერ მის შერბილებაზე საუბარი არ არის. ინფლაცია 10.9%-ია, როდესაც ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია“, - აღნიშნა ლეჟავამ.

ცენტრალურ ბანკში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ინფლაციური წნეხი მომდევნო თვეებში უნდა შემცირდეს, თუმცა ამ ეტაპზე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება აუცილებელია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნავთობის ფასის შემცირება, ასევე სურსათის ფასების ინდექსის კლებამ ქვეყანაში ინფლაციის შემცირებაზე სამომავლოდ უნდა მოახდინოს გავლენა.

„ინფლაციური წნეხი კვლავ საკმაოდ მაღალია როგორც საქართველოში, ასევე დანარჩენ მსოფლიოში. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რუსეთისთვის დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა და მიწოდების ჯაჭვების დამატებითმა რღვევამ, მსოფლიო ბაზრებზე საკვები პროდუქტები, ნედლეული და ენერგორესურსები მნიშვნელოვნად გააძვირა. ინფლაციურ რისკებს ასევე ის ფაქტიც აძლიერებს, რომ ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე, ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივად არის გადახრილი.

თუმცა, ბოლო დროს საერთაშორისო ბაზრებზე პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება. ბრენტის ნავთობის ფასი და საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება შემცირებას განაგრძობს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის თანახმად, სურსათის საერთაშორისო ინდექსი ივლისში წინა თვესთან შედარებით 9.0 პროცენტით, ხოლო აგვისტოში - 1.9 პროცენტით შემცირდა. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ტენდენციები ეტაპობრივად ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა და ინფლაციის დინამიკაზე დადებით გავლენას მოახდენს“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

პარლამენტში ამჯერად სებ-ის ნაბიჯებს მხარს უჭერენ. დეპუტატები სებ-ის გადაწყვეტილებას სწორად მიიჩნევენ.

„ეს არის სებ-ის გადაწყვეტილება - ის ინარჩუნებს მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას. რამდენიმე ფაქტორის კომბინაცია უნდა იყოს აქ, მათ შორის მკაცრი მონეტარული საპროცენტო განაკვეთები და დეფიციტის შემცირება, რაშიც პროგრესი გვაქვს. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მთავრობის ჩართვა, უნდა გაიზარდოს კონკურენცია მთელი რიგი მიმართულებებით, მაგალითად, ეკონომიკის სამინისტრო უნდა დაეხმაროს ეროვნულ ბანკს... სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროები და სხვა მიმართულებებიც.

მხოლოდ ცენტრალური ბანკის აქტიურობები ინფლაციის დასათრგუნად საკმარისი აღარ არის. ორ ფაქტორში გვაქვს პროგრესი - ერთი, ფინანსთა სამინისტროს ნაწილია და დეფიციტი მცირდება, მეორე მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და სხვა ფაქტორები არის ჩასართველი. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ, რომ მაგალითად თურქული მედიკამენტების ბაზრის გახსნამ გამოიწვია ფასების შემცირება. სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები არის მისაღები და კონკურენცია კი გასაზრდელი. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ინფლაცია დავთრგუნოთ და შევამციროთ“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

„ჯეოქეისის“ მკვლევარი გიორგი აბაშიშვილიც ეთანხმება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ.

„ინფლაციასთან დაკავშირებით, გარკვეული ტიპის რისკები კვლავ არის და ამაზე ეროვნული ბანკი მის განმარტებაშიც საუბრობს. დღეს არის ინფლაციური წნეხის მაღალი რისკი, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა, ამიტომ მისი მსუბუქად გატარება შეუძლებელია. ეროვნული ბანკის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ინფლაცია იყოს უფრო დაბალ მაჩვენებელზე ვიდრე ახლა არის და ცხადია, ამ შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი, ორიენტირებული უნდა იყოს ინფლაციის შემცირებაზე ან დასტაბილურებაზე.

ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული გეოპოლიტიკური მოვლენების შემდგომ განვითარებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ინფლაციური მოლოდინების რისკები არსებობს, რეფინანსირების განაკვეთის უცვლელ მაჩვენებელზე დატოვება არის ლოგიკური, შერბილება იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მაღალია, ბუნებრივია, შეიძლება უფრო მეტი ინფლაციური რისკი გამოეწვია“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.