აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა. ორი ქვეყნის საზღვარზე ვითარება დაძაბულია, შეტაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს და არიან დაღუპულებიც.
როგორც for.ge-თან ეკონომიკის საკითხებში ექსპერტები აცხადებენ, თუკი სამხედრო დაპირისპირება დიდხანს გარძელდება, მაშინ ეს საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება. კონკრეტულად რა მიმართულებით შეიძლება შეიქმნას კრიზისი, ანალიტიკოსებს სწორედ ამ კითხვით მივმართეთ.
„თავდაპირველად ვთქვათ ის, რომ არავინ იცის აღნიშნული დაპირისპირება რამდენ ხანს გაგრძელდება. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პატარ-პატარა შეტაკებები ხშირად მომხდარა, თუმცა შემდეგ მოლაპარაკებით დასრულებულა. ამ ორ ქვეყანას შორის ომი ყარაბაღში საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა. იმ დროსაც კი, როდესაც აზერბაიჯანმა განახორციელა ყარაბაღის ე.წ. ოკუპირებული ტერიტორიების გაწმენდა, ეს ჩვენს ეკონომიკაზე არ ასახულა. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ჩვენს ეკონომიკაზე ამ ომის ნეგატიურად ასახვა ნაკლებად მოსალოდნელია. თუ დაპირისპირება სერიოზულ ფაზაში გადავა და რეგიონალური კონფლიქტის სახეს მიიღებს, მაშინ შესაძლოა, ამან ჩვენს ეკონომიკაზე ნეგატიური ასახვა ჰპოვოს“, - აღნიშნა for.ge-თან საუბრისას ფინანსურმა ანალიტიკოსმა გიორგი ცუცქირიძემ.
ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი კი ეკონომიკის იმ მიმართულებაზე საუბრობს, სადაც შეიძლება პრობლემები შეიქმნას.
„ორივე ქვეყანა ჩვენი სავაჭრო პარტნიორია. აზერბაიჯანთანაც და სომხეთთანაც საკმაოდ მჭიდრო ეკონომიკური კავშირი გვაქვს. რა თქმა უნდა, ამ ორ ქვეყანას შორის რაიმე სახის დაპირისპირება ჩვენს ეკონომიკაზე ირიბად ზეგავლენას მოახდენს. ამ ეტაპისათვის რთულია პროგნოზის გაკეთება. თუმცა ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის გაგრძელება ეკონომიკური თვალსაზრისით არ გვაწყობს. რაც შეეხება, კონკრეტიკას, ეს კონფლიქტი არამარტო ტრანზიტებზე აისახება, ასევე აისახება ბევრი მიმართულებით, დაწყებული ექსპორტით, დამთავრებული ლოჯისტიკური მიმართულებით. ჩვენ კონკრეტული პროდუქციის ექსპორტს აზერბაიჯანშიც და სომხეთშიც ვახორციელებთ, ორივე ქვეყანასთან მჭიდრო ეკონომიკურ კავშირში ვართ და აქედან გამომდინარე, მათ შორის კონფლიქტი ჩვენს ეკონომიკაზე დადებითად არ აისახება“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.