უკვე ოთხი თვეა, მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა. მოედნის გარდა, დამწყებ მძღოლებს გამოცდის ჩაბარება ქალაქშიც უწევთ. ამან ჯერ გამოცდაზე გამსვლელ პირთა რაოდენობის მკვეთრი შემცირება გამოიწვია, რასაც მართვის მოწმობის მიმღებთა საგრძნობი კლებაც მოჰყვა. თუკი ადრე თვეში 5000-მდე ადამიანი ახერხებდა გამოცდის ჩაბარებას, ახლა ეს მაჩვენებელი 90%-ით არის შემცირებული.
ივნის-ივლისში მართვის მოწმობის გამოცდა რეალურ მოძრაობაში 1341-მა პირმა ჩააბარა. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ივნისში მართვის მოწმობა 556 ადამიანზე გაიცა, ხოლო ივლისში - 785-ზე.
რაც შეეხება მაისის თვის მონაცემებს, მართვის მოწმობის გამოცდა 2269-მა პირმა ჩააბარა, თუმცა მართვის მოწმობის აღების მსურველი პირების ნაწილი გამოცდაზე ძველი, ხოლო ნაწილი ახალი სისტემით გავიდა.
გამოცდის რეალურ სივრცეში გადატანას ავტოსკოლების ნაწილი მიესალმება. კომპანიებში მიიჩნევენ, რომ ამით მართვის მოწმობის აღების მსურველთა საბაზისო უნარ-ჩვევები გაუმჯობესდება.
ავტოსკოლა „არტ დრაივის“ ინსტრუქტორი მიშა ცხადაძე აღნიშნავს, რომ გამოცდის ფორმატის ცვლილებით გზებზე უსაფრთხოებაც გაიზრდება.
„მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მხოლოდ მოედანზე არ იყო საკმარისი. აუცილებელი იყო გამოცდის ქალაქში გადატანა. მთელ მსოფლიოში ასეა - გამოცდა ბარდება ქალაქში. აპრილის ბოლოდან გამოცდის პრაქტიკული ნაწილის ჩაბარება დაიწყო ქალაქის ქუჩებში. ვფიქრობ, ასე ჯობია, ვინაიდან მეტი გამოცდილება შეიძინეს დამწყებმა მძღოლებმა. გზებზე უსაფრთხოების გაზრდისთვის ასე უკეთესია.
მხოლოდ მოედანზე გამოცდის ჩაბარება საკმარის პრაქტიკას არ იძლეოდა, რეალურ სივრცეში კი დამწყები მძღოლები მეტ უნარ-ჩვევას იძენენ. ჯერ ცოტა დროა გასული, თუმცა ვფიქრობ შემდეგი თვეები მოგვცემს სურათს, რამდენად უკეთესია გამოცდის ქალაქში ჩაბარება.
ჩვენი დაკვირვებით პირველი 2 თვე იყო რთული. თავიდან მოსწავლეებს ქალაქში გამოცდის ჩაბარება დაძაბულობის, ნერვიულობის და გამოუცდელობის გამო ცოტა გაუჭირდათ, მაგრამ მომდევნო თვეებში გამოსწორდა სიტუაცია“, - განაცხადა „ბიზნეს მედიასთან“ ცხადაძემ.
მიმდინარე წლის 25 აპრილიდან მართვის მოწმობის აღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის როგორც საგამოცდო, ასევე რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარება უწევთ. რაც შეეხება ამ წესის ამოქმედებამდე არსებულ მონაცემებს, სტატისტიკა ასე გამოიყურება: იანვარში მართვის მოწმობის აღება 3 340 ადამაინმა მოახერხა, თებერვალში - 5 216-მა, მარტში - 5 722-მა; აპრილში - 5 357-მა.
„B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი მიმდინარე წლის 25 აპრილიდან გახდა. პირველი ეტაპი კვლავ დახურულ მოედანზე ტარდება, ხოლო მეორე ეტაპი - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე, თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში გავიდეს, ხოლო პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაინტერესებული პირი დაიშვება (პირველადი გასვლა) პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღისა.