ახალი კონსტიტუცია პრემიერ–მინისტრს მეფედ აკურთხებს

ახალი კონსტიტუცია პრემიერ–მინისტრს მეფედ აკურთხებს

[ნინო ჯაფარიძე]
44 მომხრე, 3 - წინააღმდეგი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ პლენარულს სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საბოლოო ვარიანტი დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა ”საია-ს თავმჯდომარემ, თამარ ხიდაშელმა, ”ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ და კონსტიტუციის ერთ-ერთი პროექტის ავტორმა ლევან რამიშვილმა მისცეს.

საკონსტიტუციო ცვლილებათა საბაზისო პროექტის საბოლოო ვარიანტის განხილვა დებატებით დაიწყო და დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. დავის საგანი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებათა ცალკეულ პუნქტებთან ერთად პროექტის დაჩქარებული წესით განხილვაც იყო. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი” და ”ქართული დასის” ლიდერი ითხოვდნენ საბოლოო ვარიანტის კენჭისყრა ერთი თვით გადაედოთ. თუმცა წევრთა უმრავლესობამ მათი არგუმენტები არ გაიზიარა.

მიხელ სააკაშვილის განცხადებით, მან ”ევროპული კონსტიტუციის” მიღების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2004 წელს მიიღო. მაშინ, როდესაც ქვეყნის ძირითად კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ეს ცვლილებები ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ექსპერტებმა შეფასეს, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერება და ძალთა ბალანსის დარღვევა სახელისუფლებო შტოებს შორის. თუმცა, პრეზიდენტის განმარტებით, ის დღემდე თვლის, რომ 2004 წლის ცვლილებებით ”არა პრეზიდენტი, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლება გაძლიერდა, რადგან შემოვიდა პრემიერის ინსტიტუტი”.

”მე მაშინვე ვთქვი, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენ გადავალთ ევროპული ტიპის კონსტიტუციაზე, ეს განვაცხადე საჯაროდაც, ეს ვუთხარი ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს, ევროსაბჭოს კომისიას, რომელიც კონსტიტუციებზე მუშაობს და მინდა გითხრათ, რომ სპეციალურად არ შევსულვარ არსებით განხილვაში არც კომისიის თავმჯდომარესთან არც წევრებთან. მინდოდა, რომ რასაც ისინი დადებდნენ, ეს ყოფილიყო განხოლვის საგანი”, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, გერმანიაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მოწონებული ”კონსტიტუციის ევროპული მოდელის” პროექტი ოპოზიციამ დაიწუნა. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით ამის მიზეზი ”პოლიტიკური პარტიების უმწიფრობაა”.

”მეგონა, ამ არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პარტიები გაიზარდნენ, აცხადებენ, 2008 წელს არჩეული პარლამენტი არ არის უფლებამოსილი კონსტიტუციური ცვლილებები დაამტკიცოსო. რატომ არ არის უფლებამოსილი? - ხმების რა რაოდენობაც აიღო 2008-ში, იმაზე მეტი აიღო ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ბოლო არჩევნებში”, - ასეთია პრეზიდენტის პოზიცია.

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის საბოლოო ვარიანტი, რომელიც პრეზიდენტმა ”ევროპული სტილის”-ად უკვე შერაცხა, კომისიამ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ დემეტრაშვილის განცხადებით, ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის მოდელი ძალზედ უახლოვდება კლასიკურ, ევროპულ საპარლამენტო მოდელს, თუმცა არც ნაციონალურ ელემენტებს არის მოკლებული.

”ქართული ეთნოფსიქოლოგიიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩეს. რადგან ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელიც მიიჩნევს, რომ ერთი პიროვნება აუცილებლად უნდა იყოს თამადა ”, - ამბობს დემეტრაშვილი.

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, პროექტის თანახმად, პარლამენტი მთავრობის ფორმირების ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი ხდება. იზრდება მისი როლი საკანონმდებლო პროცესშიც.

”პრეზიდენტის ვეტოს გადასალახად აქამდე თუ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობის 3/5-ი იყო საჭირო, ახლა ამას უბრალო უმრავლესობა სჭირდება. ხოლო საგამოძიებო კომისიის შექმნა დეპუტატთა საერთო რაოდენობის 1/4-ის ნაცვლად უკვე 1/5-ს შეეძლება”, - ამბობს დემეტრაშვილი.

მინისტრებს, მათ შორის ძალოვან ბლოკს, წარადგენს პრემიერი და ამტკიცებს პარლამენტი. ხოლო პრეზიდენტს მხოლოდ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის და მხედართმთავრების დანიშვნის უფლება რჩება.

პროექტში წერია, რომ ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე მთავრობას უფლებამოსილება ეხსნება. პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე ძალის მიერ დასახელებული პრემიერობის კანდიდატი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის ვადაში უნდა წამოაყენოს, რომელმაც თავის მხრივ კაბინეტი პარლამენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს. ეს ცვლილება კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობასაც იძლევა.

”მთავრობა პასუხისმგებელია არა პრეზიდენტის, არამედ მხოლოდ პარლამენტის წინაშე. პარლამენტს შეუძლია უნდობლობა გამოუცხადოს მთaვრობას. საკმაოდ რთული პროცედურაა, მაგრამ თუ 3/5-ით აირჩა ახალი მთავრობა, ძველი მთავრობა უნდა გადადგეს”, - ამბობს დემეტრაშვილი.

შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები შეეხოს უშიშროების საბჭოსაც ან საერთოდ გაუქმდეს. იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუციურ ცვლილებათა პროექტში ეს ინსტიტუტი გათვალისწინებულია. როგორც ეკა ტყეშელაშვილმა განმარტა, პროექტი ძალზედ მიახლოებულია საპარლამენტო მმართველობის მოდელთან, ამდენად, პრეზიდენტთან ამ ტიპის სათათბირო ორგანოს არსებობა ალოგიკურად გამოიყურება.

”წარმოდგენილი მოდელი საპარლამენტოს უფრო შეესაბამება, ვიდრე საპრეზიდენტოს. ამდენად, სპეციფიური ინსტიტუტები რომელიც საპრეზიდენტო მოდელთან პირდაპირ არის დაკავშირებული, სულ მცირე რეფორმირებას განიცდის, თუმცა მე მისი გაუქმების ლოგიკასაც ძალიან ნათლად ვხედავ”, - აცხადებს უშიშროების საბჭოს მდივანი.

ცვლილებები ხელისუფლების სასამართლო შტოსაც შეეხება. უზენაესი სასამართლო აღარ იქნება უმაღლესი საკასაციო ინსტანცია. 28 წლიდან კვლავ 30 წლამდე იზრდება მოსამართლეთა ასაკობრივი ცენზიც, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ეხსნება შეზღუდვა, რომლის თანხმადაც მას ამ თანამდებობის დაკავება ზედიზედ ორი ვადით არ შეეძლო. შემოდის მოსამართლეთა უვადო დანიშვნის წესი, თუმცა უვადო დანიშვნა სამწლიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ მოხდება.

კომისიის წევრი, იურისტი გია გეწაძე ამბობს, რომ მოსამართლეთა უვადო დანიშვნა მათ დამოუკიდებლობას განამტკიცებს. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოსთვის უმაღლესი საკასაციო ინსტანციის სტატუსის გაუქმებას, გეწაძის განცხადებით, ეს ჩანაწერი კომუნისტური ეპოქის გადმონაშთი იყო...

”ეს ძველი დროიდან შემორჩენილი ტერმინი იყო, იმ პერიოდიდან, როდესაც უზენაესი სასამართლო საქმეებს მხოლოდ კასაციის გზით იხილავდა. ახლა უზენაეს სასამართლოს აქვს ფუნქციები, რომ საქმე მეორე და პირველ ინსტანციაშიც კი განიხილოს”, - ამბობს იურისტი.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს უწყვეტად, ორი ვადით თავმჯდომარეობის უფლებას, გეწაძე განმარტავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებათ პროექტით სხვადასხვა დროს ხდება პარლამენტის არჩევნები და მთავრობის ფორმირება, პრეზიდენტის არჩევნები და ასეთი პირობებში უზენაესის მსგავსად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გრძელვადიანი დანიშვნა უკეთესია.

იცვლება რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულების დანიშვნის წესიც. ცვლილებათა პროექტით, ამის უფლება უკვე არა პრეზიდენტს, არამედ მთავრობას ექნება. პროექტით ასევე იზრდება ადგილობრივი თვითმმართველობების დამოუკიდებლობის ხარისხიც...

”ევროპაში მიაჩნიათ, რომ ეს მაღალი რეგულაციაა. კონსტიტუციის დონეზე პირდაპირ ვაფიქსირებთ, რომ არის სახელმწიფო ორგანოები და არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. სახელმწიფო ორგანოებს მათზე ადმინისტრაციული ზედამხედველობის ფუნქცია არ აქვთ. ანუ, ერთიანი სისტემა კი არ არის, არამედ ისინი დამოუკიდებლები არიან და თუ მათ შორის რაიმე დავა წარმოიშვა, ის არა ვინმეს ბრძანებით, არამედ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა გადაწყდეს”, - ამბობს ავთანდილ დემეტრაშვილი.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ცვლილებების პროექტის მიღების შემდეგ გაცილებით მყარად იქნება დაცული საკუთრების უფლება, ვიდრე ამას ამჟამად მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს. კომისიასთან არსებული სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, იურისტი იაკობ თოფურიძე ამბობს, რომ - ”კონსტიტუციის ახალი პროექტის 21 მუხლში, განსხვავებით წინა რედაქციისგან, სადაც ეწერა არაფრისმთქმელი ფრაზა, რომ საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში საკუთრების ჩამორთმევა ხდება სათანადო ანაზღაურებით, ჩაიწერა, რომ ანაზღაურება უნდა იყოს სრული და სამართლიანი, უნდა მოხდეს წინასწარ და გათავისუფლდეს ყოველგვარი გადასახადისგან”.

„ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელიც და “ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელიც აცხადებენ, რომ პროექტი კონსტიტუციაში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. თუმცა, ვარიანტი, რომელსაც კენჭი უყარეს ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს. მათ შორის იმ მიმართულებითაც, რატომ იჩქარა კომისიამ და არ მისცა წვერებს შესაძლებლობა, სრულად გაცნობოდნენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და აესახათ ისინი ცვლილებათა პროექტში.

გიორგი ახვლედიანი ფიქრობს, რომ პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდა და პრეზიდენტის როლის შემცირება პოზიტიური ნაბიჯია, მაგრამ არის ბევრი კონკრეტული ნიუანსი, რომელიც დახვეწას საჭიროებს. თუნდაც პარლამენტის მაჟორიტარული და პროპორციული წესით არჩეულ წვერთა რაოდენობის დაბალანსება 75-75-ზე, რაც ძალთა ბალანსს ყოველთვის ხელისუფლების სასარგებლოდ ცვლის.

თამარ ხიდაშელი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი პრეზიდენტის უფლებამოსილებას მართლაც ზღუდავს, მაგრამ პარლამენტის უფლებების ზრდასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.

”პრეზიდენტი სუსტდება, მაგრამ ძლიერდება მთავრობა. შესაბამისად, მოცემული პროექტის ფარგლებში ვერ ვიღებთ ძლიერ პარლამენტს. საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტს არაფრის გაკეთების უფლება არ აქვს. მთავრობას შეუძლია ნებისმიერ მომენტში დასვას პარლამენტის სახლში გაშვების საკითხი, თუ საკანონმდებლო ორგანო მის მიერ შემოტანილ კანონპროექტს ნდობას არ გამოუცხადებს”, - აცხადებს ”საია”-ს თავმჯდომარე.

კომისიის წევრი ლევან რამიშვილიც თვლის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი ბევრ ხარვეზს შეიცავს, მათ შორის პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების კუთხითაც.

”ეს კომპრომისი პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას არ იძლევა. მივიღებთ ვითარებას, რომ პარლამენტის ნახევარი არ ენდობა მთავრობას, შესაბამისად, ასეთი მთავრობის საკანონდებლო ინციატივა ვერ მოიპოვებს კანონმდებელთა საჭირო ხმების რაოდენობას, მთავრობა მოითხოვს მის დათხოვნას, მივიღებთ სიტუაციას, რომ პროცესი იქნება პარალიზებული და იქნება მუდმივი კრიზისი”, - მიიჩნევს ლევან რამიშვილი.

თამარ ხიდაშელის განცხადებით, არის სხვა ძალიან ბევრი დეტალი, რომელზეც ვენეციის კომისიაც და გერმანელი ექსპერტებიც ყურადღებას ამახვილებდნენ, თუმცა მათგან ბევრი, წარმოდგენილ კანონპრეოქტში არ აისახა.

სახელმწიფო კომისიის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საბოლოო ვარიანტი პრეზიდენტს გადაეგზავნება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მისი წარდგენის თარიღს თავად განსაზღვრავს. პროექტის პარლამენტში შესვლისას შეიქმნება საზოგადოებრივი საჯარო განხილვის კომისია, რომელიც პროექტზე საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელებს, ამის შემდეგ ცვლილებათა პროექტს უკვე პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს.