სააკაშვილმა ქონების ჩამოსართმევი ჩინოსნების შავი სია შეადგინა

სააკაშვილმა ქონების ჩამოსართმევი ჩინოსნების შავი სია შეადგინა

(იბეჭდება შემოკლებით)

პირველად სააკაშვილი ამ თემაზე ირაკლი მენაღარაშვილს დაეტაკა. ეს იყო მაშინ, როცა იუსტიციის მინისტრმა პრეზიდენტ შევარდნაძეს საირმის გორაზე გადაღებული სასახლეების ფოტოები აუფრიალა ცხვირწინ. მენაღარაშვილმა მაშინ მას გვარების დასახელება მოსთხოვა.

შემდგომ ეტაპზე პიროვნებებიც გამოიკვეთა. მათგან ყველაზე მეტად აქცენტს სააკაშვილი სოსო ალავიძეზე და ლევან მამალაძეზე აკეთებდა...

2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ნაციონალების ერთ-ერთი ლიდერი, გივი თარგამაძე საკუთარ საარჩევნო კამპანიას სწორედ ზემოთ ხსენებულ გორაზე განთავსებულ სახლებზე ჯვრების დასმით აგებდა. სწორედ ამ პროცესში ის კინაღამ სოსო ალავიძის აშვებულ ჯიშიან ძაღლებს ემსხვერპლა.

დაბოლოს: მაშინ, როცა ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ლევან მამალაძის ოჯახი პრესკონფერენციას ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე „ხრუშჩოვკის“ ტიპის სახლში აწყობდა და ამტკიცებდა, რომ ეს იყო მათი ქონება, სააკაშვილი საკუთარ ინიციატივას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მაშინ მამალაძის დანარჩენ ფეშენებელურ სახლებს საბავშვო ბაღებს გადასცემდა.

პრეზიდენტის ბოლო განცხადებამ იმის შესახებ, რომ კანონი დაუსაბუთებელი ქონების შესახებ უკვე უნდა ამოქმედდეს, თავად სამართალდამცველები დააბნია.

ამ განცხადებას ყველა თავისებურად აღიქვამდა. ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ ქონების ჩამორთმევა მხოლოდ იმ პირებზე განხორციელდება, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემულნი. ამ პოზიციას ძირითადად პროკურატურაში იზიარებდნენ, თუმცა „ალიასთან“ საუბარში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, ამას როგორი ფორმა უნდა მიეცეს. ერთადერთი, რას დაზუსტებით გაგვიმხილეს, ის იყო, რომ უკვე ბრალდებული ჩინოვნიკების ქონების მოკვლევა დაწყებულია, მაგრამ მასალებს რა მიმართულებებს მისცემენ, ეს თურმე რამდენიმე დღეში დაზუსტდება.

არის პროკურორების ის ნაწილიც, რომელიც მიიჩნევს, რომ ქონების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და შესაბამისად, ბრალდებულის მხრიდან მისი დასაბუთების პროცედურა მხოლოდ სასამართლოს შემდეგ უნდა დაიწყოს, იმ შემთხვევაში, თუ განაჩენით განსასჯელს ქონების ჩამორთმევასაც მიუსჯიან.

თვითონ გენერალური პროკურორი კი ოფიციალურად აცხადებს, რომ რკინიგზის დეპარტამენტისა და თბილისის სატყეო მეურნეობის ყოფილი შეფების ქონების ჩამორთმევის შესახებ სასამართლოს უკვე მიმართეს. რიგში ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი და საგადასახადო დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე დგანან. შავი სიის შემდეგი ნომრები ჯერჯერობით არ სახელდება.

ამ ფონზე კი ზოგიერთმა სამართალდამცველმა თვითონვე არ იცის, აქვს თუ არა ასეთი მოქმედებისთვის სამართლებრივი ბაზა, ანუ სააკაშვილის კანონპროექტს უკვე მიეცა თუ არა კანონის სახე.

სიტუაციაში გასარკვევად „ალია“ კობა დავითაშვილს დაუკავშირდა:

- ეს კანონი პარლამენტმა თებერვალში მიიღო, თუმცა, რამდენადაც ვიცი, ახლა პრეზიდენტი მის გავრცელებას ორგანიზებულ დანაშაულში ეჭვმიტანილ სხვა, არათანამდებობრივ პირებზე გავრცელებასაც აპირებს.

ამას ცვლილებების შეტანის გარეშე დაიწყებენ?

- არავითარ შემთხვევაში. ჯერ ცვლილებები უნდა განხორციელდეს. თუ უკვე პასუხისგებაში მიცემულ პირთა მიმართ მოჰყავთ მოქმედებაში, ეს დასაშვებია, რადგან ისინი თანამდებობის პირები არიან.

აკაკი ჩხაიძეს ოფიციალურად გაცხადებული 3 მილიონი უკვე მიატანინეს, თუმცა, როგორც მადა მოდის ჭამაში, ისე ორ დღეში მას უკვე ქონებასაც სთხოვენ. იქვე ვრცელდება ინფორმაციაც, რომ გამოძიების პროცესში ბიუჯეტის მიმართ დავალიანება ჩხაიძეს 10 მილიონამდე შეიძლება გაეზარდოს.

რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი შეფი „ალიასთან“ საუბრისას მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა: „ეს ერთი სახლი მაქვს, კრწანისის რეზიდენციის ასახვევთან. თუ ამასაც წამართმევენ, გადავალ ყაზარმაში, აბა, რა ვქნა?“

ჩხაიძის ბედი შეიძლება მალე მერაბ ადეიშვილმაც გაიზიაროს, მით უმეტეს, თუ ოქრუაშვილის იმ განცხადებას გავიხსენებთ, რომელიც მან მისი დაპატიმრების პირველ დღეებში გააკეთა: „მართალია, გამოძიება მას ჯერ ნახევარ მილიონს ედავება, მაგრამ ეს თანხა შესაძლოა, 13 მილიონამდე გაიზარდოს.“

თუ გავითვალისწინებთ ახალი პრეზიდენტის პირად ანტიპათიურ დამოკიდებულებებს კონკრეტულ პირებთან, მაშინ შევარდნაძის მინისტრებს, ვისაც ეს აქამდე არ გაუკეთებია, ახლავე მოუწევთ სახლ-კარის გაყიდვა და ქვეყნისთვის ხელის დაქნევაც. თანამდებობის პირთა მიმართ დაუსაბუთებელი ქონების შესახებ კანონი თითოეულ მათგანზე ვრცელდება. ფაქტია, რომ ისინი ქონებას ოჯახის წევრზე, ან ნათესავზე ვერ გადააფორმებენ, რადგან პირდაპირი მითითებით ქონების ჩამორთმევა ასეთი სახის ნათესავებზეც ვრცელდება.

სააკაშვილს შევსებული დეკლარაციების მონაცემების, წესით და რიგით, არ უნდა სჯეროდეს. შესაბამისად, არავინ არის დაზღვეული, რომ ქონების ჩამორთმევას პარტიზანული ხერხებიც უნდა ახლდეს. იმის გამაკონტროლებელი კი არავინ იქნება, თუ რომელი სახლი გადაეცემა საბავშვო ბაღს, რომელი კი ზეპირი მოლაპარაკებით ახალი ჩინოვნიკის სახელზე გადაფორმდება. ზოგიერთები, ვინც ძველი ტენდენციების მიხედვით აზროვნებენ, ეჭვობენ, რომ ამ პროცესის დამცავი მექანიზმი ისევე არ არსებობს, როგორც პროკურატურაში ჩატანილი მილიონების რეალობის გაკონტროლებისაო.