პრემიერის პოსტზე ივანიშვილი, შესაძლოა, ღარიბაშვილმა ჩაანაცვლოს

პრემიერის პოსტზე ივანიშვილი, შესაძლოა, ღარიბაშვილმა ჩაანაცვლოს

მმართველ გუნდს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე საუბარი ნაადრევად მიაჩნია, თუმცა, პოლიტიკურ კულუარებში მთავრობის ხელმძღვანელის შემცვლელის ვინაობა უკვე სახელდება.

როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, ბიძინა ივანიშვილის დიდი ნდობით შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სარგებლობს, რომელსაც კოალიციის ხელმძღვანელი პრემიერობისთვის ამზადებს.

მმართველ გუნდში თუ რას ფიქრობენ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშილის კანდიდატურასთან დაკავშირებით, for.ge ამის გარკვევას შეეცადა.

როგორც for.ge-ს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ განუცხადა, როცა პრემიერი თანანმდებობიდან წასვლას გადაწყვეტს, ამის შესახებ საზოგადოებას თავად ამცნობს და ამ საკითხზე საუბარი ნაადრევია.

„ირაკლი ღარიბაშვილზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია. ის წარმატებული მინისტრია და დარწმუნებული ვარ, ის საკმაოდ წარმატებული პრემიერი იქნება. თუმცა, ამ თემაზე საუბარი ნაადრევია, ისევე როგორც ნაადრევია ყურადღების გამახვილება პრემიერის პოლიტიკიდან წასვლაზე“, - აცხადებს კობახიძე.

საკითხზე საუბრისას, მეორე ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ივანიშვილის პოლიტიკდან წასვლა ძალიან ნაადრევია.

„მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა პოლიტიკაში დარჩენის გარკვეული ვადები არაერთხელ დაასახელა, ეს დამოკიდებულია საზოგადოებაზე. კოალიციის მიმართ მოლოდინი მაღალია და პრემიერი ამ გადაწყვეტილებას ხალხთან ერთად მიიღებს. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, გუნდში ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია და რომელიმე შეირჩევა“, - განუცხადა for.ge-ს აბაშიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის გარდა, კახი კალაძისა და ირაკლი ალასანიას კანდიდატურებსაც მოიაზრებს.

როგორც for.ge-ს საგანელიძემ განუცხადა, ივანიშვილის რჩეული შეიძლება ირაკლი ალასანიაც გახდეს, რომელიც ნიჭიერი და ჩამოყალიბებული პოლიტიკოსია.

„ალბთ, ალასანია კარგი პრემიერიც იქნება, მაგრამ კახი კალაძეც ღარიბაშვილის თანაბარ ვარიანტებში გადის, მაგრამ ამ თემაზე საუბარი არასოდეს ყოფილა. ყველას თავისი აზრი აქვს, თუმცა, ამ საკითხზე გუნდს არ უმსჯელია“, - აღნიშნავს საგანელიძე.

პრემიერ-მინისტრის შემცვლელზე საუბარი, თანაგუნელების მსგავსად ნაადრევად მიაჩნია საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ირინე იმელიშვილსაც.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან ორი-სამი წელი არ წავა.

„პოლიტიკიდან პრემიერის უცებ წასვლასთან დაკავშირებით, საუბარი გადაჭარბებულია. როცა სახელმწიფო მანქანა გამართულად დაიწყებს მუშაობას, პრემიერი პოსტს ამის შემდეგ დატოვებს“, - განუცხადა for.ge-ს იმერლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე ბიძინა ივანიშვილმა ესტონურ გამოცემასთან თავად ისაუბრა და განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თანამდებობას დატოვებს.

„ვაპირებ პოლიტიკა მალე დავტოვო. ოქტომბერში, როგორც კი, სააკაშვილი წავა და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, პოლიტიკაში მხოლოდ რამდენიმე დღე გავრჩერდები. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს. ჩვენ შორის საინტერესო პრეზიდენტი იქნება არჩეული. იდეა მაქვს, ვინ შეიძლება ჩემი ადგილი დაიკავოს. არ მინდა და ეს საქართველოს პოლიტიკისთვისაც ცუდი იქნება, რომ ფსონი მუდმივად ერთ ადამიანზე კეთდებოდეს“, - განაცხადა ივანიშვილმა.