წლეულს მთავრობას მოსახლეობის ზღაპრებით დარწმუნება გაუჭირდება. ქართველი ექსპერტების განცხადებით, სოციალური მდგომარეობა საქართველოში კიდევ უფრო დამძიმდება, იგივეს ამბობს სავალუტო ფონდის წარმომადგენელი ედუარდ გარდნერი. სოციალური მდგომარეობის დამძიმების პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა, მინიმალური შემოსავლისა და უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის ფონზე, ფასები სამომხმარებლო პროდუქტზე თითქმის ყოველ კვირა იზრდება.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ტელევიზიები ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ადამიანების დასაქმებაზე სიუჟეტებს ყოველდღე აშუქებენ მთავრობას დამშეული ხალხის დაჯერება სულ უფრო და უფრო უჭირს.
2010 წლის 3 კვარტლის მონაცემებით, ქვეყანის ეკონომიკა 6,5%-ით გაიზარდა, თუმცა კიდევ უფრო დამძიმდა სოციალური ფონი. თვითმმართველობის არჩევნებამდე მთავრობა რადიკალური ნაბიჯების გადადგმისგან, რაც სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა, თავის იკავებდა. არჩევნების შემდეგ კი ხელფეხგახსნილმა „ნაციონალებმა“ მგზავრობის საფასურიც გაზარდეს, წყლის ტარიფის მატებასაც უმტკივნეულოდ შეხვდნენ და დასუფთავების მოსაკრებლის გაზრდაც არ დააყოვნეს.
იმის გამო, რომ 2011 წელს არც არც თვითმმართველობის, არც საპრეზიდენტო და არც საპარლამენტო არჩევნები ჩანიშნული არ არის, სავარაუდოდ, ხელისუფლება ამგვარ ნაბიჯები კიდევ გადადგამს, რაც ქვეყანაში სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური კი წლის დასასრულს მოსახლეობას ქვეყნის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში არწმუნებდა. პრემიერის თქმით, ცხოვრების დონე ამაღლდა, რადგან 4-ჯერ მეტი ახალი კომპანია დარეგისტრირდა. საშუალო ხელფასი 4-ჯერ გაიზარდა, 2-ჯერ მეტი მოიხმარს მობილურ ტელეფონს, ხოლო 50%-ზე მეტს მანქანა ჰყავს. საიდან მოიტანა პრემიერმა ეს გამაოგნებელი ინფორმაციები უცნობია.
სავალუტო ფონდის წარმომადგენლის ედუარდ გარდნერის განცხადებით, საქართველოში ეკონომიკის მკვეთრი ზრდა უახლოეს მომავალში არ განმეორდება. მისი თქმით, 2007 წელს ეკონომიკის 12%-იანი ზრდა უცხოეთიდან კერძო კაპიტალის შემოდინებით იყო განპირობებული. ამჯერად, ფონდი კერძო კაპიტალის შემოსვლის მნიშვნელოვან ზრდას არ ელის.
2011 წელს სავალუტო ფონდს საქართველოში ეკონომიკის ზრდის კონსერვატიული პროგნოზი აქვს და მხოლოდ 4,5%-იან ზრდას ვარაუდობს. ფონდის შეფასებითვე, ზრდა მთლიანად იქნება დამოკიდებული კერძო სექტორსა და ინვესტიციებზე. საქართველოს მთავრობის საპროგნოზო მონაცემი კი 7 პროცენტს შეადგენს.
სოციალური ფონის დამძიმებას პროგნოზირებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში შოთა მურღულიაც. მისი თქმით, იმისათვის, რომ პრობლემა მეტ-ნაკლებად გადაიჭრას, საჭიროა ინვესტიციების მოძიება და სამუშაო ადგილების შექმნა.
„მომავალი ორი წლის განმავლობაში სიტუაციის რადიკალურად გამოსწორება ძალიან რთული იქნება და, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელიც. სოციალური მიმართულებით ქვეყანაში დიდი წინსვლა ნამდვილად არ გვაქვს. უმუშევრობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შეიცვალა, გაიზარდა ინფლაცია, რასაც არ მოჰყოლია არც პენსიების და არც ხელფასების მატება“, - აცხადებს მურღულია.
მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან, კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ფასების ზრდა, ძირითადად, საკვებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე მოხდა, რაზეც ძალიან მგრძნობიარეა სოციალურად დაუცველი მოსახლეობა.
„მართალია ეკონომიკის ზრდა სოციალურ კეთილდღეობას იწვევს, მაგრამ ეს მაშინვე არ მოხდება, თანაც ამ ზრდის შედეგად, შესაძლოა, უფრო მეტად გამდიდრდეს მდიდარი და ღარიბი ისევ დარჩეს სამსახურის გარეშე. შეიძლება გვქონდეს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ სოციალური ფონი იყოს მძიმე. მაგალითად, ხშირად ვსაუბრობთ სინგაპურის მაგალითზე, სადაც სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალია, ანუ შესაძლებელია, რომ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაშიც სერიოზული სოციალური პრობლემები არსებობდეს“, - ამბობს შოთა მურღულია.
ქართველი და ევროპელი ექსპერტების განცხადებით, მთავრობის ულტრალიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება მოსახლეობის სოციალურ დიფერენცირებას უფრო მკვეთრს ხდის. ბაზარზე იქმნება მონოპოლიური კომპანიები, რომელიც რამდენიმე კლანს ეკუთვნის, შესაბამისად ქვეყანაში აღნიშნული ლიბერალური პოლიტიკის შედეგად გარკვეული კლანები მდიდრდებიან, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი ღატაკდება, ისევე როგორც, ინდოეთში და მთავრობის სანატრელ სინგაპურსა და ჰონგ-კონგში.