ნაცმოძრაობის დასავლელი ფანები დიდ გასაჭირში არიან

ნაცმოძრაობის დასავლელი ფანები დიდ გასაჭირში არიან

შემთხვევითი არ ყოფილა, როდესაც სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი ამაზრზენი ვიდეომასალა შს სამინისტრომ პირველად დიპლომატიურ კორპუსს აჩვენა. ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა დაკავების გამო, საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ, დასავლეთში ეჭვები ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა ამ მასალის ხილვის შემდეგ, დიპლომატებს სავარაუდოდ, შესაბამისი ანალიზი და დასკვნები საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებებისთვის უკვე უნდა გაეზიარებინათ.

რაც მთავარია, ყველასათვის ნათელია, რომ ყოფილი ხელისუფლება ამაზრზენ კადრებს მასობრივი შანტაჟისათვის იყენებდა და სრულიად თვალსაჩინოა, რომ უხეშდ ირღვეოდა დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი - ადამიანის უფლებები.

ვიდეომასალის ნახვის შემდეგ დასავლელი დიპლომატების მხრიდან შესაბამისი შეფასებებიც მოვისმინეთ, სადაც ხაზგასმული იყო, რომ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას ჰქონდა ადგილი და ეს ფაქტები აუცილებლად გამოსაძიებელი იყო.

სავარაუდოდ, საერთაშორისო საზოგადოება უფრო მკვეთრ შეფასებებს გამოძიების დასრულების შემდეგ გააკეთებს, თუმცა ვილნიუსის სამიტის წინ, ყოფილი ხელისუფლების რეანიმაციას რაც უნდა გასაკვირი იყოს, „ნაციონალური მოძრაობის“ დასავლელი მეგობრები კვლავ ცდილობენ.

საკმაოდ უცნაური იყო „ევროპის სახალხო პარტიის“ ბრალდებები, ახალი ხელისუფლების მიმართ, რომელიც კიდევ ერთხელ სწორედ ამ ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ გაკეთდა.

მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, მხარდამჭერებმა და ქომაგებმაც კი, სისტემურ დანაშაულსა და დამნაშავეთა დასჯაზე დაიწყეს ლაპარაკი, „ევროპის სახალხო პარტია“ ჯიუტად ცდილობს, ვილნიუსის სამიტზე საქართველოში მდგომარეობის გაუარესების შესახებ სპეციალური დებატების გამართვას მაღწიოს.

რატომ იცავს ასე თავგამოდებით „ევროპის სახალხო პარტია“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მისი მთავრობის წარმომადგენლებს? - საქართველოში უკვე ბევრ კითხვას ბადებს. ქართველი ექსპერტები და პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მათ ნაციონალთა წინაშე გარკვეული ვალდებულებები აქვთ, რასაც ბეჯითად ასრულებენ.

კითხვები „ნაციონალური მოძრაობის“ დასავლელი მეგობრების შესახებ, ჯერ კიდევ, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე გაჩნდა, როდესაც მაშინდელ მმართველ პარტიას მხოლოდ ევროპაში კი არ შეაწიეს სიტყვა, არამედ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მათ მხარდასაჭერად საქართველოშიც კი ჩამოვიდნენ და ბათუმში მასშტაბური სემინარი გამართეს.

„ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც „სახალხო პარტიას“ „ნაციონალური მოძრაობის“ უპირობო მხარდაჭერა არ შეუწყვიტავს და სრულიად არაობიექტური შეფასებებითა და დასკვნებით საქართველოს საზოგადოების აღშფოთებაც კი გამოიწვია.

ბიძინა ივანიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან ცნობილ მიმოწერაზე შეგვიძლიაბევრი არაფერი ვთქვათ, რადგან ეს ფაქტი მედიაში არც თუ დიდი ხნის წინ, საკმაოდ ფართოდ გაშუქდა. ქართველი ექსპერტები შიშობდნენ, რომ არაობიექტური პოზიციის დაფიქსირების გამო, შესაძლებელი იყო, ქართულ საზოგადოებას დასავლეთისთვის ზურგი შეექცია.

„სახალხო პარტიის“ ყოფილი ხელისუფლებისადმი მხარდამჭერ განცხადებებს პოლონელი დიპლომატის რადოსლავ სიკორსკის საკმაოდ უცნაური განცხადებაც მოჰყვა.  

ევროკავშირის საბჭოს საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სიკორსკი საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებს აკრიტიკებს.

„ვილნიუსის სამიტის წინ, ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრესი შევაფასეთ. ბევრი ქვეყანა წინ მიიწევს, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ორ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა გვაღელვებს, ეს უკრაინა და საქართველოა“, - განაცხადა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ.

როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, საქართველოში შექმნილი მდგომარეობის გამო, ისინი ღელავენ.

„ოპოზიციას საჯაროდ ემუქრებიან პროკურატურით, თუ ისინი არ შეწყვეტენ მთავრობის კრიტიკას. ეს კი, ევროპული სტანდარტების მიხედვით მიუღებელია. ჩვენ ასევე ძალიან შეშფოთებულები ვართ იმ ხალხის დაკავებებით, რომელთა ბრალეულობა სასამართლოს ჯერ არ აქვს დამტკიცებული. ჩვენ ახლა საქართველოში მოვლენათა განვითარების დეტალურ მონიტორინგზე ვმუშაობთ“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ როგორც საქართველოს უახლოესი მეგობარი, იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს შენიშვნებს და გააუმჯობესებს სტანდარტებს.

რადოსლავ სიკორსკი ასევე შეეხო ფარული ვიდეოჩანაწერების საკითხებს, სადაც ადამიანების წამება იყო ასახული. როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ვიდეომასალები ადგილზე უნდა შეაფასონ დიპლომატებმა, საერთაშორისო ინსტიტუტებმა, ევროპის საბჭომ.

„დარწმუნებული ვარ, არსებობს საქმეები, რომელზეც საქართველოს წინა ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს, მაგრამ ის მეთოდი და ის წესები, რომლითაც საქართველოს მართლმსაჯულება ხელმძღვანელობს, აქ – ლუქსემბურგშიც და ბრიუსელშიც, საქართველოს შესახებ აზრს აყალიბებს“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სხვათა შორის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის შვედ კოლეგასთან ერთად არჩევნებამდეც იმყოფებოდა საქართველოში და მაშინდელი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში ყოფილი ხელისუფლების კრიტიკა მაშინდელ ოპოზიციაზე ზეწოლის გამო არც რადოსლავ სიკორსკისგან და არც კარლ ბილდტისგან არ მოგვისმენია.

საკმაოდ რბილი და ლოიალური იყო სიკორსკის ტონი საქართველოს მიმართ ჯერ კიდევ 2010 წელს, როდესაც აცხადებდა, რომ პოლონეთს გადაწყვეტილი ჰქონდა, ყველანაირი დახმარება აღმოეჩინა საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციისათვის. ამავე დროს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საქართველოს „აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი“ მიერთებას და საქართველოს განსაკუთრებულ შეღავათებებს, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის შემოღებაში დახმარებას პირდებოდა.

რატომღაც სააკაშვილის „ბრწყინვალე“ დემოკრატიამ ვერც ევროატლანტიკურ ალიანსში და ვერც ევროსრტუქტურებში ინტეგრაცია ვერ დააჩქარა, თუმცა არც მისი საჯარო კრიტიკა ისმოდა დასავლეთის მაღალი ტრიბუნებიდან.

დღეს, როდესაც ახალი ხელისუფლება წინამორბედის არადემოკრატიულობის დამადასტურებელ ფაქტებს სთავაზობს საერთაშორისო თანამეგობრობას, ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან ეს ოპოზიციაზე პროკურატურის ზეწოლად ფასდება.

თუმცა, ვერც იმას ვიტყვით, რომ საქართველოში მიმდინარე პროცერსების მიმართ მთელი დასავლეთი კრიტიკულია. აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი ყოფილი პრემიერის დაკავებას პოლიტიკურ დევნად არ აღიქვამს.

„როგორც ადრე აღვნიშნე, ნებისმიერ დროს, როდესაც ხდება ყოფილი პრემიერ-მინისტრისადმი ბრალდების წაყენება, თემა სერიოზულია და სერიოზულ ყურადღებას იპყრობს. საქართველოს მთავრობამ აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობის დაცვით აპირებს პროცესის წარმართვას. ასევე, მათ მოიწვიეს უცხოელი დამკვირვებლები. ჩვენ არ ვაყენებთ გამოწვევის ქვეშ სამართლებრივ პროცესს ამ თემაზე“, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ სააკაშვილის მეგობარი დასავლელი პოლიტიკოსები ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის დაკავების ფაქტს რატომღაც მყისიერად არ გამოხმაურებიან, როგორც ეს სააკაშვილის პირველი ჩინოვნიკის, ბაჩო ახალაიას დაკავების შემთხვევაში მოხდა.

როგორც ჩანს, „ევროპის სახალხო პარტიაცა“ და პოლონელი დიპლომატიც ვილნიუსის სამიტის მოახლოებას ელოდებოდნენ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მწვავედ რომ გაეკრიტიკებინათ.

ყველაფრის მიუხედავად, რატომ ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ ევროპელი ფანები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ხელი შეუშალონ და სააკაშვილის გარეშე საქართველოს ევროპაში ჟანგბადი გადაუკეტონ, საკმაოდ უცნაური და გაუგებარია. როგორც წესი, ყველაფერს თავისი ახსნა აქვს, რომელიც, ადრე თუ გვიან, მაინც გაცხადდება - შესაძლოა, ინფორმაცია, ზოგიერთი ევროპელი და ქართველი ჩინოვნიკის საერთო ბიზნესინტერესების შესახებ არც მთლად უსაფუძვლოა, ყოველ შემთხვევაში, კონკრეტული პოლიტიკოსების ქმედებებს ლოგიკის ჩარჩოში აქცევს.