2010 წელი ისე დასრულდა, რომ უძრავი ქონების ბაზარზე მხოლოდ მცირედი გამოცოცხლება შეინიშნებოდა და ისიც – მეორად ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურ კრიზისში მყოფი „ცენტრ-პოინტი“ ეკონომიკურად „მყარად მდგომმა“ „დექსუსმა“ შეიძინა და ამასთან, კომერციულმა ბანკებმა იპოთეკური სესხების გაცემა განაახლეს, 2010 წელი სამშენებლო სექტორისთვის კვლავ რთული იყო. ყოველ შემთხვევაში, თბილისში ისეთი სამშენებლო ობიექტები, სადაც 2008 წლის შემდეგ სამუშაოები ჯერ კიდევ არ განახლებულა, საკმაოდ მრავლადაა.
სამშენებლო სექტორთან დაკავშირებით განსხვავებული მონაცემები აქვს საჯარო რეესტრს, სადაც ირწმუნებიან, რომ 2010 წელს ამ ბაზარზე გარიგებათა რაოდენობა შედარებით გაიზარდა. საჯარო რეესტრის ოფიციალურ მონაცემებით „გადამეტებულს“ უწოდებენ ექსპერტები, თუმცა იმას, რომ ამ სფეროში მცირედი ძვრებია არ უარყოფენ.
ცნობისათვის, ქართულ სამშენებლო სექტორს პირველი დარტყმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა მიაყენა, შემდეგ იყო მსოფლიო ფინანსური კრიზისი, რამაც საბოლოო ჯამში, სიტუაცია უფრო დაამძიმა. მაშინ შეაჩერეს კომპანიებმა მშენებლობები და დღემდე თბილისში საკმაოდ ბევრი კორპუსი ისევ იმ მდგომარეობაშია, როგორშიც 2008 წლის 7 აგვისტომდე იყო.
გასულ წელს სიტუაცია მცირედით გამოსწორდა, თუმცა არა იმ დოზით, როგორც ამას მთავრობაში ამბობენ. ექსპერტები აზრით, ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც სიტუაცია მეტ-ნაკლებად გამოსწორდა ისაა, რომ გაკოტრების პირას მყოფ ქართული კომპანიების მიერ დაწყებული მშენებლობებში უცხოური საინვესტიციო კომპანიები შემოვიდნენ, თუმცა სიტუაციას არც ამან უშველა. ყოველ შემთხვევაში, ობიექტების მშენებლობა აქტიურად არ განახლებულა.
სამშენებლო სექტორის გამოცოცხლებას ხელი არც თბილისის ისტორიული უბნების განახლების პროგრამას - „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ - შეუწყო. სიტუაცია არ დასტაბილურდა არც „ცენტრ-პოინტის“ გაყიდვის შემდეგ. კომპანიის კრედიტორებს პრობლემები ახლა უკვე „ცენტრ-პოინტის“ სამართალმემკვიდრე „დექსუსმა“ შეუქმნა. კერძოდ, საუბარია დღგ-ს გადახდაზე, რასაც კომპანია ითხოვს, კრედიტორები კატეგორიულ უარს აცხადებენ და დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. „დექსუსი“ კი პირობის შეცვლას არ აპირებს და მიაჩნია, რომ კომპანიის მოთხოვნა სამართლიანია.
როგორც ცნობილია, „ცენტრ-პოინტი“ სულ რამდენიმე თვის წინათ გაიყიდა და მისი მფლობელი „დექსუსი“ გახდა. ხელშეკრულების მიხედვით, „დექსუსს“ ქართული სამშენებლო კომპანია სამართავად სამი წლით გადაეცა. მაშინ „დექსუსში“ აცხადებდნენ, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ისინი ყველა ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებდნენ: ბინების შეჩერებულ მშენებლობას ბოლომდე მიიყვანდნენ, გაისტუმრებდნენ „ცენტრ პოინტ ინვესტის“ კრედიტორებსაც და ა.შ. არადა, „დექსუსის“ შესახებ იმ დრომდე, ვიდრე „ცენტრ-პოინტთან“ ხელშეკრულება გაფორმდებოდა, არავინ არაფერი იცოდა.
გარდა „ცენტრ-პოინტისა“ საუბარია კიდევ რამდენიმე ქართულ სამშენებლო კომპანიაზე, სადაც უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, უცხოური კაპიტალი შემოვიდეს. უძრავი ქონების სფეროს ექსპერტი გიორგი ბარვენაშვილი ფიქრობს, რომ გაკოტრების პირას მდგომი კომპანიების მართვაში სხვა კომპანიის შემოყვანა სამშენებლო ბიზნესს გამოაცოცხლებს, რაც თავისთავად უძრავ ქონებზე მოთხოვნას და, შესაბამისად, ფასებსაც გაზრდის.
„რა თქმა უნდა, სამშენებლო ბიზნესში არსებული ვითარება შეიცვლება. უკვე გამოჩნდა რამდენიმე კომპანია, რომელიც შეჩერებულ მშენებლობას გააგრძელებს. ხალხს ექნება იმედი, რომ მათ მიერ შეტანილი თანხა არ დაიკარგება, რის მაგალითიც მრავლადაა. კომპანიაში ახალი მმართველის შეყვანით ძველი ვალდებულებების შესრულება და მშენებლობების ბოლომდე მიყვანა მოხდება. ვერ გეტყვით, რომ ეს ახლავე გამოიწვევს სამშენებლო ბუმს, მაგრამ პროცესების ასეთ განვითარებას არ გამოვრიცხავ.
აქტიურობა განსაკუთრებით თებერვალ-მარტიდანაა მოსალოდნელი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი ცვლილებები ბაზარს გამოაცოხლებს. რაც თავისთვად ბინებზე მოთხოვნის ზრდასა და ფასების აწევას გამოიწვევს. რამდენადაც ვიცი, უცხოური კომპანიებიც არიან დაინტერესებულნი. უკვე ველით, რომ კვირის დასაწყისში ინვესტორები ისრაელიდან ჩამოვლენ. ისინი ამ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას გეგმავენ“, - აცხადებს ბარვენაშვილი.