"დაზარალებული კი არა, დასახიჩრებული ვარ. მე შარშან, 26 მაისს გარდავიცვალე", - მეუბნება მსოფლიო ჩემპიონი ლუკა კურტანიძე, რომელიც შეხვედრაზე იმ პირობით დამთანხმდა, რომ ხალხისაგან მოშორებით ჩაგვეწერა ინტერვიუ, ხალხმრავალ ადგილას მიმძიმს ყოფნაო:
- რაც დრო გადის, სიმარტოვეში მეტ სიმშვიდეს ვპოულობ. ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარეა, რაც გადავიტანე და რაც ხდება საზოგადოდ. ჩემი ცხოვრება 2011 წლის 26 მაისის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. რაც უფრო ახლოვდება ამ თარიღის წლისთავი, უფრო მიმძაფრდება განცდა. მე მაშინ სულიერად დამასახიჩრეს, ლუკა კურტანიძე იმ დღეს გარდაიცვალა. ახლა სხვა ადამიანი ვარ. ახლა ნაკლებად ფერადად მეჩვენება ეს ქვეყანა. ლუკა კურტანიძე იმ დღეს ქართველებმა მოკლეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ამ ხელისუფლების ტაქტიკაა, - რაც უფრო ცნობილია ადამიანი, მით სამაგალითოდ უნდა დასაჯოს, რომ ამ გზით რაც შეიძლება ხალხის დიდი მასა გააკონტროლონ.
იმ დღეს ბევრი დასახიჩრდა სულიერად, როდესაც ჩვენივე თანამემამულეები მოღალატეებს გვეძახდნენ. ხელისუფლების მონებმა იმ დღეს ადამიანობის ზღვარს გადააბიჯეს.
წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, რომ ქართველები ასე გაგვიმეტებდნენ. როდესაც მარტო ვრჩები, ვაანალიზებ ჩემს და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და უფრო მიმძაფრდება ამ უსამართლობასთან შეურიგებლობის განცდა. ამ მარტოობაში ვცდილობ გავძლიერდე და შევძლო ბრძოლა სამართლიანობისთვის. ვცდილობ ჩავიხშო მრისხანება, რომელიც ძალას წამართმევს და ვიპოვო ისეთი ძალა, რაც შემაძლებინებს უსამართლობასთან ბრძოლას. ეს ვითარება თუ არ შეიცვალა, ერში ვეღარ ვხედავ ჩემს ადგილს. ალბათ, ღვთის მსახურებაში ვიპოვი ნუგეშს, ბერად აღკვეცაზე ვფიქრობ. ყოველთვის ასე იყო, - როცა მიზანს დავისახავდი, დიდხანს მივდიოდი ამ მიზნისკენ და შრომის, დიდი ძალისხმევის ფასად ვაღწევდი. ღვთისკენ ჯერ ბევრი ნაბიჯი არ გადამიდგამს, მაგრამ რაც გადავდგი, ყველა მყარია. უმეტეს დროს მონასტრებში ვატარებ შიომღვიმეში, ბორჯომის ხეობაში სხვადასხვა მონასტერში დავდივარ. შვილები (6 შვილი მყავს) და მეუღლე ხშირად მაკითხავენ და მამხნევებენ.
ახლობლები მეკითხებიან, მონასტრულ ცხოვრებას აპირებო? მაგრამ მე ჯერ კიდევ საბრძოლი მაქვს ერში. თავს არ შევადარებ, მაგრამ როდესაც სამშობლოს გაუჭირდა, თორნიკე ერისთავმა გაიხადა ბერის სამოსი, ხმალს მოჰკიდა ხელი და მტრის მოქნეულ ხმალს ხმლით დახვდა. ამასვე გავიმეორებ. ვისაც სისხლი სწყურია, სისხლს მიიღებს, ვისაც სიყვარული - სიყვარულს. ვინც ჩემთვის მოყენებულ ტკივილს მოინანიებს, ვაპატიებ, მაგრამ სინანული, ჯერჯერობით, არავისთვის შემიტყვია..
26 მაისს რა ღონისძიებას გეგმავს "სახალხო კრება"?
- გარდაცვლილებისთვის სამებაში პანაშვიდს გადავიხდით, ცოცხალთათვის კი - პარაკლისს. 4 კაცი 26 მაისის ღამეს დაიღუპა, შეურაცხყოფის, სულიერი და ფიზიკური დასახიჩრებისაგან კი მოგვიანებით - სამი. ჩვენ იმ გარდაცვლილი პოლიციელის სულისთვისაც ვილოცებთ, რომლის სიკვდილიც მომიტინგეებს დაჰბრალდათ.
27 მაისს "ქართული ოცნება" მართავს აქციას, სადაც ყველა ქართველს ეპატიჟება.
- ბიძინა ივანიშვილი როდესაც პოლიტიკაში შემოვიდა, სიხარულითა და დიდი იმედით შევხვდით. გელათიდან სამებამდე ფეხით მსვლელობაც კი მოვაწყვეთ მე და ჩემმა მეგობრებმა ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად. ამით "არა" ვუთხარით იმ უსამართლობას, რომელიც ხელისუფლებამ ჩაიდინა პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლისთანავე. ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს ტალახს ესვრის და ათას სიბინძურეს
კადრულობს, არადა, ეს კაცი წლების განმავლობაში აცმევდა, აჭმევდა და უვლიდა სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურას. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ხელისუფლებაში უმადლო და უმადური ხალხია. ასეთი ხალხი ერისაგან სასტიკ პასუხს მიიღებს. მე, ლუკა კურტანიძე, მთელ საქართველოს მოვუწოდებ, რომ 27 მაისს მივიდეთ თავისუფლების მოედანზე და ვანახოთ ამ უმსგავსო ხელისუფლებას, რომ ერთად ვართ. ამ აქციაზე ყველა პოლიტიკური გაერთიანება ერთად უნდა დავდგეთ. ახლა ბიძინა ივანიშვილის გვერდით არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველას არ მოგვწონს, მაგრამ ისინი შემთხვევით არ მოხვედრილან იქ, მათაც თავიანთი ფუნქცია უნდა შეასრულონ. ბიძინა ივანიშვილი ის კაცი არ არის, შემთხვევით რომ დაიყენებს ვინმეს გვერდით.
ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი რომ მოვიდეს, იმ მთავრობაშიც არ იქნება ყველა იდეალური. უნდა შეიქმნას ე. წ. ბრძენთა საბჭო, რომელიც გააკონტროლებს ხელისუფლებას. ამის აუცილებლობა დამანახა განვლილმა წლებმა. ხომ ნახეთ, ისანი-სამგორის გამგებლის მოადგილემ როგორი ცემა-ტყეპა ატეხა, როდესაც ხალხმა გააკრიტიკა. როდესაც სახელმწიფო მოხელე ქუჩის ბიჭივით იქცევა, მიუღებელია. ბრძენთა საბჭო დაუყენებს ხელისუფლებას საკითხს, რომ ასეთი პირებისგან გაიფილტროს სახელისუფლებო შტოები.
როდესაც ბიძინა ივანიშვილი მიმართავს სრულიად საქართველოს, მას აქვს ამის უფლება განვლილი ცხოვრების, გაკეთებული საქმეების გამო და ადამიანები, რომლებიც ასეთი კაცის გვერდით დგანან, მუდამ უნდა წონიდნენ სიტყვებს, რომ ერთი გაუაზრებელი ფრაზის გამო თავიანთი ლიდერი არ დააზარალონ. მის გვერდით მდგომმა პირებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ სიტყვებს კი არა, მეტყველების ტემბრსაც კი აკვირდება და წონის საზოგადოება.
თქვენ ეს პოზიცია გაქვთ იმის მიუხედავად, რომ თქვენი თანამებრძოლი ნინო ბურჯანაძე და ბიძინა ივანიშვილი უფრო დაპირისპირებულები არიან, ვიდრე თანამოაზრეები.
- როგორც პიროვნება, ჩემთვის უძვირფასესია ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ასეთი იმედი გაუჩინა ქართველ ხალხს. ნინო ბურჯანაძე გულწრფელია, მის თვალზე არაერთხელ მინახავს ცრემლი, როდესაც ლაპარაკობს, ამ ხელისუფლების შესაცვლელად მთელი ოპოზიციის გაერთიანებაა საჭიროო. ის ხედავს ამის აუცილებლობას, რადგან გამოცდილი პოლიტიკოსია. ოპოზიციონერებს შორის კინკლაობა უნდა დამთავრდეს. "სახალო კრების" ყველა წარმომადგენელი თავის ადგილზე, თავისი სიცოცხლის ფასად დადგება საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში.