„სავიზო რეჟიმის გაუქმება ტერორიზმის საფრთხეს ქმნის“

„სავიზო რეჟიმის გაუქმება ტერორიზმის საფრთხეს ქმნის“

„საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ (აფბა) ხელისუფლებას მოუწოდებს სავიზო პოლიტიკას გადახედოს და გადაწყვეტილებები ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის წევრებმა for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთეს.

აფბა-ს პრეზიდენტი, ნოდარ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ორგანიზაცია დაინტერესდა მიგრაციის თემით, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური და პოლიტიკური კუთხით და ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დონეზე დგას იმ საკითხებს შორის, რომლებსაც განვითარებადი და განვითარებული ქვეყნებიც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. ჭიჭინაძის თქმით, აფბა სწავლობს მიგრაციის თემას და ხელისუფლებისთვის გარკვეულ რეკომენდაციებსაც შეიმუშავებს.

აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი, ვლადიმერ ხიხაძე ამბობს, რომ მიგრაციის თემის აქტუალობას უკანასკნელ პერიოდში ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი საფრთხეები განაპირობებს. ხიხაძის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ საქართველოს 114 ქვეყანასთან აქვს გაუქმებული სავიზო რეჟიმი და ამ 114 ქვეყნიდან დიდ ნაწილს საპასუხო რეაგირება არ მოუხდენია (თუკი საქართველოში ამ ქვეყნდებიდან უვიზოდ შემოვლენ, საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყნებში უვიზოდ ვერ ჩავლენ), გარკვეულ ნაწილს კი საერთოდ პასუხიც არ მოუწერია.

„თბილისში ტერაქტის მცდელობის აღკვეთისა და მას შემდეგ, რაც ქართველ სამხედროებზე თავდასხმა განხორციელდა, მაია ფანჯიკიძემ განმარტა, რომ საქართველოს გარკვეული საფრთხეები ემუქრება და საჭიროა სავიზო რეჟიმების გადახედვა მოხდეს იმ მიმართულებით, რომ ქვეყნის უსაფრთხოება დაცული იყოს. საქართველოს პრეზიდენტმა კი მაია ფანჯიკიძის ინიციატივა გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს შეუქმნის ბარიერს. მისი თქმით, უცხოელ ტურისტებს ქვეყანაში უცხოური ვალუტა შემოაქვთ, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. გარკვეულწილად დავეთანხმები მას, რადგან დამატებითი ბარიერი იქმნება ადამიანებისთვის, ვისაც საქართველოში შემოსვლა სურთ“, - აცხადებს ვლადიმერ ხიხაძე და აღნიშნავს, რომ ეს ბარიერი ტურისტებისთვის დაუძლეველი არ იქნება.

მისი თქმით, ბევრ განვითარებულ ევროპულ ქვეყანას და ასევე ამერიკასაც აქვს  სავიზო რეჟიმი, მაგრამ ეს ამ ქვეყნებში ჩასულ ტურისტებს არანაირ პრობლემებს არ უქმნის. ამასთანავე, აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მიუხედავად დაცვის უმკაცრესი ღონისძიებებისა, ამერიკაში მაინც ხდება ტერაქტები. ხიხაძე ასევე აღნიშნავს, რომ ქართველი სამხედროები ამერიკელების მხარდამხარ ISAF –ის მისიაში მონაწილეობენ და ამიტომ ისინი მუდმივად საფრთხეში არიან, ისევე, როგორც საქართველო. ამიტომ აფბა მიიჩნევს, რომ ბევრ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოში ტერორისტების შემოსვლის საფრთხეს შექმნის.

„ჩვენ მომსწრენი ვართ იმისა, რომ საქართველოში ტერაქტების განხორციელების ალბათობა არსებობდა, რაც ქართველმა სამართალდამცავებმა დროულად აღკვეთეს. გავიხსენოთ ასევე უკანასკნელ პერიოდში გაეროს მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოს ტერიტორიაზე (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში) საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას. ჩვენ კი ამ ფონზე მხარს ვუჭერთ, რომ საქართველოში უცხოელები უვიზოდ ჩამოვიდნენ“, - აღნიშნავს ვლადიმერ ხიხაძე.

მისი თქმით, საქართველოში უცხოეთიდან არა მხოლოდ ტურისტები ჩამოდიან, არამედ ადამიანები სასწავლებლად და სამუშაოდაც მოდიან. ამიტომ აუცილებელია, ქართულ მხარეს მათ შესახებ მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, რა მიზნით ჩამოდიან ისინი და ა.შ. აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ თუკი საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში წასვლისას, ჩვენ გვეკითხებიან სად მივდივართ, რამდენი ხნით, რა მიზნით, რომელ სასტუმროში გავჩერდებით და ა.შ. მაშინ საქართველოში ჩამოსული ადამიანების შესახებ საქართველოს რატომ არ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ტერორიზმის საფრთხე, ფაქტობრივად, კარს მოგვადგა.

ვლადიმერ ხიხაძის თქმით, როდესაც სააკაშვილმა ფანჯიკიძის ინიციატივა გააკრიტიკა, თავისი პოზიციის გასამყარებლად პრეზიდენტმა ერთ-ერთ არგუმენტად დაასახელა ის, რომ უცხოელებს საქართველოში ცხოვრებისა და სწავლის უფლება არ უნდა შევუზღუდოთ, რადგან ისინი ქვეყანაში ფულს შემოიტანენ. აფბა-ში კი აცხადებენ, რომ აუცილებელია, ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ სავიზო რეჟიმის გამკაცრება არ ნიშნავს ამ ყველა სიკეთის შეზღუდვას, ეს ნიშნავს იმ დიდი საფრთხეების შეკავებას, რომელიც ქართულ საზოგადოებას ემუქრება საერთაშორისო ტერორიზმისგან, როგორც საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში აქტიურად ჩართულ ქვეყანას, რაც დადასტურდა კიდეც მუქარის ვიდეოების გავრცელებით, ქართულ სამხედრო ბაზებზე გახშირებული თავდასხმებით და ბოლოს ქვეყნის დედაქალაქში მოსალოდნელი ტერაქტით.

აფბა-ში აცხადებენ, რომ სასურველია, საქართველომ ევროკავშირისა და ამერიკის სავიზო პოლიტიკა გაითვალისწინოს, ვინაიდან არც ერთი ქვეყნისთვის სავიზო რეჟიმის არსებობას არ შეუქმნია პრობლემა არც ნატოში და არც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. პირიქით, რაც უფრო დაცულია ქვეყანა და აკონტროლებს ტერორიზმის საფრთხეებს, მით უფრო სასურველი პარტნიორია იგი დასავლეთისთვის. ამასთანავე, აფბა მოუწოდებს ხელისუფლებას, საქართველოს მოქალაქეობის მსურველ უცხოელებისთვის ყოველწლიური კვოტა დაკანონდეს.