ცოცხალი ძალის დეფიციტი რუსეთის არმიაში და თვენახევრის განმავლობაში ერთ ადგილას გაჩერებული ოკუპანტები. რატომ გადავიდნენ ძირითადად თავდაცვით პოზიციაში რუსები უკრაინაში და რა რას ნიშნავს ყირიმში ბოლო ერთ კვირაში რამოდენიმე აფეთქება?
სამხედრო ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ დასავლეთისგან მიღებული შეიარაღების შემდეგ, უკრაინელები ყირიმში არსებული რუსი სამხედროების აეროდრომებს, საწყობებს და ტექნიკას ბოლო რამდენიმე დღეა წარმატებით აფეთქებენ. ასევე გააქტიურებულია ე.წ. პარტიზანული და დივერსიული ჯგუფები, რომელბიც ამ აფეთქებების უკან დგანან. მათი თქმით, რუსებს არმიაში საკამოდ მძიმე სიტუაცია აქვთ, რადგანაც ჯარში როტაცია არ ხდება. მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის ომი დაღლასა და გამოფიტვაზე. ვინც ბოლომდე გაუძლებს და იბრძოლებს, გამარჯვებულიც ის იქნება.
აფეთქებები სევასტოპოლში
18 აგვისტოს, ქალაქის თავზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები დაფრინავდნენ, „როიტერი“ მინიმუმ, ოთხი მძლავრი აფეთქების შესახებ იტყობინებოდა ბელბეკის აეროდრომზე, სადაც რუსული სამხედრო თვითმფრინავების ავიაბაზა იყო განთავსებული. ამ დრომდე უცნობია ავიაბაზის ტერიტორიაზე რუსების რამდენი საბრძოლო თვითმფრინავი იყო კონცენტრირებული. სევასტოპოლის გუბერნატორის განცხადებით, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა ჩამოაგდეს. ასევე რამდენიმე დღის წინ დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე, ჯანკოის მახლობლად, ტექნიკისა და საბრძოლო მასალის საწყობში ძლიერი აფეთქებები ორგანიზებული იყო „ელიტური უკრაინული სამხედრო ნაწილის“ მიერ. ოპერაციის დეტალები და განსაკუთრებით კი დანაყოფის დასახელება არ კონკრეტდება.
ამ დრომდე უკრაინულ მხარეს აფეთქებებში მონაწილეობა არ დაუდასტურებია, თუმცა ოფიციალური პირები მიანიშნებენ, რომ სამხედრო მოსამსახურეების განადგურება შემთხვევითი ინციდენტი არ იყო. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ აფეთქებები ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის მახლობლად, დივერსიის გამო მოხდა.
მეორე აფეთქება კი ქალაქ სიმფეროპოლთან ახლოს მოხდა, სოფელ გვარდეისკოეში, სამხედრო აღჭურვილობის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. რუსული მედიასაშუალებების ცნობით, არსებობს ვერსია, რომ საწყობზე თავდასხმა უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა განახორციელა.
ეს უკვე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მომხდარი მეოთხე მსგავსი ინციდენტია. რამდენიმე დღის წინ სევასტოპილის მახლობლად საკის სამხედრო აეროდრომზე მოხდა აფეთქება, სადაც 60-მდე პილოტი და სამოქალაქო პირი დაიღუპა, ხოლო 100 ადამიანი დაშავდა. რუსული მხარე ამაზე ოფიცილურ ინფორმაციას არ ავრცელებს.
რას ნიშნავს ყირიმზე დაწყებული შეტევა
საქართველოს გაერთიანებეული შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე აცხადებს, რომ უკვე რამდენიმე კვირაა უკრაინის შეირაღებული ძალები გადასულია ყირიმზე მიზანმიმართულ შეტევებზე და დარტყმებზე. ბერიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ეს კეთდება იმისთვის, რათა მტრის ლოჯისტიკური ხაზების განადგურება მოხდეს, რათა მათ ფრონტის ხაზზე საბრძოლო მასალებით ჯარის მომარაგება ვერ შეძლონ.
„თითქმის ყირიმში მდებარე ყველა საწყობების დაბომბვა მოხდა, სადაც ოკუპანტების საწყობები განადგურდა. ეს არის გრძელი ომი, რომელიც ორივე მხარის გამოფიტვასა და გაძლებაზე იქნება. თუმცა თუ იმ ფაზას გადავხედავთ, როცა რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებით გადაჯგუფდა, ჩვენ ვხედავთ, ოკუპანტების შეტევებს უკრაინა ამ ხნის განმავლობაში წარმატებით იგერიებს და ისინი ერთ ადგილას არიან გაჩერებულები. რუსებს, რა თქმა უნდა, სარაკეტო შეიარაღებაში და არტილერიაში უპირატესობა გააჩნიათ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ნელ-ნელა, სათანადო პასუხს უკრაინელებიც სცემენ.
რაც შეეხება ყირიმში მიმდინარე მოვლენებს, რუსები სამხრეთ ფრონტს და ხერსონის მიმართულებას სწორედ ნახევარკუნძულიდან ამარაგებს. ამიტომაც უკრაინა ყირიმში მდებარე სამხედრო ობიექტების დაბომბვას ახდენს. გარდა ამისა, ყირიმს აქვს უდიდესი სტრატეგიული და პოლიტიკური დანიშნულება. რუსებისთვის ნახევარკუნძულის კონტროლი მნიშვნელოვანია, რომ შავ ზღვაში დომინირება შეძლოს. ასევე, ამ დაბომბვების შემდეგ შავი ფლოტი გადამალეს, არსად აღარ ჩანან. ნელ-ნელა, მეთოდურად, უკრაინელები შეძლებენ, რომ რუსებმა შავი ზღვიდან უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმები ნაკლებად განახორციელონ“, - ამბობს პოლკოვნიკი.
მისივე თქმით, უკრაინა დასავლეთიდან რაც უფრო მეტ იარაღს მიიღებს, მისი უპირატესობა ფრონტის ხაზზე გაიზრდება. ესკალაცია ძალიან ფრთხილად და დეტალურად მიმდინარეობს. ასეთ ომში სწრაფი ესკალაცია არ ხდება. ასევე ბევრი უკრაინული ქვედანაყოფი უკვე მომზადებას ამერიკაში და დიდ ბრიტანეთში გადის. ამიტომ უკრაინას რუსეთთან შედარებით ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, გაცილებით კარგი მდგომარეობა აქვს, უფრო მომზდაბეული და მოტივირებულია.
„რუსებს ყველაზე დიდი პრობლემა ცოცხალ ძალაში აქვთ. მათ არ ჰყავთ კარგად მომზადებული პირადი შემადგენლობა. ომში ძირითადად ჩეჩნები და ჩრდილოკავკასიელები იღუპებიან. თუმცა პუტინი მიუხედავად რესურსის არარსებობისა არ აცხადებს. ეს რომ გააკეთოს, ის დიდ რუსულ ქალაქებს შეეხება. ეს კი შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს. ერთია, როცა ვიღაც რუსი გამოდის და გულზე მჯიღს იცემს და მეორეა, როცა მას ასეთ სასტიკ ომში ჩართავენ, მერე სხვაგვარად ილაპარაკებს. ეს ომი მანამდე გაგრძელდება, სანამ რუსული საზოგადოება ამას მტკივნეულად არ აღიქვამს. როდის მივა ეს პრობლემა რიგით რუსებამდე?
ჩვენ ვნახეთ, რომ კიევის აღება ვერ შეძლეს, იგივე ხარკოვის და სუმის მიმართულებაზე ვიხილეთ. ზუსტად იგივე სცენარით სხვა მიმართულებებიდანაც მათი უკან დახევა მოხდება. რა თქმა უნდა, რუსეთი ძალიან დიდი ქვეყანაა და ძლიერი სამხედრო მრეწველობა აქვთ. თუმცა უხარისხო, რომელიც დასავლეთს ჩამორჩება. სანქციები გამო, ბევრ მიმართულებაზე პრობლემა შეექმნებათ. ასევე ამ დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნება დასჭირდებათ, რომელსაც კარგად მომზადებული პირადი შემადგენლობა სჭირდება. ამ ბანდიტებით, ციხიდან გამოყვანილი და ქუჩიდან მოკრეფილი ხალხით, პოზიციებს ვერ შეინარჩუნებენ“, - ამბობს პოლკოვნიკი.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი გიორგი კობერიძე კი for.ge-სთან აცხადებს, რომ ახლა რასაც უკრაინა ყირიმის მიმართულებით აკეთებს, არ სჭირდება მძიმე საარტილერიო შეტევა, რადგანაც კუნძულზე რუსებს იმ რაოდენობის ტექნიკა და საბრძოლო მასალები აქვთ განთავსებული, ერთი დეტონაციაც რომ მოხდეს, ყველაფერი ერთმანეთის მიყოლებით ფეთქდება. პროფესორი ამბობს, რომ უკრაინელებმა სამი მნიშვნელოვანი წერტილის განადგურება უკვე შეძლეს.
„ყირიმში ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი შოკის ეფექტია. რუსები ამბობდნენ, რომ ყირიმს თუ ვინმე შეეხებოდა, პასუხი კატასტროფული იქნებოდა. აღმოჩნდა ყირიმზე შეხება კი არ მოხდა, არამედ ამ შეტევებს მასიური და განმეორებით სახე ექნება. რუსეთი ამაზე დამატებით პასუხს ვეღარ მოახდენს. მათ ტაქტიკური ბატალიონების აბსოლუტური უმრავლესობა ფრონტის ხაზზეა გადასული. 2 კვირის წინ ხერსონის მიმართულებით არსებული ფრონტის ხაზი საკმაოდ დიდი რაოდენობის ცოცხალი ძალით გაამაგრეს. მერიტოპოლში ძალიან დიდი რაოდენობით პარტიზანები მოქმედებენ. სხვათა შორის ეს არის ძალიან უცნაური ქალაქი. რუსების თავდაპირველ შემოსვლას ქალაქის მოსახლეობის ნაწილი დადებითად შეხვდა. თუმცა მოკლე ხანშივე ძლიერი პარტიზანული მოძრაობა ვიხილეთ. მის ირგვლივ არსებული სოფლები ძალიან სწრაფად შეიარაღდა და ეს მოსახლეობა უკრაინულ არმიას რუსებზე სამიზნეს ასწორებინებენ, ან რუსული მძიმე ტექნიკის განადგურებაში უშუალოდ არიან ჩართულები. ჩვენ ვიხილეთ, რომ რუსებმა ქალაქიდან ოჯახების გაყვანა დაიწყეს“, - ამბობს პროფესორი.
რაც შეეხება ჯარში ცოცხალი ძალის დეფიციტს, კობერიძე ამბობს, რომ ოკუპანტებმა ლუგანსკში და დონეცკში კარდაკარ დაიარეს, რათა ადგილობრივი მცხოვრების ჯარში იძულებით წაყვანა მოახდინონ. მისი თქმით, ამ ადამიანებს რუსები პირდაპირ „ხორცსაკეპში“, ფრონტის წინა ხაზზე ყველანაირი გადამზადების გარეშე უშვებენ. მოსახლეობა ხედავს, რომ მანამდე 5 ასეთი გაწვევის ტალღა იყო და უკან არავინ დაბრუნებულა. ამიტომაც ამ რეგიონებში ომში საკუთარი ნებით წამსვლელთა რიცხვმა იკლო. რუსების წინსვლა თვენახევარია ყველა მიმართულებით შეჩერებულია.