სკანდალური ვიდეოფირები ევროსაბჭოშია

სკანდალური ვიდეოფირები ევროსაბჭოშია

ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი სკანდალური ვიდეოფირების შესახებ ინფორმაცია ევროსაბჭოს საპარლმენტო ასამბლეის პრეზიდენტს გააცნეს. დეპუტატი თინა ხიდაშელ უკვე შეხვდა ჟან კლოდ მინიონს, რომელსაც გააცნო ყველა ის სიახლე, რასაც ქვეყანაში აქვს ადგილი და მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც გამოძიების მიმდინარეობის კვალდაკვალ ხდება ცნობილი. 

„როგორც იცით, ჩანაწერები თან მაქვს წამოღებული. ბუნებრივია, ჩვენ შევთავაზეთ, რომ თუკი ეჭვი ეპარებათ ჩვენ ნათქვამში, შეუძლიათ, საკუთარი თვალით ნახონ, მაგრამ ჯერ ასეთი ეჭვი არავის გამოუთქვამს. იმედი გვაქვს, რომ აქ ამ ვიდეოების ჩვენება საჭირო არ გახდება“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.

სკანდალურ კადრებთან დაკავშირებით შს სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. გარდა ამისა, როგორც ირკვევა შს სამინისტრო მხოლოდ პირადი ცხოვრების ამსახველი იმ მასალების განადგურებას განიხილავს, რომელიც დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს. საუბარია მასალების იმ კატეგორიის განადგურებაზე, სადაც გადაღებული ან ჩაწერილია პოლიტიკოსების, პარტიული ლიდერების, მედიის წარმომადგენლების და საზოგადოების აქტიური წევრების პირადი ცხოვრების დეტალები და მათი საუბრები. ეს მასალები არანაირ კავშირში არ არის რომელიმე საქმის გამოძიებასთან და მათი შეგროვება ხდებოდა მხოლოდ შანტაჟის მიზნით. 

რაც შეეხება მასალებს, სადაც ასახულია ადამიანების წამება, გაუპატიურება თუ სხვა სახის ზეწოლა, ანუ დანაშაული, მათი განადგურება არ იგეგმება. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის ერთ-ერთი წევრის განცხადებით, მასალების კლასიფიკაციის, პარალელურად აუცილებელია საზოგადოებამ მიიღოს პასუხი - საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან, რომელსაც მფარველები მაღალ პოლიტიკურ წრეებში ჰყავდა, თუ სადისტების ჯგუფის ქმედებასთან.

ამასთან, როგორც ცნობილია უკანონოდ გადაღებულ ფარულ ჩანაწერებზე ანალიტიკური დოკუმენტის შექმნა მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფოკუს ჯგუფების მიერ მიმდინარეობს ანალიტიკური დოკუმენტის შექმნა იმის შესახებ, თუ ვის მიმართ რამდენი ფაილი არსებობს, რამდენი ჩანაწერია პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან და სხვა პროფესიის პირებთან მიმართებაში.

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის ერთ-ერთი წევრის, კახა კახიშვილის განცხადებით, ეს ნიშნავს იმას, რომ 12 888 ფაილის შესახებ გაკეთდება ცნობა.

„მაგალითად 300 ფაილი იყო პოლიტიკოსებზე და ასახავდა თვალთვალს პოლიტიკური პარტიების ლიდერებზე, იყო 200 სატელეფონო მოსმენა, პირობითად 300 მასალა იყო ჟურნალისტებზე, მაგალითად არსებობდა 100 სქესობრივი აქტის ამსახველი მასალა, ოღონდ გვარებისა და სახელების მითითების გარეშე. ეს კეთდება იმისთვის, რომ დაახლოებით ვიცოდეთ, ვის მიმართულებით იყო უფრო მეტი დაინტერესება სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან და ვის უფრო ინტენსიურად აკვირდებოდნენ“, - ამბობს კახიშვილი.

მისივე თქმით, დოკუმენტი კოდირებული სახით, შემდეგ, ალბათ, საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. მისივე თქმით, არასერიოზულია იმის თქმა, რომ ეს ფირები არავის ჰქონდეს ნანახი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში იქნება ადამიანი, რომელიც ამ ფირებს ნახავდა. ვერ გეტყვით შს სამინისტროში ზუსტად რამდენ პირს შეიძლება ფარული ჩანაწერები ჰქონდეს ნანახი,“ - აცხადებს კახა კახიშვილი.

აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრებს ჩანაწერები არ უნახავთ, თუმცა როდესაც ანალიტიკური დოკუმენტი შემუშავდება, შეიძლება კომისიის წევრებს ჰქონდეთ საშუალება, რომელიმე მასალას გაეცნონ, ოღონდ დაშტრიხული სახით და სახეები აბსოლუტურად დაფარული იქნება.

რაც შეეხება მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ღარიბაშვილის უწყებამ უნდა გაუგზავნოს შეტყობინება ყველა იმ პირს, რომელზეც ფარული მასალები არსებობს და უთხრას, რომ მის შესახებ ასეთი ჩანაწერი არსებობს, კახიშვილი თვლის, რომ ეს არასწორი იქნება, რადგან საზოგადოების აზრი ფორმირებულია, რომ ამ 12 888 მასალაში მხოლოდ და მხოლოდ სექსუალური ხასიათის მასალებია.

„არაბუნებრივია და ახლა წარმოიდგინეთ, რომ შინაგან სასქმეთა სამინისტრომ დაიწყოს წერილების გაგზავნა, რომ შენზე მასალაა, ვიღაცეები იფიქრებენ, რომ სექსუალური სახის მასალაა და ეს გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს. თუ კონკრეტულად რომელიმე ადამიანს თვითონ აინტერესებს, არის თუ არა მასზე ფარული ჩანაწერი, უფლება აქვს, მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილით და ჰკითხოს, არის თუ არა მასზე მასალა და თუ განადგურდა ის. თუ გამოძიების ფარგლებში საჭირო გახდა, რომ ამ ადამიანმა ნახოს მასალა, თვითონ გამომძიებელი მიიღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს ვერც კომისია და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს გამომძიებლის გადასაწყვეტი იქნება,“ - აცხადებს კახი კახიშვილი. 

გარდა ამისა, სპეციალურად შექმნილი კომისია პრეზიდენტს ამ ჩანაწერების ნახვას სთავაზობს. გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში ამბობს, რომ თუ კი პრეზიდენტმა არ იცის, რა ხდებოდა მისი მმართველობის პერიოდში ამ კუთხით, მას აქვს საშუალება, რომ მივიდეს და გაეცნოს მასალებს. მისივე თქმით, აუცილებელია შეიქმნას საპარალმენტო კომისია, რომელიც პოლიტიკურ გამოძიებას ჩაატარებს.

„პარლამენტმა უნდა შექმნას კომისია, რომელიც უშუალოდ ჩაერთვება პროცესებში. ჩვენ უფრო ღია პროცესები გვჭირდება, ვიდრე უბრალოდ გამოძიება. გარდა საქმის პოლიტიკური და სისხლის სამართლებლივი გამოძიებისა, აუცილებელია, განხორციელდეს საკანონდებლო ცვლილება და კანონით გათვალისწინებული სასაჯელი გამკაცრდეს. პარლამენტმა სასწრაფოთ უნდა შეცვალოს კანონი და შემდეგ შემუშავდეს საპარლამენტო, სასამართლო და სამოქალაქო კონტროლის საშუალებები, რომ მომავალში მსგავსი სისასტიკის წინაშე აღარ აღმოვჩნდეთ“, - ამბობს ლაშა ტუღუში.