ოქტომბერში ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა საფრთხეებს შეიცავს

ოქტომბერში ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა საფრთხეებს შეიცავს

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ესტონეთის მედიის ერთ–ერთ წარმომადგენელს postimees.ee–ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თანამდებობას დატოვებს.

„ვაპირებ მალე დავტოვო პოლიტიკა. როგორც კი სააკაშვილი წავა და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში, მხოლოდ რამდენიმე დღე გავრჩერდები პოლიტიკაში. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს. ჩვენ შორის საინტერესო პრეზიდენტი იქნება არჩეული. გვყავს ძალიან კარგი პარლამენტის სპიკერი. მაქვს იდეა, ვინ შეიძლება ჩემი საკუთარი ადგილი დაიკავოს. არ მინდა და ეს საქართველოს პოლიტიკისთვისაც ცუდი იქნება, ფსონი მუდმივად ერთ ადამიანზე კეთდებოდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი სამი თანამდებობის გარდა, მჯერა, რომ ისინი სუფთა ადამიანები, დემოკრატები იქნებიან. აუცილებელია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, დამოუკიდებელი მედია, ახალი სისხლია საჭირო“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მოგვიანებით, მან ამ განცხადებასთან დაკავშირებით ქართველ ჟურნალისტებთან გააკეთა განმარტება. ივანიშვილის თქმით, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება იქნება და მთავრობას მისი დახმარება აღარ დასჭირდება. პრემიერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დარჩება შეკითხვები და იქნება საშიშროება, რომ მთავრობიდან მისი წასვლით მთავრობის, ან ქვეყნის განვითარებას რაიმე საფრთხე დაემუქრება, ის არსად წავა. პრემიერ-მინისტრმა ამ კონტექსტში ყურადღება მთავრობიდან საზოგადოებრივ სექტორში მის გადანაცვლებაზე გაამახვილა და ამის საჭიროებაზე ისაუბრა. მან განმარტა, რომ პოლიტიკაში მოსვლისთანავე განაცხადა, რომ პოლიტიკაში ორიდან სამ წლამდე დარჩებოდა. ივანიშვილის თქმით, პოლიტიკიდან მისი წასვლა ქვეყნიდან წასვლას არ ნიშნავს და იგი სირთულეებს, პასუხისმგებლობას და საკუთარ დაპირებებს არ გაურბის.

„პოლიტიკადან ჩემი წასვლა იმ შემთხვევაში მოხდება, როცა აღარ იქნება საჭიროება მთავრობაში ჩემი ყოფნის და საჭირო იქნება უფრო რთულ პროცესებში ჩართვა, რასაც საზოგადოების განვითარება ჰქვია. მთავრობა, მისი შტოები, პარლამენტი, სასამართლო - ეს ყველაფერი საზოგადოების ნაწილია. საზოგადოების ნაწილი არიან ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მარტო მთავრობის – საზოგადოების ამ ერთი ნაწილის განვითარებით ვერ შევძლებთ მთლიანად ქვეყნის განვითარებას. ამიტომ ვისურვებდი, რომ ჩემი დარჩენილი ცხოვრება საზოგადოების განვითარებას მოვახმარო. ჩემი გუნდის წევრებს განვუმარტავ კარგად, რომ ჩემი წასვლით არაფერი დაზიანდება და მხოლოდ პლუსი იქნება იმაში, რომ პოლიტიკიდან გავალ, მაგრამ თუ დარჩება კითხვები და იქნება საშიშროება, რომ მთავრობას ან ქვეყნის განვითარებას პოლიტიკიდან ჩემი წასვლით რაიმე დაემუქრება, რა თქმა უნდა, არსად წავალ“, - აცხადებს პრემიერ მინისტრი.

მისი თქმით, სამოქალაქო სექტორში გასვლის შემდეგ იქნება თავდაუზოგავი.

ივანიშვილის განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი გამოეხმაურა. ელჩი დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი თანამდებობას იმ პირობებში დატოვებს, როცა ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა უზრუნველყოფილი იქნება.

„პრემიერმა ძალზედ ნათლად განაცხადა, რომ გეგმავს, დატოვოს ოფისი, მაგრამ გააკეთოს ეს იმ პირობებში, როდესაც მოხდება პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას“, - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

რამდენად მიზანშეწონილია ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა, არის თუ არა მზად ამისთვის მმართველი გუნდი და მთლიანად ქვეყანა, ასევე როგორ შეიძლება ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა აისახოს ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებაზე, ამ კითხვებით ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს მივმართეთ.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის ასე მალე პოლიტიკიდან წასვლა საფრთხის შემცველია არა მხოლოდ მისი კოალიციისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, თუმცა ექსპერტი დასძენს, რომ მასში გარკვეულ სიმშვიდეს იწვევს ის ფაქტი, რომ ამგვარ განცხადებებს მოსდევს ხოლმე განმარტება ივანიშვილის მხრიდან. ცისკარიშვილის თქმით, პრემიერის განცხადება სიახლე შეიძლებოდა ყოფილიყო ესტონური მედიისთვის, ხოლო ქართულ საზოგადოებას ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება ადრეც მოუსმენია. მართალია, ადრე თვე არ დაკონკრეტებულა, ასევე არ დასახელებულა მისი სავარაუდო შემცვლელის ვინაობა, თუმცა ყველა ასეთ განცხადებას მოსდევდა ხოლმე განმარტება, რომ პრემიერის პოლიტიკიდან წასვლის წინაპირობა იქნება ქვეყანაში იმ რეალობის შექმნა, რომლისთვისაც ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა. ამჯერადაც ასეთი კომენტარი გაკეთდა და სოსო ცისკარიშვილის თქმით, შეიძლება კამათი მხოლოდ იმაზე, შეძლებს თუ არა ივანიშვილი ნოემბრისთვის იმ რეალობის შექმნას, რომელიც მას სიმშვიდეს მოჰგვრის და სიმყარეს შესძენს იმ დემოკრატიულ საფუძვლებს, რომელზეც ქვეყანა უნდა განვითარდეს.

 „აქ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გაგვაჩნია, თუმცა პროცესების შეფასებისას მე შეიძლება პესიმიზმის მეტი ხარისხი მქონდეს, ვიდრე პრემიერ-მინისტრს. ეს სუბიექტური შეფასებებია, ფაქტი კი, ჯერჯერობით, ის არის, რომ სამართლიანობას, დემოკრატიას სერიოზული დახმარება სჭირდება იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ფეხი მყარად მოიკიდოს. ამისთვის კი აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს საშუალო ფენის, ე.წ. მესამე კლასის არსებობა, რისი ნიშანიც ჯერ არ ჩანს“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

მისი თქმით, ჩვენი საზოგადოების თვითკმარი ნაწილი ძალიან მცირეა საიმისოდ, რომ ქვეყანაში გამეფებულ სიღარიბეზე გავლენა მოახდინოს. ექსპერტი ამბობს, რომ ქვეყანაში საშუალო ფენის ჩამოყალიბების გარეშე დემოკრატიის განვითარება საკმაოდ პრობლემურია, თვითონ ეს პროცესი კი ძალიან ხანგრძლივი და რთულია. ამიტომ ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ეს ქვეყნის განვითარებას გარკვეულ საფრთხეს უქმნის, მაგრამ ექსპერტი იმედოვნებს, რომ იმ დროისთვის, როდესაც ივანიშვილი ამ ნაბიჯს გადადგამს, ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები ბევრად ნაკლები იქნება.

„გასათვალისწინებელია ისიც, რომ ივანიშვილი არსად წასვლას არ აპირებს. მას განზრახული აქვს, სამოქალაქო საზოგადოებაში მიმდინარე პოზიტიური პროცესების აქტიური მხარდამჭერი იყოს, თუმცა საქართველოში ვერასოდეს დამყარდება დენ სიაოპინის, ან ჰომეინის მიერ დამყარებული რეჟიმი და გარკვეული კონკრეტული თანამდებობისა, თუ პასუხისმგებლობის გარეშე, ვერავის ექნება გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე“, - აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი.

პოლიტიკური ექსპერტი ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა არსებობდეს შესაბამისი ინსტიტუციონალური გარემო იმისთვის, რომ ისეთი ფიგურა, როგორიც ბიძინა ივანიშვილია და რომელიც საზოგადოების უდიდესი ნდობით სარგებლობს, პოლიტიკიდან წავიდეს. ამიტომ ექსპერტი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის ასე მალე პოლიტიკიდან წასვლა მიზანშეწონილი არ იქნება, მაგრამ მისი განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ პრემიერი საპრეზიდენტო არჩევნებიდან 2-3 დღეში დატოვებს პოლიტიკას.

„მე წარმომიდგენია ასე - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავა მაშინ, როდესაც ინსტიტუციონალური გარემო იმ დონეზე იქნება ჩამოყალიბებული და საზოგადოებას საკმაო ნდობა ექნება სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რათა ამის შემდეგ ამ ინტიტუტებმა გააგრძელონ ქვეყნის მართვა“, - აღნიშნავს ბექა ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, თუკი ივანიშვილი სამოქალაქო სექტორში წავა და იქიდან დაიწყებს მოღვაწეობას, ეს არ იქნება მიზანშეწონილი, რადგან ეს ფაქტორი გააძლიერებს არაფორმალურ დინებებს და გავლენებს, რაც ქართულ პოლიტიკას ასე ახასიათებს. ეს კი ნაცვლიშვილის თქმით, საკმაოდ ნეგატიური მოვლენა იქნება. ამიტომ ექსპერტი იმედოვნებს, რომ ივანიშვილი მას შემდეგ წავა პოლიტიკიდან, რაც შესაბამის ინსტიტუციონალურ გარემოს შექმნის.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ თუკი ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ წავა პოლიტიკიდან, იგი დატოვებს დაპირისპირებულ, ურთიერთუნდობლობით და სიძულვითი გამსჭვალულ მოსახლეობას.

„ივანიშვილმა ისე ააგორა კონკრეტული დანაშაულებების ირგვლივ დისკურსი და საზოგადოებრივი აზრი, რომ არავინ არავის აღარ ენდობა და ყველა ერთმანეთზე არის გადაკიდებული. ამით იამაყოს და წაბრძანდეს თუ უნდა“, - ამბობს დავით დარჩიაშვილი.