ქართული პოლიტიკა ტყავში ვეღარ ეტევა. მან უკვე ევროპის სასტუმროების ნომრებსა თუ ფოიეებში დაიდო ბინა. ლისაბონური სასტუმრო "ტიარას" ამბავი ყველამ იცით. ამჯერად უკვე პარიზის "პარკ ჰაიატი ვანდომის" ჯერი დადგა.
იყო დრო, როცა ირაკლი ოქრუაშვილი დათა ახალაიას უფროსი იყო და მას შეფის კაბინეტში შესვლისას აკანკალებდა. შემდეგ დადგა მომენტი, როცა ოქრუაშვილი 2007 წლის აქციებისას დათას ძმას, ბაჩოს ურეკავდა და ეუბნებოდა, დამნიშნოს მიშამ პრემიერ-მინისტრად და ხალხს დავშლიო. მერე უკვე პარიზში, ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და მოქმედი თავდაცვის მინისტრის ძმის გზები გადაიკვეთა.
ერთ მშვენიერ დღეს "პარკ ჰაიატი ვანდომის" ტერიტორიაზე გაემიგრანტებული ოქრუაშვილი შეხვდა დათა ახალაიას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გიორგობიანს, მეტსახელად "გლობუსას" და ერთ უცნობ პირს.
შეხვედრა თავპირისმტვრევით დასრულდა. ეს რომელიმე ევროპელ პოლიტიკოსს რომ დამართოდა, ატყდებოდა სკანდალი, რაც ამ პოლიტიკოსის კარიერის დასასრული იქნებოდა. მაგალითად, შვეიცარიის ერთ-ერთი მინისტრი იმიტომ მოხსნეს, რომ მეზობლებს უკმეხად ექცეოდა, მაგრამ ქართული პოლიტიკის თავისებურებებიდან გამომდინარე, ის კი არ არის მთავარი, რომ ჩხუბი მოხდა, არამედ ის, ვინ ვის სცემა - ოქრუაშვილმა ახალაიას თუ პირიქით.
მაგალითად, ოქრუაშვილის თანაპარტიელები ამტკიცებენ, რომ ჩხუბის შემდეგ ახალაია საავადმყოფოში გადაიყვანეს და მან შიშისაგან სასტუმროში გამოჩენა ვეღარ გაბედა.
სამაგიეროდ, არსებობს სხვა ვერსიაც: კერძოდ, ოქრუაშვილი აქეთ გახდა საავადმყოფოში გადასაყვანი. უცნობია, ჩხუბში მონაწილეობდა თუ არა "გლობუსა", გაახსენდა თუ არა მას, რომ ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელია და აღმოუჩინა თუ არა დახმარება დაშავებულებს.
ჩხუბის დაწყების მიზეზიც ორი ვარიანტია: "ქართული პარტია" ამტკიცებს, რომ ოქრუაშვილი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვს ასეირნებდა და მთვრალმა ახალაიამ მას შეურაცხყოფა მიაყენა.
კანცელარიის დერეფნებში კი ჩურჩულებენ, ჩხუბი იმიტომ დაიწყო, რომ ემიგრანტმა ცუდად მოიხსენია ახალაიაც, მისი ოჯახიც და უფროსიცო. ვერსია ბევრია, ფაქტი ერთი - ჩხუბი მოხდა და ამაში ვერ გადაგვარწმუნებს სასტუმრო "პარკ ჰაიატ ვანდომის" ადმინისტრაციის მტკიცება, რომ არაფერი მომხდარა და მათ ინფორმაცია არა აქვთ. ეს სასტუმრო პრესტიჟულია და მას მსგავსი ინფორმაციის გახმაურება იმიჯის შელახვად მიაჩნია. ისე, ამ სასტუმროში ღამის გათენება მინიმუმ 1.000-1.500 ევრო ღირს. ალბათ, იმასაც არ დაიჯერებს არავინ, რომ ახალაია, გიორგობიანი და მათი ინკოგნიტო მხლებელი იქ თავიანთი ხარჯით იყვნენ.
ისე, ეს ჩხუბი ორივე მხარეს ხელს აძლევს. მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილმა შესაძლოა საფრანგეთში კიდევ უფრო გაიმყაროს პოლიტდევნილის სტატუსი და ამტკიცოს, რომ მას ხელისუფლების წარმომადგენლები თავს დაესხნენ.
თუმცა, ერთი წუთით... დათა ახალაია ოფიციალურად არ არის ხელისუფლების წარმომადგენელი. მას, უბრალოდ, მიხეილ სააკაშვილი ვერ ელევა და ამიტომაცაა, რომ შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს სამი წლის განმავლობაში თავმჯდომარე არა ჰყავს. ახალაიას სამი წლის წინ უფლებამოსილება შეუჩერეს და, ალბათ, ელოდებიან მომენტს, რომ მისი თანამდებობაზე აღდგენა ისე შემოგვაპარონ, როგორც ნაგვის მოსაკრებლის გაძვირება(!).
საფრანგეთის პოლიციამ ეს არ იცის. ამიტომაც ოქრუაშვილმა ოდნავ სხვანაირად უნდა დაუხატოს სურათი. კერძოდ, უთხრას, რომ მას თავს დაესხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგობიანი (ანუ ხელისუფლების წარმომადგენელი), რომელსაც თან ახლდა მოქალაქე დათა ახალაია და უცნობი პირი.
უფრო კარგად აქვს საქმე ახალაიას. პრეზიდენტის კარზე კარგ ტონად ითვლება, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტს წიხლქვეშ გაიგდებ, ამ მიზეზით არაერთი დაწინაურებულა.
როდესაც ოქრუაშვილი, ახალაია და ლეგენდარული უცნობი პარიზში ერთმანეთს უტყაპუნებდნენ, მაშინ მიხეილ სააკაშვილი ყვარელში ველოსიპედით სეირნობდა. მას, ალბათ, მაშინვე მოახსენებდნენ, რაც მოხდა. ჩვენ არ ვიცით, გადმოვარდა თუ არა პრეზიდენტი სიხარულისგან ველოსიპედიდან, მაგრამ ფაქტია - დათა ახალაიას კარიერული წინსვლა გარანტირებული აქვს.