„თუკი საქართველოს მთლიანი მიწოდება თხილის გლობალური ბაზრისთვის წელს 60 ათასი ტონა იქნება, ქვეყანა მსოფლიოში მეოთხე ადგილს დაიკავებს“

„თუკი საქართველოს მთლიანი მიწოდება თხილის გლობალური ბაზრისთვის წელს 60 ათასი ტონა იქნება, ქვეყანა მსოფლიოში მეოთხე ადგილს დაიკავებს“

ფერმერები თანდათან თხილის კრეფის აქტიურ ფაზაში გადავიდნენ, თუმცა წელს სამი პრობლემაა, რომელიც მეთხილეების წინაშე დგას. ეს არის: ფასი, ხარისხი და მუშახელის დეფიციტი. სეზონის წარმატებით ჩატარება სამივე პრობლემის მეტ-ნაკლებად მოგვარებაზეა დამოკიდებული.

თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, ამ დროისთვის თხილის ფასი 3 ლარამდე მერყეობს, სეზონის განმავლობაში კი ფერმერებისგან შესასყიდი თხილის ღირებულება შესაძლოა 4 ლარამდე გაიზარდოს. როგორც ლევან ქარდავამ აღნიშნა, თხილის რაოდენობრივი მოცულობით კმაყოფილები არიან, თუმცა პრობლემებია ხარისხთან მიმართებით.

„წელს დაახლოებით 60 000 ტონა მოსავალს მივიღებთ და ეს კარგია. რაც შეეხება ხარისხს დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში, ნორმაზე 2-ჯერ მეტი წვიმა მოვიდა, ამიტომ ხარისხი ისეთი კარგი არ არის, როგორც შარშან და შარშანწინ იყო. თუმცა ისეთი სიტუაცია არ არის, რომ თხილის რეალიზაცია ვერ შევძლოთ.

დიდი საწარმოების უდიდესი ნაწილი თხილს ჯერ არ ყიდულობს, რადგან ჯერ ფერმერებმა თხილი ბაღებიდან უნდა გამოიტანონ და გააშრონ. დღეის მდგომარეობით, ადგილობრივ ბაზარზე თხილის ჩაბარება 2-დან 3 ლარამდე ღირს, თუმცა ვფიქრობ, რომ აგვისტოს ბოლოდან მისი ღირებულება 4 ლარამდე გაიზრდება“, - აღნიშნა ქარდავამ.

ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მუშახელის დეფიციტს და გაზრდილ დღიურ ანაზღაურებას უკავშირდება. საქმე ისაა, რომ 1 დღით დამხმარე ადამიანის მომსახურებამ ბოლო დროს 70 ლარსაც კი მიაღწია, რაც ფერმერებისთვის აუწეველი ფინანსური ტვირთი აღმოჩნდა.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა ადასტურებს, რომ სეზონის დასაწყისში, პრობლემა მართლაც აქტუალური იყო, თუმცა ამ ეტაპზე საკითხი ასე მწვავედ აღარ დგას.

„ძალიან ცუდი ტენდენცია იყო სეზონის დასაწყისში. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ჩვენი ასოციაციის აქტიური კამპანიით 50 ლარზე ზემოთ დღიური გამომუშავების ფასი არ ასულა. ეს მეტ-ნაკლებად ნორმალურია, მით უფრო, რომ იყო მოთხოვნა, შარშანდელივით 60-70 ლარი გადაეხადათ ფერმერებს. ეს ძალიან მაღალი ფასია და უბრალოდ, ვერ აიტანდა თხილის სექტორი. ახლა მწვავედ არ დგას დეფიციტი.

მე ვიცი, რომ ასოციაციის წევრი 5-6 ათასი ოჯახი თავადაა აქტიურად თხილის კრეფაში ჩართული საკუთარი საოჯახო რესურსით. ვცდილობთ, ხელით მოვაგროვოთ და ეს საჭირო მუშახელის რაოდენობას ამცირებს და იმედია, მნიშვნელოვანი გართულებების გარეშე ჩავივლით. ეს გამოჩნდება, რამდენიმე დღეში, როცა ინტენსიურად ყველა დაიწყებს თხილის მოკრეფას“, - განუცხადა ჭითანავამ „ბიზნესპრესნიუსს“.

მისივე თქმით, შარშან, მოსავლის აღების პროცესში სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი დეფიციტი და უპრეცენდენტოდ მაღალი ფასი იყო.

„სამუშაოები მოცვის პლანტაციებმა გაზარდა რეგიონში. იმედი გვაქვს, რომ მოცვის მოსავალთან დაკავშირებული სამუშაოები თხილის მოსავლის აღების დაწყებამდე დასრულდება. უკვე გვყავს მობილიზებული ჯგუფები, რომლებიც მოსავლის აღებაზე იმუშავებენ. მიუხედავად ამისა, დეფიციტი მაინც არსებობს, რაც ბოლო წლებში მსხმოიარე ფართობების ზრდამ განაპირობა.

ვცდილობთ, აღმოსავლეთ საქართველოდან ჩამოვიყვანოთ სამუშაო ძალა მოსავლის აღებისთვის. შარშან ჩვენ უპრეცენდენტოდ მაღალი ფასი გადავიხადეთ მოსავლის აღებაში. იმედია, წელსაც ასეთი ძვირი არ დაგვიჯდება მოსავლის აღება“, - განაცხადა ჭითანავამ.

თუკი საქართველოს მთლიანი მიწოდება თხილის გლობალური ბაზრისთვის წელს 60 ათასი ტონა იქნება, ქვეყანა მსოფლიოში წამყვანი სამეულის შემდეგ მეოთხე ადგილს იკავებს.