„ფაშიზმი მსოფლიოს პრობლემა იყო, მაგრამ გერმანელები არ უნდა მივიღოთ? ვინმე იძახის, გერმანელ ტურისტებს სავიზო რეჟიმი დავუწესოთო?“

„ფაშიზმი მსოფლიოს პრობლემა იყო, მაგრამ გერმანელები არ უნდა მივიღოთ? ვინმე იძახის, გერმანელ ტურისტებს სავიზო რეჟიმი დავუწესოთო?“

ოპოზიცია რუსებისა და ბელარუსებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს, მათთვის რუსები პუტინის მიერ დესანტად გადმოსხმული მწვანე კაცუნები არიან, რომელთა ვიზიტიც ყოველგვარ კონტროლს მიღმაა. ეს მაშინ, როცა „ნაციონალებმა“ ზუსტად აგვისტოს ომის შემდეგ ცალმხრივად გააუქმეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან და რუსებს უჩვენეს, რომ კვლავინდებურად სტუმართმოყვარენი იყვნენ.

„ქართული ოცნება“ გაოცებულია, რატომ უნდა დავუწესოთ რუსებს და ბელარუსებს სავიზო რეჟიმი და რატომ უნდა გადავიკიდოთ ოკუპანტი რუსეთი, როცა რუსი ტურისტებისგან შემოსული თანხით ქართველები სულს ითქვამენ, რუსეთიდან შემოსული ახალგაზრდებისგან კი საკმაოდ სოლიდური თანხა შემოდის. ეს ადამიანები საქართველოში სტაბილურობას და თავისუფლებას ეძებენ.

„ვერ ვხვდები, საქართველოში რუსი ტურისტებისგან შემოსული თანხა ქართველ გლეხს უბედურებას დამართებს და მხოლოდ ხოშტარიას შეერგება?!“ - აინტერესებს მამუკა მდინარაძეს.

„უამრავი რუსი პუტინის ავტოკრატიულ რეჟიმს გამოექცა. სავიზო რეჟიმი რომ შემოგვეღო და დიდი კედელი აგვეშენებინა, საკუთარი ქვეყნებიდან დევნილი ათასობით რუსი და ბელარუსი შეიძლება ცოცხალი ვერ გამოსულიყო“, -მიიჩნევს „ქართული ოცნების“ დეპუტატი გია ცაგარეიშვილი.

რაც შეეხება მორატორიუმს, რომ რუსებმა მასობრივად არ შეიძინონ ქართული მიწები და უძრავ-მოძრავი ქონება, ეს უკვე განხილვის საგნად უნდა იქცეს.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს მეტად უცნაური ვითარებაა შექმნილი, რადგან „ნაციონალებს“ რატომღაც ავიწყდებათ, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი გამარტივდა და გაუქმდა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ. ამიტომ დღეს ადვილად წარმოსადგენია, სავიზო რეჟიმის შემოღებას რა კუდებიც მოჰყვება რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით, მით უმეტეს, როცა ამდენი ჩასაფრებულია.

„სავიზო რეჟიმის შემოღება აღქმულ იქნება, უფრო სწორად, გაყიდულ იქნება დემარშად რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთიდან მომავალი საფრთხეების რისკებს გაზრდის. იმედია, რუსეთი ახლა ომს არ დაიწყებს ამის გამო, მაგრამ საპასუხო ზომებს მიმართავს და ესკალაცია შეიქმნება. რას მოვიგებთ ამის სანაცვლოდ? არაფერს, დავკარგავთ ტურისტების ნაწილს, შემოსავალს და კიდევ ერთხელ მივცემთ ბიძგს ანტირუსულ ისტერიას. ყველაფერს აქვს თავისი პოლიტიკური კონტექსტი. როდესაც 2008 წელს აუქმებ სავიზო რეჟიმს და ახლა აწესებ, ეს რაღაცაზე მეტყველებს. ეს არის მკაფიო სიგნალი იმისკენ, რომ თურმე საქართველო მოწადინებული იყო 2008 წელს, რუსეთთან ურთიერთობები დაელაგებინა და ახლა პირიქით, მოწოდებულია, ურთიერთობა დაძაბოს“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, არავინ დაიჯეროს, რომ საქართველოში შემოსული რუსები და ბელარუსები ჩვენი მოსახლეობის თითქოს 10%-ს შეადგენენ, რასაც ოპოზიციური მედია ირწმუნება. სინამდვილეში, 300 ათასი რუსი საქართველოში არ არის, რა თქმა უნდა, მომატებულია მათი ვიზიტი, მაგრამ მათ გამო საფრთხე საქართველოს არ ექმნება. სავიზო რეჟიმზე თუ გადავალთ, რისკები ნამდვილად იარსებებს.

ანალიტიკოსის დაკვირვებით, რუსეთ-ბელარუსიდან სხვადასხვა კატეგორიის ხალხია შემოსული, სავარაუდოდ, პუტინისტები ნაკლებად იქნებიან, რადგან საქართველო მიიჩნევა არც თუ პუტინისტური განწყობის ქვეყნად, რუსებმა კარგად იციან, რომ საქართველოში ანტირუსული, ანტიპუტინისტური განწყობა უფრო მეტია. რაც შეეხება დივერსანტების შემოსვლას, ამაზე უშიშროებამ უნდა იმუშაოს.

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ლოგიკას მოკლებულად მიიჩნევს საქართველოში ჩამოსული რუსების განსაკუთრებულად შევიწროებას. მისი შეფასებით, რუსებს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული რომ აქვთ, ეს ჩვენი ქვეყნის ერთი პრობლემაა, მაგრამ ვინ დაადგინა „რეცეპტი“, რომ სავიზო რეჟიმის ამოქმედებით თურმე მოგვარდება ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების პრობლემა?!

„ერთია, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ გადავწყვიტოთ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა, მეორეა ის ეკონომიკური საკითხები, რომლებიც მიბმულია რუსეთიდან შემოსულ ტურისტებზე. სწორედ ამ ტურისტებზეა დამოკიდებული ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. თუკი ჩვენს მოსახლეობას სარგებელი აქვს რუსი ტურისტებისგან, ფული შემოსდით მათგან, რატომ უნდა გადავუკეტოთ შემოსავლის წყარო? ეს ხომ რუსეთის შევიწროება არ იქნება? ეს იქნება ჩვენი მოქალაქეების შევიწროება, რომ მათ არ მიიღონ დამატებითი შემოსავალი. ვთქვათ, საქართველოს მოქალაქეები წავიდნენ ამ დათმობაზე, უარი თქვეს რუსი ტურისტებისგან მიღებულ შემოსავლებზე, არ გვინდა ფული, მოვკვდებით შიმშილითო, ამით რა, ტერიტორიები დაბრუნდება? ამ საკითხში რაიმე ბმა არის?“ - აინტერესებს ნანა კაკაბაძეს.

მისივე თქმით, ვინც არ უნდა შემოდიოდეს საქართველოში, პუტინისტური განწყობის, თუ ანტიპუტინისტურად მოაზროვნე, ტვინებს ხომ არ გავუსინჯავთ ადამიანებს, ვინ რას ფიქრობს პუტინზე? მთავარია, რომ რუსი ტურისტი შემოდის, ფულს ხარჯავს შენს ქვეყანაში. ასე ფაშიზმი მსოფლიოს პრობლემა იყო, მაგრამ გერმანელები არ უნდა მივიღოთ? რომელიმე ქვეყანა არსებობს, რომელიც არ ღებულობს გერმანელ ტურისტებს და იძახის, რომ მათ განსაკუთრებული სავიზო რეჟიმი უნდა დავუწესოთ?

„ეს არის ამათი თაღლითობა, „ნაციონალების“ ნარატივი, აფერისტობა. ვინ ამბობს, რომ ტერიტორიები არ გვაქვს ოკუპირებული და არ უნდა დავიბრუნოთ? მაგრამ ტურისტებთან ეს არავითარ კავშირში არ არის. ეს პრობლემა თავად შეუქმნეს „ნაციონალებმა“ ქვეყანას და პასუხი არ უგიათ ამაზე. ჩვენ გვქონდა კონფლიქტური რეგიონები და დღეს ჩვენ უკვე გვაქვს სხვა რესპუბლიკებად აღიარებული ჩვენივე ტერიტორიები, რომლებიც „ნაციონალებმა“ გაასხვისეს. ფაქტობრივად, მოგვარებული პრობლემა ჩაგვიშალეს. ცხინვალში ერგნეთის ბაზრობის აკრძალვით მოახდინეს ხელახალი ომი და დაპირისპირება ქართველებსა და ოსებს შორის. შერეული ქორწინებები იყო, რაჭაში ცხინვალის გზით დავდიოდით, მოვიდა სააკაშვილი და ეს ყველაფერი ჩაშალა, ამის გამო კიდევ სხვა ადამიანებს ადანაშაულებენ. ამის დიდოსტატები არიან, რომ რასაც თვითონ წარმოადგენენ, სხვას დააბრალონ“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე ჩვენთან საუბრისას.