„ამხელა ალიანსმა შეიძლება ქვეყანა ასე შეატოვო, როგორც უკრაინა არის შეტოვებული?! ეს არის მესამე მსოფლიო ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, რომელიც მოდის 2008 წლიდან“

„ამხელა ალიანსმა შეიძლება ქვეყანა ასე შეატოვო, როგორც უკრაინა არის შეტოვებული?! ეს არის მესამე მსოფლიო ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, რომელიც მოდის 2008 წლიდან“

რა საფრთხის წინაშე დგას დღეს მსოფლიო, სად შეცდნენ დასავლელი პროგნოზისტები, რამდენად რეალურია სასურსათო კრიზისი ქვეყანაში და ემუქრება თუ არა ქვეყანას ავღანიზაციის საფრთხე? - ამ საკითხების ირგვლივ for.ge-ს საკუთარ მოსაზრებებს უზიარებს ყოფილი დეპუტატი, პროფესორი ანზორ აბრალავა.

რუსეთ-უკრაინის ომმა საკმაოდ რთული ვითარება შექმნა მსოფლიოში, მათ შორის სასურსათო უსაფრთხოების კუთხით. როგორ შეაფასებდით საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს ამ მხრივ?

- ახლა რაც ხდება, ეს არის მსოფლიო ეკონომიკურ-პოლიტიკური კრიზისი და საომარი ვითარება ამის პიკია. ეს არის ორ დიდ სახელმწიფოს შორის ომი უკრაინის ტერიტორიაზე. ეს იწვევს პრობლემებს ლოჯისტიკაში, გარკვეულ გადაადგილებებს, დეფიციტს. ხომ ხედავთ, მსოფლიო დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა. საჭიროა ძალიან წინდახედული პოლიტიკა და საერთოდ, მსოფლიო ამ თვალსაზრისით ჩიხშია. ეკონომიკური დესტაბილიზაციამოჰყვება ძლიერ პოლიტიკურ დესტაბილიზაციას. ჩვენ ამ ეტაპზე ამას რაღაცნაირად თავი გავართვით. ახლა სიფრთხილით ლაპარაკობენ, ომი დაიწყოო. თუ სადღაც დეფიციტია, ეს გადანაწილების პრობლემაა. ასევეა სხვა დოვლათიც. ეკონომიკის მდგრადობისთვის ახლა მნიშვნელოვანია სახელმწიფო როგორ პოლიტიკას გაატარებს. ამ ზამთარს როგორმე გადავიტანთ, თუმცა, არ ვიცით, მოვლენები, როგორ განვითარდება. ვიძახით, ამერიკამ ეს თქვა, სენატმა ეს, სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს გამოაცხადა, ევროკავშირმა - ეს. როგორც ჩანს, ძალიან ცუდი პროგნოზისტები ყავდათ. რუსეთთან დაპირისპირებაში პრაქტიკულად წააგეს - რუსეთს გამოუცხადეს სანქციები და თვითონ იზარალეს. წარმოიდგინეთ, მსოფლიო ვის ხელშია. იგივე ბრიტანელები, გერმანელები, ფრანგები იძახიან, რომ რუსეთმა გაზის მოწოდება შეგვიმცირაო. თვითონ არ ამბობდნენ, არ გვინდა რუსეთზე ვიყოთ დამოკიდებულიო?! ე.ი. რეალურად, მათ წააგეს რუსეთთან დაპირისპირება. ჩვენ კიდევ არ გვაქვს გასიგრძეგანებული, რაც მოხდა. ეს ქვეყანაში არა მარტო შიმშილს გამოიწვევს, აქ რაოდენობრივად რა ნაკადი წამოვა, არ ვიცით. ამას დაუმატე დემოგრაფიული რყევები. ყველა ერი იბრძვის თვითგადარჩენისთვის, თავისი ინტერესების გატარებისა და საკუთარი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის. ჩვენ ვდგავართ! საქართველოს წინაშე ახალი ეკონომიკური ამოცანები დგება. ეს იქნება დაკავშირებული ლოჯისტიკასთან, ადგილობრივ წარმოებასთან. ექსპორტ-იმპორტი, რომელიც ჩვენ გვაქვს სხვა ქვეყნებთან, ბევრი პრობლემაა.

ომის დაწყებიდან რუსეთში ევროპიდან გაზის საფასურის სახით უფრო დიდი ფული შევიდა, ვიდრე მანამდე შედიოდა. რა ვერ გათვალა დასავლეთმა და სად აჯობა პუტინმა?

- ვინ ვის აჯობა, ჯერ ამის თქმა ძნელია, არ ვიცი, ომი რით დამთავრდდება. ომის დამთავრება შეიძლება იყოს ამ ცივილიზაციის დასასრულიც. 1945 წელს მოხდა ორი ატომური დარტყმა იაპონიის კუნძულებზე. რადგან ორჯერ მოხდა, ალბათობაა, რომ შეიძლება მესამედაც მოხდეს. თუ ეს მოხდა, ამ შემთხვევაში მოგებული არავინ დარჩება. რეალურად მესამე მსოფლიო ომის ფაზაში ვიმყოფებით. უბრალოდ, ამ ომის ხასიათია სხვა და ქვეყნების ჩართულობა. პოლიტიური, ტერიტორიული რუკა შეიცვალა მსოფლიოში. 2008 წლიდან ჩვენ რეალურად მესამე მსოფლიო ომის პირობებში ვიმყოფებით. მგონი, 2010 წელს თქვა რომის პაპმა - უნდა ვაუწყო კაცობრიობას, რომ ჩვენ ვიმყოფებით მესამე მსოფლიო ომის ფაზაშიო. სიფრთხილით ვუყურებ, რით დამთავრდება ჩვენთვის ეს ომი. სპეციფიკური პრობლემები გვაქვს.

საქართველოში, ომის საფრთხეს გულისხმობთ?

- რა თქმა უნდა. პირდაპირ იყო მოწოდებები ომში ჩართვაზე გარკვეული კონგრესმენების, ცალკეული ადამიანების მხრიდან, უკრაინის ხელისუფლება ხომ ამით იყო დაკავებული. ჩვენ ომში ჩართული ვართ 1990 წლიდან. ოკუპირებული ტერიტორიები, მცოცავი ანექსია, კიდევ რას ითხოვენ?! არახამიას ჭკუაზე იაროს ჩვენმა ქვეყანამ?! დიდ სახელმწიფოებს შორის მიდის ომი და რუსეთის გარშემო უნდა შექმნილიყო ცეცხლის რკალი. ეს აუცილებლად გამოიწვევს საქართველოს ავღანიზაციას, ერაყიზაციას. ის იქნებოდა აქაც, რაც ხდება სირიაში, ლიბიაში - პერმანენტული აფეთქებების, პერმანენტული ტერორის, ომების და ქაოსის ეპოქაში გადავიდოდა საქართველო. ამ ხელისუფლებამ ეს საფრთხე ჯერჯერობით აირიდა და რის ხარჯზე, არ ვიცი. რუსეთთან ურთიერთობაში, ამ სიჩუმეს რა მოყვება, არ ვიცი. გამოვლინდა ერთი რამ - ევროკავშირის და ნატოს სრული უსუსურობა. ამხელა ალიანსმა შეიძლება ქვეყანა ასე შეატოვო, როგორც უკრაინა არის შეტოვებული?! ეს არის მესამე მსოფლიო ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, რომელიც მოდის 2008 წლიდან. სამხედრო მოქმედებები სახეზეა, ტერიტორიების შეცვლა და რესურსებზე კონტროლი; ბაზრებზე კონტროლის ცვლილება სახეზეა. გლობალურად თუ შევხედავთ, ეს არის მსოფლიო ეკონომიკური, პოლიტიკური და მორალური კრიზისი.

თქვენი შეფასებით, რამდენად სწორად მოქმედებს საქართველოს პრემიერი? რას იტყვით მის ვიზიტებზე იგივე ყაზახეთში?

- სწორად მოქმედებს. ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც საქართველომ უნდა გაატაროს მეზობლებთან, ორმხრივი ხელშეკრულებები, რეგიონული თანამშრომლობა, ეს უნდა გაძლიერდეს. თავის დროზე სუამი შეიქმნა - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და აზერბაიჯანი. მცდელობა იყო ყოფილიყო კარგი ურთიერთობები. არ არსებობდა ნატო, მაგრამ შეიქმნა. ნატოში არ გვღებულობენ. მაპი... ეს ყველაფერი მოგონილია. ამიტომ, როცა ასეთი დიდი ალიანსების შემადგენლობაში არ ვართ, აქტიურად უნდა ვიფიქროთ ორმხრივ ურთიერთობებზე. ეს ისედაც იყო, მაგრამ უნდა გაძლიერდეს. ახალი კონფიგურაციების ძლიერი საპირწონე შეიძლება ვერ შეიქმნას, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ ეკონომიკური აქტივობა შევინარჩუნოთ, მოსახლეობამ შედარებით ადვილად გადავიტანოთ მსოფლიო ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი და მოსალოდნელი საფრთხეები, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს. მთავრობას ძალიან ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. მის მიმართ ბევრი კრიტიკული შენიშვნა მაქვს, მაგრამ ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ომის თავიდან აცილება.

2008 წელს რა მოხდა... რომ ამბობენ, 2008 წელს საქართველომ დაიწყო ომიო. საქართვეელოს კი არ დაუწყია ომი, ზუსტი კვალიფიკაციაა - საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო რუსეთმა და იმდროინდელმა საქართველოს მთავრობამ, ხელისუფლებამ, სააკაშვილის ხელისუფლებამ. რა ურთიერთობა ჰქონდათ რუსის გენერლებთან ჩვენს გუბერნატორებს გიდებად რომ დაყვებოდნენ და დააცილებდნენ იქეთ-აქეთ?! იგივე ლომაია მეგზურად დაყვებოდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გოროზია, თვითონ იჯდა საჭესთან და დაატარებდა რუს გენერალს. როგორ შეიძლება ომის დროს შენს მოწინააღმდეგეს მანქანით დააცილებდე?! თუ ეს სამხედრო ვიზიტი იყო?

ევროპამ აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის შესყიდვაზე ხელშეკრულება გააფორმა. რუსული გაზის ფაქტორი ომის შედეგზე იმოქმედებს? რამდენად შესაძლებლად გეჩვენებათ აზერბაიჯანმა ევროპის ინტერესები დააკმაყოფილოს?

- აზერბაიჯანი აუცილებლად გაითვალისწინებს რუსეთის ფაქტორს. ყარაბაღთან მიმართებაში რუსეთმა, ასე ვთქვათ, გარკვეულად ხელი გაუწოდა აზერბაიჯანს. აზერბაიჯანს ყავს საკმაოდ პრაგმატული ხელისუფალი, რომელიც გამოდის აზერბაიჯანის ინტერესებიდან. ის აბალანსებს თავის პოლიტიკას იმასთანაც და ამასთანაც. არსებობს კულუარული პოლიტიკა, იქ რა ხდება, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ უნდა მივხვდეთ.

საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ეს ასე ხომ არ აღიქმება, რომ ევროპამ საქართველო რუსეთს გადაულოცა?

- თუ უნდათ კანდიდატის სტატუსის მოცემა, ამისთვის საქართველომ ყველაფერი გააკეთა. განაცხადი გაკეთებეულია, ხელმოწერილია თანხმობა მიღებაზე, კონსტიტუციაში ასახულია. კიდევ რას ითხოვენ? მაშინ თქვან, ჩვენ სააკაშვილი გვინდაო. სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაში საკითხი ასე არ დგას. ამ ურთიერთობებში გამოიკვეთა სამი ფაქტორი, რომელიც თურმე საჭიროა, რომ ჩვენც მივიღოთ ეს სტატუსი:

  1. ავიღოთ მოლდოვა, მოლდოვა არის დსთ-ს წევრი. ჩვენ არ ვართ დსთ-ს წევრი, გამოდის, დსთ-ში ჩვენც უნდა შევიდეთ?
  2. ჩვენთან საომარი ვითარება არ არის, ანუ არ ჩავერთეთ ამ ომში, თორემ ჩვენ რუსეთთან საომარი ვითარებაში ისედავ ვიმყოფებით. რამდენი ხანია მიდის მცოცავი ანექსია, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და ა.შ. ანუ, კიდევ ერთი ფაქტორი - ჩავერთოთ ახალ ომში.
  3. კორუფცია - უკრაინა და მოლდოვა ორივე არის კორუმპირებული სახელმწიფო.

ე.ი.  მე ამით სამი ფაქტორი გამოვკვეთე: დსთ-ს წევრობა, ახალ ომში ჩართვა და ახალი კორუფციის დონე. რეალურად რომ ვთქვათ, ეს არის სიტყვების თამაში და ამას უნდა გავცდეთ. ევროპას ჩვენთვის არ სცალია. საფრანგეთის პრეზიდენტმა მიზეზი ღიად გვითხრა და მას მადლობა უნდა ვუთხრათ, კი არ უნდა გვეწყინოს. ეს სააკაშვილის უმწიფარ მომხრეებს უნდა ავუხსნათ, რომლებსაც ჯერათ, თურმე იმიტომ არ გვღებულობენ, რომ მთავრობა არ მოსწონთ. აბა, რას ითხოვს იგივე ვიღაც კორუმპირებული კუბილიუსი, ეს საეჭვო რეპუტაციის კაცი და საერთოდ, ეს ლიბერალური პარტია? მთავარი თემა - ლგბტ-ს თემაა. იმიტომ ვამბობ, მსოფლიო მორალურ და ზნეობრივ კრიზისშია.

გასულ წელს დავწერე - ნატომ, ევროკავშირმა აშშ-მ უნდა გააკეთონ პოლიტიკური ბლიცკრიგი. სასწრაფოდ მიიღონ საქართველო და მსოფლიო ფაქტის წინაშე დააყენონ. ბლიცკრიგი მარტო სამხედრო ცნება კი არ არის, პოლიტიკური ცნებაა. მიეღოთ საქართველო და დამთავრდებოდა. 2007 წელს რატომ არ მიიღეს? 2008 წლის ომის შემდგომ რატომ არ მიიღეს?

რაზე მიანიშნებთ, რეალურად მათ საქართველო და მისი პრობლემები არ აინტერესებთ?

- ამაზეა ლაპარაკი. ნატოც და ევროკავშირიც არის ღრმად ბიუროკრატიული სტრუქტურა. თუ გინახიათ ისეთი საკითხი, სადაც წერტილი ყოფილიყოს დასმული. „შევშფოთდით“, „გირჩევთ“, „მეტი დემოკრატია“, - ზოგადი ფრაზები ისმის. ესენი არიან ჩინოვნიკები, რომლებსაც მაღალი ხელფასი აქვთ. ყველა ვიზიტის შემდეგ რჩებათ საკმაო თანხა. სერიოზული ეჭვი მაქვს, პოლიტიკური კორუფციაც იქნება და ეკონომიკურიც. რომ ეთქვათ, საქართველომ არ წარმოადგინა, საქართველოს არ სურს... ეს ამოცანები არის იმისთვის, რომ არ მიგიღონ. მსოფლიო ისტორიაში ევროკავშირის დღევანდელი მოქმედება და ნატოსი, არის უსუსური პოლიტიკა.

ეს გამოიწვევს ევროკავშირის დაშლას?

- სად არის ეს ორგანიზაცია? - არ არის. იმ პირველი მსოფლიო ომის დროსაც ჩვენ რუსეთს გადაგვცეს. რეალურად რა იყო: რუსეთი, საფრანგეთი და ინგლისი იყვნენ ანტაგონისტური ქვეყნები. რუსეთში რევოლუცია მოხდა. ინგლისელები წერდნენ თავიანთ მთავრობას - საქართველოსთან ჩვენ არაფერი გვესაქმებაო. გერმანია რომ დამარცხდა, მაშინ, სხვათა შორის, ჩვენც დავმარცხდით. ისენიც წერდნენ, ჩვენ აქ ინტერესები არ გვაქვს, ტყუილად უნდა დავხარჯოთ ფულიო. ფაქტობრივად, მანდატი საქართველოზე რუსებს გადასცეს.

ახლაც იგივე სიტუაციაა?

- ზუსტად მაგას ვამბობ. ბოლშევიკების ნაწილს სულ არ ჰქონდა იმის განცდა, რომ ქვეყანა ასე მიებმებოდა რუსეთს. როგორც კი ეს იგრძნეს, თვითონ ფილიპე მახარაძეს და სხვებს დაარქვეს ნაციონალ-უკლონისტები - რუსებმა უცებ მოუნახეს იარლიყი. მათ ეგონათ, რომ ხელისუფლება აიღეს. პრორუსული ხელისუფლება ზუსტად არის „ნაციონალური მოძრაობა“. ის, რაც საააკშვილმა გაუკეთა რუსეთს, ამას ვერავინ გაუკეთებდა. რუსეთისთვის ეს იყო ხელ-ფეხის გახსნა სამხედრო მიზნებისათვის.

რადგან სააკაშვილი ახსენეთ, მის ციხიდან გამოშვებაზე და სასჯელის გადავადებაზე რას იტყვით? ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქციების თემა იმის ნიშანია, რომ აქ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

- ვერ დაუწესებენ, ყველაფერს წააგებენ. ეს ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური მოქმედებები კი არ არის, თუ აკვირდებით ამის ქვეტექსტი, რა არის - ივანიშვილი, რეალურად, ტერორის საფრთხის ქვეშაა. ანუ, ამ კაცის ფიზიკური არსებობაა პრობლემა. ეს იცით, რა სახიფათოა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტებისთვის? ეს პოლიტიკური დავებიდან და უთანხმოებიდან გადაიზარდა მიზანთროპიაში, კაცთმოძულეობაში. მიიღონ კანონი ოლიგარქიის შესახებ. დღეს საქართველოში პრაქტიკულად ყველა პარტია არის ოლიგარქიული შინაარსის. ოლიგარქია პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების ერთიანობაა. დღეს ნებისმიერი პარტია რომ მოვიდეს, არის სამრეწველო-ფინანსური ოლიგარქიული ხასიათის.

დაბოლოს, პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებებს შევეხოთ. კონკრეტულმა პრეზიდენტებმა ვერ გაამართლეს თუ ამ ქვეყანას ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა სჭირდება?

- მიმაჩნია, რომ ქვეყანას უნდა ყავდეს ძლიერი პრეზიდენტი, ძლიერი პრემიერი, ძლიერი პარლამენტი და საერთოდ, ძლიერი მენეჯმენტი. ერთია ხელისუფლება, მეორე - ძალაუფლება. ჩვენთან უნდათ ყველა ერთნაირად ლაპარაკობდეს. ზურაბიშვილის განცხადებებს არ ვეთანხმები. არ უნდოდათ საქართველოს ომში ჩართვაო, როგორ არ უნდოდათ? უნდოდათ. რა, არ მოგვიწოდებდნენ კონგრესმენები? არ ჩამოდიოდნენ? ტრამპის ხელისუფლება რომ ყოფილიყო ამერიკაში, ომი არ იქნებოდა. ამერიკას ეს არ ეკადრება. ეს არის ამერიკული პოლიტიკის სრული ფიასკო, რატომ გვერიდება ჩვენ ამის თქმა?!