საქართველოდან მანქანები უკვე რუსეთშიც ინტენსიურად შეჰყავთ, ოღონდ სხვაგვარი ხერხებით

საქართველოდან მანქანები უკვე რუსეთშიც ინტენსიურად შეჰყავთ, ოღონდ სხვაგვარი ხერხებით

2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან უცხოეთში სულ 269 მილიონის 29 ათასი ავტომობილი გავიდა. ამ მაჩვენებლით ავტოექსპორტის სექტორმა პანდემიამდელ შედეგს თითქმის ორჯერ გადააჭარბა. საქართველოს ეკონომიკის შემოსავალი რეექსპორტიდან წინა წელთან შედარებით 31%-ით არის გაზრდილი. რამ გამოიწვია ასეთ მკვეთრი მატება და როდემდე გაგრძელდება ზრდა?

აღნიშნულ ზრდას „გლობალ ავტოიმპორტის“ დამფუძნებელი ვანო ბიჩინაშვილი რუსეთის ბაზარზე ავტომობილების მოთხოვნის ზრდით ხსნის. ამ ქვეყანაში მეორადი ავტომობილები სომხეთის გავლით საქართველოდან გაჰყავთ.

„წელს უკრაინის ბაზარი რუსეთის ბაზარმა ჩაანაცვლა. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთში საავტომობილო ქარხნები დაიხურა, ახალი ავტომობილები აღარ არის და მეორადი ავტომობილები სომხეთის გავლით საქართველოდან გაჰყავთ. ჩაჰყავთ სომხეთში და იქ სომხურ ნომრებზე ხდება ამ ავტომობილების გადაყვანა და შემდეგ რუსეთში გადაჰყავთ. ძირითადად რუსეთისთვის სომხებს, ყირგიზებს და ყაზახებს გაჰყავთ.

ამ ზრდის მთავარი ფაქტორი ის არის, რომ რუსეთში ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა. რადგან იქ ქარხნები აღარ მუშაობს, დაკეტილია და შესაბამისად, მეორადი ავტომობილები სჭირდებათ“, - ამბობს იგი.

წელს საქართველოდან რუსეთში 14 მილიონის ღირებულების 1254 ცალი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. წინა წელთან შედარებით რუსეთში ექსპორტით მიღებული შემოსავალი 72%-ით არის მომატებული.

საქართველოს ავტოიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი, ლაშა დარბაისელიც ადასტურებს არსებულ ახალ ტენდენციას, თუმცა იგი გარკვეულ საფრთხესაც ხედავს.

„სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ომი ფაქტობრივად, დასრულდა. დასრულდა პანდემიაც და ზრდა, ცხადია ამ ორი ფაქტორის გამო მოსალოდნელი იყო რეექსპორტის მატება. ზრდის მიზეზია ისიც, რომ ახალი წლოვანების ავტომობილები სჭირდებათ. აზერბაიჯანში 2005 წლის ქვემოთ ასაკის ავტომობილს ვერ შეიყვან. გარკვეული წლოვანება აქვს განსაზღვრული სომხეთსაც. ეს არის ობიექტური მიზეზები, გარდა ამისა, არის სხვაც, რამაც არაბუნებრივი ზრდა განაპირობა.

სომხეთის ბაზარი შეიძლება სამომავლოდ კონკურენტადაც კი მოვიაზროთ. ბევრი ჩემი ახლობელი და ნაცნობი ყაზახიც, რომელიც კონკრეტულ მოდელს ეძებდა, ვერ იპოვა საქართველოში და სომხეთში შეიძინა. ასეთი ფაქტებიც ფიქსირდება არცთუ იშვიათად. ასევე, სომხეთიდან და ყაზახეთიდან, დიდი შანსია, რომ ავტომობილები რუსეთში გადიოდეს. სამწუხაროდ, ეს ბევრი ქართველი იმპორტიორისთვისაც კი არ არის პრობლემა, რაც ჩემთვის გასაოცარია.

რეალურად, ჩვენ გვერდით კონკურენტი ბაზარი იქმნება, რომელიც წაიღებს 800 მლნ დოლარს. აქვს ამ სექტორს რესურსი, რომ ასე განვითარდეს. ახლა ეს საფრთხე სომხეთში დგას, ადრე აზერბაიჯანში იყო. არარეალური ზდა იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია იქმნება, რომელსაც თუ ახლა ვერ გავუძლებთ, ვეღარ დავიბრუნებთ ამ ნიშას. თავიდან კი ამის შექმნა, რთულია“, - განაცხადა ავტოიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ.

2022 წელს საქართველოდან სომხეთში 14.6 მლნ დოლარის 2 034 ერთეული მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა, გასული წლის 6 თვეში კი, 1.6 მლნ - აშშ დოლარის, ანუ 234 ერთეული ავტომობილის. მატება მკვეთრი და ნახტომისებურია.