„რუსი ტურისტებში სამხედრო საფრთხეს ნაკლებად ვხედავ, ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს ის რუსული ბაზა, რომელიც ცხინვალთან დგას“

„რუსი ტურისტებში სამხედრო საფრთხეს ნაკლებად ვხედავ, ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს ის რუსული ბაზა, რომელიც ცხინვალთან დგას“

უნდა დაწესდეს თუ არა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და უწყობს თუ არა ხელს პოლიტიკოსთა ნაწილი ქსენოფობიურ განცხადებებს? – თემა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ისევ აქტუალურია და დაპირისპირების მიზეზი ხდება. ბოლო დროს საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში მიდის დისკუსია იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა რუსი ტურისტი საქართველოსთვის რეალურ საფრთხეს. ხელისუფლება ამბობს, რომ თემა ოპოზიციისგან ხელოვნურად შეიქმნა, რათა პოლიტიკური სპეკულაციისთვის გამოიყენონ.

ვის უნდა დავუჯეროთ, ხელისუფლებას თუ ოპოზიციას, რომელიც ამტკიცებს, რომ ქვეყანაში თუკი რუსი ტურისტებისთვის სავიზო რეჟიმს არ დავაწესებთ, უკრაინის ომის ფონზე, საქართველოში რუსეთის მხრიდან სამხედრო ინტერვეციის საფრთხე კიდევ უფორ გაიზრდება?

ხელისუფლება ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის ომის შემდეგ, რუსებისთვის გაუქმებული სავიზო რეჟიმის გამო, ამ თემაზე ენმ-ს საუბრის მორალური უფლებაც კი არ აქვს. მათი მტკიცებით, ტყუილია ის აჟიოტაჟი, რაც რუსი ტურისტების ირგვლივ ხელოვნურად ე.წ. კრიტიკულ მედიაშია ატეხილი. მათ ამის მტკიცებულებად „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევა მოჰყავთ, სადაც 2019 წელს საქართველოში მილიონ 472 ათასი რუსი ტურისტია შემოსული, ხოლო 2022 წელს მათი რიცხვი 247 ათას ტურისტამდე აღწევს. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ოპოზიციის მხრიდან ადგილი უპრეცედენტო ტყუილს აქვს.

სატატისტიკური მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში 24 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ და ქვეყანაში იმყოფებიან, 31 ივლისის მდგომარეობით, 110 ათასზე ნაკლებია, ანუ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 3 პროცენტი. ეს სამჯერ ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ჯერ ივნისის თვეში ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში რუსეთის 135 457 მოქალაქე შემოვიდა. ჯერ არ ვიცით, მათგან რამდენი აპირებს აქ ცხოვრებას და რამდენია ტურისტული მიზნით შემოსული. საჯარო რეესტრს არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია, რუსეთის რამდენ მოქალაქეს მისცა მოქალაქეობა ან ბინადრობის უფლება. შემოსული რუსეთის მოქალაქეების 20-30 პროცენტიც რომ დარჩეს საქართველოში, რა ტიპის ცვლილებებს გამოიწვევს ეს? ამიტომ ოპოზიცია „შიშობს“, რომ თუკი ქვეყანაში სავიზო რეჟიმის შემოღება არ მოხდა, რუსების ქვეყანაში მზარდი შემოდინება სამხედრო თვალსაზრისით საფრთხეს გაზრდის.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის დადგენილებით, რუსეთი მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ ყოფნა 1 წლით შეუძლიათ. ხელისუფლებამ რამდენჯერმე განაახლა მიგრაციის პოლიტიკის დოკუმენტი, თუმცა რუსეთთან უვიზო რეჟიმი არ შეცვლილა. კონკრეტული ვადითა და უვიზო რეჟიმის გამოყენებით საქართველოში დარჩენის შესაძლებლობის გარდა, არსებობს ბინადრობის ნებართვის რამდენიმე სახე - რუსეთის მოქალაქეებს აქვთ ბინადრობის უფლების კონკრეტული სახეობის მიღების შესაძლებლობა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ტყუილია, თითქოს საქართველოში რუსი ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობა შემოვიდა და რუსეთთან სავიზო რეჟიმზე საუბარი მათგან, ვინც თავად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთთან, ერთ-ერთი კამპანიის ფეიკ ნაწილია.

„საქართველოში რუსი ტურისტებისგან შემოსული თანხა ქართველ გლეხს უბედურებას დამართებს და მხოლოდ ხოშტარიას შეერგება, თუ რაშია საქმე?! ტურიზმის დაკავშირება ასეთ ნარატივებთან, როგორიცაა მათ მიერ მოგონილი შავი ხვრელი, სანქციების არიდება, არის უბრალო ტყუილი. ტურიზმი ამ ქვეყანაში მოიცავდა ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს, ეს უბრალოდ მოგონილი ამბავია იმისთვის, რომ ვიღაცებს დააჯერონ, თითქოს აქ პრობლემა გვაქვს. აღმოჩნდა, რომ ტყუილია, თითქოს უპრეცედენტო რაოდენობა შემოვიდა, პირიქით ნაკლებია შემოსული. ჩვენ თავის მართლება გვიწევს იმაზე, რაც ბუნებაში არ არსებობს. თავად გააუქმეს ვიზები და ახლა საუბრობენ რუსი ტურისტის პრობლემაზე, რაც მოგონილი ამბავია“, - ამბობს მამუკა მდინარაძე.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ საქართველოში შემოსული რუსი ტურისტის რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით მცირეც კია, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ბევრი რუსია შემოსული, არასწორია. ბენდიანიშვილი ამბობს, რომ ასევე მას არ უნახავს ტურისტები, რომლებიც გამომწვევად იქცევიან და რამეს აშავებენ. ამიტომ ფიქრობს, რომ რაღაცებს იმაზე მგრძნობიერად ვუდგებით, ვიდრე რეალობაშია. თუმცა კონფლიქტოლოგი საფრთხეს ხედავს იმაში, რომ თუ ეს ხალხი აქ დარჩენას გადაწყვეტს, უნდა ვიცოდეთ, რა რაოდენობის რჩება, რატომ და რა არის მათი საქართველოში ცხოვრების მიზეზი.

„რუსების გამომწვევ ქმედებებზე საუბარი ცოტა გადამეტებული მეჩვენება. წელს სად არ ვიყავი და რამდენი რუსიც შემხვდა, ყველა ზრდილობიანად და მორიდებულად იქცეოდა. არ ვიცი, სად ნახულობენ რუსებს, რომლებიც აგრესიულები არიან, მაგრამ ქართველებისაც მესმის, რომ რუსების სიყვარულს ვერ ვაიძულებთ და ეს შიშიც ბუნებერივია. ის რაოდენობა, რაც მარტიდან საქართველოში შემოვიდა, სხვა წლების სტატისტიკას რომ გადავხედოთ, თუნდაც 2019 წლის, უფრო ნაკლებია, ამიტომ არ არის დიდი და საგანგაშო. თუნდაც ბინების ყიდვის მხრივ, არ არის იმ რაოდენობის, რაც გასულ წლებთან შედარებით იყო.

ამიტომ ეს ისტერიკა არ მგონია სწორი იყოს. აქ საუბარი იმაზეა, რომ უნდა მოხდეს რუსების მხრიდან ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვა. გაკონტროლდეს ის ბიზნესები, რომელიც აქ საქართველოში რეგისტრირდება. დანარჩენი - ტურისტების შემოსვლაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. პირიქით, ქართველები ამით ეკონომიკურ სარგებელს ნახულობენ და ეს ხალხი უკან სახლში დაბრუნდება. ვიმეორებ, უნდა გაკონტროლდეს ის ხალხი, რომლებიც აქ დარჩენას მოისურვებს“, - ამბობს კონფლიქტოლოგი.

რაც შეეხება რუსი ტურისტების კავშირს სამხედრო საფრთხესთან, საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ამ რისკებს ვერ ხედავს. მისი აზრით, თუ რუსეთი საქართველოში ხელახლა შემოჭრას დააპირებს, მას საბაბი არ სჭირდება, არც ტურისტები, რომლებიც აქ დასასვენებლად ჩამოდიან.

„რუსი ტურისტებისგან, რომელიც დღეს საქართველოში შემოდიან, სამხედრო საფრთხეს ნაკლებად ვხედავ. ჩვენი ქვეყნისთვის სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს ის რუსული ბაზა, რომელიც ცხინვალთან დგას. რუსები თბილისიდან 40 კილომეტრის მოშორებით არიან განლაგებული და თუ რამის გაკეთა უნდათ, წინ ვერაფერი დაუდგებათ. სამხედრო ინტერვენციისთვის პუტინს მიზეზი არ უნდა. ამას ტურისტების გარეშეც გააკეთებს და ეს არგუმენტი ძალიან სუსტია. არანაირი პროვოკაციის მოწყობაც კი არ დასჭირდება, ისე შემოვა, როგორც ეს უკრაინასთან დაკავშირებით გააკეთა. ამიტომ ეს პანიკა არასწორი მგონია.

დღეს ჩვენი ახალგაზრდობის უმრავლესობა რუსულადაც კი საუბრობს. ამიტომ ე.წ. „რბილი ძალის“ შიშიც არარეალურია. მაშინ გამოდის, რომ ჩვენი საქმე იმაზე ცუდადაა ვიდრე წარმოგვიდგენია. რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, მათი ქცევა და არგუმენტები გასაგებია. ცდილობენ იყვნენ ჩუმად და როგორმე რუსული აგრესია აიცილონ. გარდა ამისა, იმედი აქვთ, რომ რუსი ტურისტი შემოვა, ფულს დახარჯავს და ასე ჩვენს ეკონომიკას ეშველება. მათი გათვლა ძალიან მარტივია“, - აცხადებს შარაშენიძე.

მისივე თქმით, ოპოზიციაც სცოდავს, როდესაც ძალიან მოსაფრთხილებელ თემებს ხშირად საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს. ამას კი ხელისუფლება სათავისოდ ძალიან კარგად ატრიალებს.

შარაშენიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკურ ბრძოლაში ომის თემით ძალიან იხეირა. მან ოპოზიციას ამ კუთხით აჯობა და პიარში მოუგო. ის ვარაუდობს, რომ ხელისუფლება ფარულად ხშირად ატარებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს და იციან, რომ საქართველოში ომის ძალიან ეშინიათ, რასაც ოპოზიცია ვერა და ვერ მიხვდა. მან ომში ჩართვა-არჩართვის საკითხი ხუმრობისა და ღლიცინის თემად აქცია. ამაზე სულ ოხუნჯობენ, არადა ხალხს მართლა ეშინია ომის. ხელისუფლებამ შეძლო და ოპოზიცია ამ საკითხზე წამოიკიდა, შესაბამისად, ყველა საკითხს, რომელსაც ოპოზიცია სვამს, ხელისუფლება ომში ჩათრევის მცდელობას აბამს. ოპოზიციამ კი ამას ვერაფერი დაუპირისპირა და პირიქით, ხელი შეუწყო.

trampi ხანშიშესული გერმანელი წყვილი უჩივის მამლის პატრონს, რომელიც, მათი თქმით, დღეში 200-ჯერ ყივის და ეს „წამების“ ტოლფასია.
1 წლის უკან