თავის გადასარჩენად უარყოფილი ორდენოსანი „გმირი“

თავის გადასარჩენად უარყოფილი ორდენოსანი „გმირი“

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დანაშაულებრივი სისტემის ჩამდენები, დავით ჩხატარაშვილი და ლევან ქარდავა საქართველოს ახალ მთავრობასთან თანამშრომლობენ და მათ მილიონებს უხდიან. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ეს მაღალჩინოსნები შევარდნაძის მთავრობიდან გადაჰყვა მის ხელისუფლებას. მეტიც, ის ამბობს, რომ ამ ორ ადამიანს არც იცნობდა და ბოლო დრომდე არც იცოდა ვინ იყვნენ, მაგრამ აქვე ამბობს, რომ ეს მის პასუხისმგებლობას არ გამორიცხავს.

„სიცოხლის ბოლომდე ვინანებ, რომ მსგავსი საშინელებების ჩამდენი სუბიექტები გადმოვიყოლეთ წინა მთავრობიდან და მსახურობდნენ ჩემი მთავრობის დროს. მინდა, ვუთხრა საქართველოს დღევანდელ მთავრობას. ამ ხალხს მილიონებს არ უნდა აძლევდე, როგორც, ჩემი ინფორმაციით, მათ უხდიან და ბინძური შეკვეთების შესრულებისთვის არ უნდა იყენებდნენ იმის სანაცვლოდ, რომ სრულად ითანამშრომლონ მათთან, ჩადენილი სიბინძურეები ბოლომდე ჩამოიწერონ და გამდიდრებულები გამოვიდნენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დავით ჩხატარაშვილი და ლევან ქარდავა სააკაშვილის ხელისუფლებაში ერთ-ერთი გავლენიანი მაღალჩინოსნები იყვნენ. ლევან ქარდავას წლების განმავლობაში კუდ-ის დირექტორის თანამდებობა ეკავა, ხოლო დავით ჩხატარაშვილი 2006-2009 წლებში კუდ-ის დირექტორის პირველი მოადგილე იყო, მოგვიანებით, გენერალური პროკურორის პირველი მოადგლე გახდა.

როგორც ჩვენი წყარო ამბობს, არაოფიციალურად ჩხატარაშვილი გენერალური პროკურორის მოვალეობას ასრულებდა. ჩხატარაშვილი იმდენად გავლენიანი ფიგურა იყო პროკურატურაში, რომ ყველა გადაწყვეტილებას მასთან ათანხმებდნენ და ამის შემდეგ ეცნობოდა გადაწყვეტილებას თავად გენერალური პროკურორი მურთაზ ზოდელავა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზოდელავა ვერ ბედავდა იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის კაბინეტში შესვლას და ამ ფუნქციასაც ჩხატარაშვილი ასრულებდა, რომელიც ადეიშვილის ნდობით სარგებლობდა.

როგორც ირკვევა დავით ჩხატარაშვილი პრეზიდენტმა 2006 წ. ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა, ხოლო 2010 წ. 19 ოქტომბერს 995–ე ბრძანებულებით წმ. გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით. ეს ის ჩხატარაშვილია რომელსაც, როგორც სააკაშვილი აცხადებს, საერთოდ არ იცნობდა. აღსანიშნავია, რომ ოპოზოციაში მყოფი სააკაშვილი მის წინამორბედს, ედუარდ შევარდნაძეს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ ღირსების ორდენით მოქალაქეთა დაჯილდოვებისას ის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებდა.

პრეზიდენტის მიერ ჩხატარაშვილის ორგზის დაჯილდოვების ფაქტს ამ დრომდე უკომენტაროდ ტოვებენ პრეზიდენტის ადმინატრაციაში. For.ge შეეცადა მიეღო კითხვაზე პასუხი - რა დამსახურებისათვის დააჯილდოვა პრეზიდენტმა ჩხატარაშვილი 2010 წლის 19 ოქტომბერს, წმ. გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით და 2006 წ. ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით? - ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ანდრო ბარნოვმა არც სატელეფონო ზარებს უპასუხა და არც სატელოფონო შეტყობინებებს. ამიტომ, ჩვენ შევეცადეთ პასუხი პრეზიდენტის პრესსპიკერისგან და პრესსამსახურისგან მიგვეღო, თუმცა არც მანანა მანჯგალაძემ და არც ნათია ბანძელაძემ უპასუხა ჩვენს სატელეფონო ზარებს. ბანძელაძემ ტელეფონი საერთოდ გამორთო.

შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშივილმა გადაცემა „პოზიციის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, რომ ჩხატარაშვილის ჯილდო პრეზიდენტისგან ნამდვილად აქვს აღებული.

აღსანიშნავია, რომ ჩხატარაშვილი გახლავთ ის პიროვნება, რომელიც იუსტიციის მინისტრის ყოფლ მოადგილესთან, თინათინ ბურჯალიანთან ერთად მონაწილეობას ღებულობდა სტრასბურგში შსს-ს მაღალჩინოსნების მიერ მოკლული სანდრო გირგვლიანის სასამართლო განხილვაში.

აი რას ამბობს For.ge -ს წყარო, რომელიც მაშინ სტრასბურგში მოღვაწეობდა: „ქალბატონი თინა გახლდათ იუსტიციის მინისტრის მოადგილე და მან დარეკა და ითხოვა მისთვის ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს ნომრის დაჯავშნა. ასევე, ითხოვა, რომ ერთი ნომერი დაგვეჯავშნა ოღონდ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში. როდესაც ვიკითხეთ ვისთვის იყო ეს ნომერი საჭირო, მან გვიპასუხა, რომ მასთან ერთად ჩამოდიოდა „ჩხატარა“, რომელიც არის გენერალური პროკურორის მოადგილე. რა თქმა უნდა, ქალბატონი ბურჯალიანის ბრძანება შესრულდა და მის მიერ ნახსენებ „ჩხატარას“ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დავუჯავშნეთ ნომერი“, - აცხადებს ჩვენი წყარო.

რაც შეეხება ასევე პერზიდენტის მიერ ნახსენებ ლევან ქარდავას, ის ძალოვან სტრუქტურაში, კერძოდ კი, იუსტიციის სამინისტროში 2000 წელს იწყებს მოღვაწეობას, ეს ის წლებია, როდესაც იუსტიციის მინისტრი გახლდათ მიხეილ სააკაშვილი. სწორედ მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა ერთდროულად მიიყვანა სამინისტროში ლევან ქარდავა, გია ალანია, სოსო თოფურიძე და მერაბ რაფავა.

ამ მისთვის უცნობი ლევან ქარდავასთვის კი 2011 წლის 16 ნოემბერს გამოსცა განკარგულება და კუდ-ის ყოფილ დირექტორს ლევან ქარდავას 1 ლარად კოჯორში მიწის ნაკვეთი გადასცა. საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პრეზიდენტი პიროვნებებს წარდგენის საფუძველზე აჯილდოვებს.

„მას როგორც პრეზიდენტს უკეთებენ წარდგინებას რა საქმე აქვს მას გაკეთებული და ამ წარდგინების საფუძველზე აჯილდოვებს მას, მაგრამ, რასაკვირველია, ეს არ აბათილებს იმ პოლიტიკურ პასიხისმგებლობას, რომელიც ეკისრება ამ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ და პრეზიდენტს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. რამდენად იცნობდა და რამდენად არ იცნობდა არ ვიცი, ეს უკვე მეორე ხარისხოვანია“, - აცხადებს სერგო რატიანი.

„ნაციონალური მოძარაობის“ წევრი ამბობს, რომ პრეზიდენტის მიერ დასახელებიული ჩხატარაშვილი და ქარდავა თანამშრომლობენ ახალ ხელისუფლებასთან. როგორც რატიანი ამბობს მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომელიც მისივე თქმით გამყარებულია არგუმენტებით.

„ეს არის ფაქტი. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქარდავა და ჩხატარაშვილი თანამშრომლობს ხელისუფლებასთან. ჩემი ეჭვი გარკვეული არგუმენტებით არის გამყარებული. მინდა გითხრათ, რომ ეს კადრები გაცილებით ადრე იყო გადაცემული ხელისუფლებაზე და ამ სამალავში შემდეგში მოხდა“, - ამბობს სერგო რატიანი.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი კი სააკაშვილთან საუბრის იმ დეტალებზე საუბრობს, როდესაც მას საუბარში დაასახელა როგორ მოიყვანეს ის პოლიტიკაში მისთვის „უცნობმა“ ძმებმა ქარდავებმა და ახალაიებმა.

„უმაღლესი თანამდებობის პირებს, რომელთაც ყოველ მეორე დღე ხვდებოდა და აჯილდოვებდა და ახლა ამბობს, რომ თურმე არ იცნობს, ეს არის ნიშანი იმისა, რომ იმ მონეტისთვის იმდენად შეშფოთებული და შეშინებული იყო, რომ ასეთი სისულელეები წამოსცდა. არ იცნობდა კი არა, სააკაშვილი ამ ხალხს ეყრდნობოდა. ჩემთვის, პირადად არაერთგზის აქვს ნათქვამი, რომ ამ ხალხმა მომიყვანა ხელისუფლებაშიო.

ბატონმა პრეზიდენტმა სრულიად მოულოდნელად ისე, რომ ძიებისთვის არ იყო ცნობილი, დამნაშავეებად დაასახელა ადამიანები, რომლებიც მან მოიყვანა არა მარტო პოლიტიკაში, არამედ მან აღმოაჩინა ძმები ქარდავები. ყველაფრის დაჯერება შემიძლია, მაგარამ არა იმის, რომ მიხეილ სააკაშვილი დათა და ბაჩო ახალაიებს, მეგის და ლევან ქარდავებს არ იცნობდა და ისე ნიშნავდა მინისტრად და კუდ-ის უფროსებად; ჩხატარაშვილს არ იცნობდა და ისე ანიჭებდა, საქართველოში თავისი ხარისხის მიხედვით მეორე ჯილდოს, რომელიც საქართველოში სულ რამდენიმე კაცს აქვს მიღებული. როდესაც პერზიდენტი ამბობს, რომ უმაღლესი რანგის მოხელეებს არ იცნობს, ეს ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს ამნეზია სჭირს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი.

როგორც ბეძენიშვილი აცხადებს, პრეზიდენტი ამით ცდილობს დამალოს, რომ ამ დანაშაულს აქვს სისტემური ხასიათი.

„ამ ფაქტებმა დაადასტურა, რომ ქვეყანაში იყო პოლიციური გესტაფოს ტიპის რეჟიმი. პრტეზიდენტ სააკაშვილის ამ სიტყვების უკან დგას შიში. მან თქვა, რომ ცხოვრების ბოლომდე ვინანებო, ეს არის სწორი, ის ცხოვრების ბოლომდე ინანებს, მაგრამ იმას კი არ ინანებს, რომ ესენი თურმე შევარდნაძისგან გადმოჰყვა, შევარდნაძისგან გადმოყოლილი არის თვითონ, ბურჯანაძე და სხვები. 40 ათასი პოლიციელი გაუშვა სამსახურიდან და მაინცდამაინც ესენი გადმოეპარა? ამის დღეს არავის სჯერა“, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ქართული საზოგადოება მოწმეა პრეზიდენტის თვითლუსტრაციის, როგორც ყველა დამნაშავეს, პრეზიდენტსაც სურს საკუთარი კვალის დამალვა.

„ეს ადამიანები გამოაცხადა მისთვის სრულიად უცხო პირებად, მაგრამ ნათვამია - ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო. ამ შემთხვევაში სააკაშვილის ტყუილს მოკლე ფეხები აღმოაჩნდა და მეორე დღესვე გახდა ცნობილი, რომ არა თუ იცნობს ამ ადამიანებს, არამედ მათ მიმართ განსაკუთრებული მადლიერების გრძნობა გააჩნია. კომენტარი ზედეტია. ეს მასალები ითარგმნება და მოხვდება იმ ამერიკელ კონგრესმენთა მაგიდაზე, რომელთაც მოუწევთ ბოდიშის მოხდა დღევანდელი საქართველოსთვის,“ - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.