საქართველოში ისევ ორნიშნა ინფლაციაა, თუმცა აქტიური ნაბიჯების გადადგმა უკვე დაწყებულია და ივლისში, ქვეყანაში ფასების ზრდის ტემპი 11.5%-მდე შემცირდა. მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, მოსახლება ამას ვერ გრძნობს და ისევ მაღალ ფასებთან უწევს ბრძოლა.
ჯერჯერობით მსყიდველუნარიანობის საერთო დონის გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის, ამიტოს მთავრობასაც და ეკონომისტების ნაწილსაც ინფლაციური წნეხის შემცირების მიღწეული შედეგით უწევთ დაკმაყოფილება. ისიც საგულისხმოა, რომ რეგიოში საქართველოს გარდა, ყველა ქვეყანაში ინლფაცია მზარდია.
ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის აზრით, ჩვენთან მაღალი ინფლაცია დიდწილად ეგზოგენურ ფაქტორს წარმოადგენს, ლარის გამყარების დადებითი ეფექტი ინფლაციაზე აისახა და იმპორტირებული საქონლის ინფლაციის შენელებას შეუწყო ხელი.
„ინფლაციამ არაერთ ქვეყანაში არა მხოლოდ პროგნოზირებულს გადააჭარბა, არამედ ბოლო წლების და უმეტეს შემთხვევებში ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია. 2022 წლის ივნისში თურქეთში ინფლაცია 78.6% იყო, რუსეთში - 15.9%, უკრაინაში - 21.5%, სომხეთში - 10.3%, აზერბაიჯანში - 14.2%, ბელარუსში - 17.6%, მოლდოვაში - 31.8% და ესტონეთში - 21.9% იყო. ევროკავშირის ქვეყნებში ინფლაცია 15-20%-ის ფარგლებშია, ამერიკაში რეკორდულია - 9%, ბრიტანეთში - 9,4%, რაც არ ყოფილა ბოლო 40 წლის განმავლობაში.
სხვა თანაბარ პირობებში, ეკონომიკური ზრდა წლის ბოლოს მაღალ ორნიშნა ნიშნულთან იქნება, ინფლაციაც შემცირების ტენდენციებს შეინარჩუნებს, საგარეო ფაქტორების მილევის შედეგად და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში, თუმცა ბუნებრივია, წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება“, - აღნიშნა ცუცქირიძემ.
უკვე მესამე თვეა საქართველოში ინფლაციას კლების ტენდენცია აქვს. მიუხედავად რთული გეოპლიტიკური ფონისა და გამოწვევებისა, საქართველოში ფასების საერთო დონის შემცირება შეინიშნება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესების კიდევ ერთი დასტურია.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოში ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდამაც კი ვერ იქონია საქართველოში ფასების საერთო დონის ზრდაზე გავლენა, იმ ვითარებაში, როდესაც ყველა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში ფასების რეკორდული ზრდა ფიქსირდება. საქართველოში ინფლაციის კლებაზე დიდი როლი ითამაშა ლარის კურსის გამყარებამ, რამაც ავტომატურად გამოიწვია იმპორტირებულ სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირება, რასაც დაემატა საქართველოში, პირველი 6 თვის მონაცემების მიხედვით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რითაც საქართველო გახდა ერთადერთი ქვეყანა რეგიონსა და ევროპის კონტინენტზე, რომელმაც, ამ რთულ დროს, შეძლო ასეთ შედეგებზე გასვლა.
ბოლო პერიოდის მოვლენებმა რეგიონში წარმოშვა ძალიან ბევრი პოლიტიკური და ეკონომიკური რისკები, თუმცა, კრიზისები ყოველთვის აჩენს ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ უნდა გამოიყენოს და, მიუხედავად მრავალი შიდა თუ გარე წინააღმდეგობისა, ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს რეგიონში მოწინავე სახელმწიფო“, - აღნიშნა ანგურიძემ.
არსებულ ვითარებას დადებითად აფასებს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძეც. იგი ხაზს უსვამს, რომ ინფლაციის დონე უკვე მესამე თვეა იკლებს.
„ამ ერთი შეხედვით ორდინარული ინფორმაციის მიღმა საკმაოდ საინტერესო პროცესები იმალება. ჯერ ერთი, ინფლაციის დონე ჩვენს ქვეყანაში მესამე თვეა, თანდათან იკლებს და მისი დონე შარშანდელ ივლისთან შედარებით 0.4 პუნქტით დაბალია. ეს იმ დროს, როდესაც ჩვენს ყველა სახმელეთო მეზობელს (თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ინფლაციის მაჩვენებელი მკვეთრად გაეზარდა. ამჟამად ჩვენი ქვეყნის ინფლაციას, თურქეთში ინფლაცია უსწრებს 77.1 პუნქტით, რუსეთის ინფლაცია, შესაბამისად, 4.4 პუნქტით, აზერბაიჯანისა კი - 2.7 პუნქტით. თანაც გლობალური მასშტაბით შეინიშნება ეკონომიკური რეცესიისა და ინფლაციის ზრდის ნიშნები - ჩვენთან კი საპირისპირო პროცესები იკრებს ძალას“, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.
იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ეფექტურად მოქმედებენ.
„საქართველოში, რომლის ეკონომიკა და მოსახლეობის კეთილდღეობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მსოფლიო ბაზარზე ნედლეულის და კვების პროდუქტების მიწოდებისა და ფასების კონიუნქტურაზე, უკვე გამოიკვეთა ინფლაციის დათრგუნვის ნიშნები, რაც ნამდვილად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. ეკონომიკის ორნიშნა ზრდა და ლარის გამყარება ასრულებენ ერთგვარი „სენდვიჩისეფექტს“, რომელმაც არტახებში მოაქცია ინფლაციის მაჩვენებელი და არ მისცა მას გაცილებით მასშტაბური მატების შესაძლებლობა.
ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტები, აღმასრულებელი ხელისუფლება და ეროვნული ბანკი მოქმედებენ გაცილებით ეფექტურად, ვიდრე რეგიონის იმ ქვეყნების შესაბამისი სტრუქტურები, რომლებიც, მართალია, ჩვენზე მეტ ბუნებრივ რესურსებს განკარგავენ, მაგრამ „რატომღაც“ მათი ეკონომიკური ზრდა საქართველოსთან შედარებით გაცილებით დაბალია, ინფლაცია კი - გაცილებით მაღალი“, - წერს არჩვაძე.
მიხედავად დადებითი დინამიკისა, ჯერჯერობით მოსახლეობა ვერაფერს გრძნობს. ეკონომიკის დოქტორის ირაკლი მაკალათიას აზრით, ქვეყანაში მართალია შემცირდა ინფლაციის ტემპი, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაიკლებს ფასებიც.
„არსად არ შემცირებულა ფასები, შემცირდა მხოლოდ ინფლაციის ზრდის ტემპი, ანუ ახლა შედარებით უფრო ნაკლები სისწრაფით იზრდება ფასები. გვაქვს ისევ ორნიშნა მაჩვენებელი და ბოლო 2 წელია ასე გრძელდება, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა საგრძნობლად გაუარესებულია.
ის, რომ მომდევნო თვეებში შესაძლოა, შემცირდეს ინფლაციის მაჩვენებელი, უკეთესობის მომასწავებელი სულაც არ არის. ეს ნიშნავს, რომ უკვე გაძვირებულ პროდუქტებზე ფასები შედარებით ნაკლებად გაიზრდება და არა შემცირდება. ანუ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობასა და ცხოვრების დონეზე დადებითად ვერ აისახება.
მთავარი და მნიშვნელოვანი ისაა, რომ სურსათის ჯგუფში 16%-იანი ინფლაცია გვაქვს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. სამომხმარებლო ხარჯებში მოსახლეობა ხარჯების 1/3-ს სურსათზე მიმართავს. შესაბამისად, ამ ჯგუფის ინფლაცია ორმაგად მოქმედებს ადამიანებზე უარყოფითად“, - აღნიშნა ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა ირაკლი მაკალათიამ.