„თუ სახალხო დამცველს იმ პროცედურით ავირჩევთ, როგორი პროცედურითაც აირჩა ლომჯარია, ვფიქრობ, ვერ გვეყოლება ისეთი ომბუდსმენი, რომელსაც საზოგადოება მიიღებს“

„თუ სახალხო დამცველს იმ პროცედურით ავირჩევთ, როგორი პროცედურითაც აირჩა ლომჯარია, ვფიქრობ, ვერ გვეყოლება ისეთი ომბუდსმენი, რომელსაც საზოგადოება მიიღებს“

ნინო ლომჯარია მოღვაწეობას დეკემბერში დაასრულებს, თუმცა სახალხო დამცველის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა უკვე განიხილება, ყოფილი დეპუტატი ზაზა ხუციშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი, მათ შორის არის უმრავლესობის ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი. ამ ეტაპზე სავარუდო კანდიდატები არ ადასტურებენ მათთან პოლიტიკურ კონსულტაციას.

როგორც ცნობილია, სახალხო დამცველის არჩევას კვალიფიციური უმრავლესობა - 90 ხმა სჭირდება. პარალემტის თავმჯომარე დაზუსტებით აცხადებს, რომ სახალხო დამცველის პოსტზე არც ერთ კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობა არ მიმდინარეობს. მისი თქმით, 1-ელ სექტემბრამდე ოპოზიციას შესთავაზებენ ფორმატს და პროცედურას, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ომბუდსმენის პოსტზე თანაბრად მისაღები კანდიდატურის წარდგენა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი ახალ სახალხო დამცველის არჩევას ოპოზიცია დაბლოკავს, ცხადი იქნება, რომ პროცესი ოპოზიციის მიერ იქნება დაბლოკილი.

„1-ელ სექტემბრამდე ოპოზიციას შევთავაზებთ პროცედურას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ომბუდსმენად არჩეული იყოს პირი, რომელიც თანაბრად მისაღები იქნება როგორც უმრავლესობისთვის, ასევე ოპოზიციისთვის. პროცედურა იქნება და საზოგადოება კანდიდატს ნახავს.

საუბარი იმაზე, თითქოს დღეს ეს საკითხი გადაწყვეტილია, ეს თეორიულადაც გამორიცხულია, რადგან პარლამენტში არც ერთ პარტიას არ აქვს ის უმრავლესობა, რომ სახალხო დამცველი აირჩიოს. ამ საკითხზე დეპუტატებს თანამშრომლობა დასჭირდებათ. დაზუსტებით გეუბნებით, რომ ოპოზიციას ფორმატს შევთავაზებთ, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ თანაბრად მისაღები იყოს კანდიდატები როგორც ოპოზიციისთვის, ასევე უმრავლესობისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ სახალხო დამცველი მიუკერძოებელი და კვალიფიციური უნდა იყოს, უნდა შეძლოს, ეფექტურად შეასრულოს მთავარი ფუნქცია - ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობა. როგორც პაპუაშვილი აცხადებს 12-პუნქტიან გეგმაში ყურადღება ამ საკითხზეცაა გამახვილებული და ეს ერთ-ერთი ამოცანაა, რომელიც დასახული აქვთ.

„ახლა რომ დავიწყოთ საუბარი კონკრეტულ კანდიდატურებზე, ამით მე მგონი ყველაზე მეტად დავაზარალებთ პროცესს, რომელიც 12- პუნქტიანი გეგმის თანახმად უნდა წარიმართოს და პროცედურების გადახედვის და შეფასების მიხედვით უნდა მოხდეს გაანალიზება, თუ როგორ აჯობებს კანდიდატურის შერჩევა, რომელიც ყველაზე მეტად ოპტიმალური იქნება და ყველაზე ეფექტიანად შეასრულებს ფუნქციებს, რაც სახალხო დამცველს ეკისრება.

დღეს კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბრისთვის არათუ მზად არ ვართ, არამედ პროცესს დააზიანებს, რადგან მნიშვნელოვანია პერსონალიებისგან დამოუკიდებლად პროცედურებზე ვიმსჯელოთ, თუ როგორ შევარჩიოთ საუკეთსო კანდიდატურა. მე არ მაქვს მოსაზრება ამასთან დაკავშირებით და რომც მქონდეს, თავს შევიკავდებდი კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბრისგან“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ომბუდსმენის არჩევის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში არასამთავრობო სექტორს შეხვდა. „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი, დეპუტატი გიორგი ვაშაძე უკვე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ შეეცდება ომბუდსმენად მისთვის სასურველი კანდიდატი წარადგინოს და თუ ოპოზიციიდან ვინმე შეუვსებს მისი არჩევისთვის საჭირო 90 ხმას, ეს ნიშნავს, რომ ისინი „ქართულ ოცნებაში“ გადადიან.

„ვფიქრობთ, სადღაც 10 დღეში უკვე ფორმირებული იქნება ჩვენი პოზიციები - პროცესს ისე ვხედავთ, როგორც სამოქალაქო სექტორი, რომ მათი ფართო ჩართულობით უნდა მოხდეს ომბუდსმენის კანდიდატების წარდგენა პარლამენტში, რომელზეც უნდა მოხდეს 90 ხმის კონსოლიდაცია. ომბუდსმენის შერჩევის მექანიზმთან დაკავშირებით უფრო და უფრო დაუახლოვდა პოზიციები ერთმანეთს.

სამოქალაქო სექტორის ჩართულობა ომბუდსმენის შერჩევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ასევე უნდა შევძლოთ ინსტიტუციური გაძლიერება ომბუდსმენის და ამაზე უკვე ოპოზიციაში ვიმსჯელებთ. გვექნება ინტერფრაქციული შეხვედრაც, ვფიქრობ, ოპოზიციამ ერთობლივად უნდა დააფიქსიროს ამ საკითხზე პოზიცია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ხმათა უმრავლესობით ჯერ უჩა ნანუაშვილი აირჩია, შემდეგ კი ნინო ლომჯარია, თუმცა, ორივე შემთხვევაში ქვეყნის პირველი უფლებადამცველები მხოლოდ ერთი პარტიის უფლებების დაცვის გარშემო იყვნენ კონცენტრირებული. ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი იხსენებს როგორ სთხოვეს დახმარება ნინო ლომჯარიას გალში დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებმა, რომ დაინტერესებულიყო ამ პატიმრის ბედით, მაგრამ უშედეგოდ. მისი თქმით, მოქმედი სახალხო დამცველის ინტერესის სფეროში ასევე, არ მოხვდნენ უკრაინის პენიტენციურ სისტემაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები.

„ახალ ომბუდსცმენს უბრალოდ ვურჩევდი ამ ქვეყანაში დაენახა მოსახლეობის უმრავლესობის არსებობა და დაენახა ამ ადამიანების პრობლემები. დაბრუნებოდეს ისეთ მივიწყებულ თემებს, როგორიც არის სააკაშვილის რეჟიმის დროს დაჩაგრული ადამიანების, რეალური პოლიტპატიმრების უფლებების დაცვა, მათი რეაბილიტაცია და მათ შორის ფინანსური რეაბილიტაცია. ეს შედის სახალხო დამცველის ფუნქციებში, მაგრამ ამას არანაირი ყურადღება არ მიექცა ამ ბოლო წლებში.

ასევე, ომბუდსმენს ვურჩევდი საქართველოს იმ მოქალაქეების უფლებებითაც დაინტერესებულიყო, რომელებიც ქვეყნის გარეთ არიან გასულები და მათ შორის ძალიან დიდი კონტიგენტი წარმოადგენს ამა თუ იმ ქვეყანაში პენიტენციური სისტემის მსჯავრდებულებს, რომლებიც საშინელ პირობებში იხდიან მსჯავრს. ჩვენ გვაქვს მაგალითი იმისა, რომ ერთი უკრაინის მოქალაქის მოსანახულებლად უკრაინის ყოფილი ომბუდსმენი სამჯერ იყო ჩამოსული.

ამ დროს, ომის პერიოდში საქართველოს მოქალაქეები რომლებიც უკრაინის ცეხეში იხდიან სასჯელს, ამაოდ ცდილობენ საქართველოს ომბუდსმენის ყურადღების მიქცევას. ასევე ჩვენ გვახსოვს გალის რაიონში დაკავებული ირაკლი ბებუა, რომელმაც ფაქტობრივად, პატრიოტული აქტი ჩაიდინა. საქართველოს დროშასა და სეპარატისტების დროშას შორის გაავლო წითელი ხაზები, რისთვისაც 9 წელი მიუსაჯეს. მისი ნათესავები თხოვდნენ ლომჯარიას, რომ დაკავშირებოდა დე-ფაქტო აფხაზეთის კოლეგას, რომ შეემსუბუქებინათ ამ ადამიანის ხვედრი დრანდის ციხეზე, მაგრამ მისი ოფისის მხრიდან გაუგებარი პასუხი იყო“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

როგორც ანალიტიკოსი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ქვეყანას სჭირდება ისეთი ომბუდსმენი, რომელმაც უნდა გაიხსენოს საქართველოში მოსახლეობის არსებობა და არა რომელიმე ერთი პარტიის არსებობა.

„სხვათა შორის, გადავხედე გიორგი ტუღუშის დროინდელი ომბუდსმენის მუშაობას. ეს იყო სააკაშვილი მმართველობის უკანასკნელი წლები. მიუხედავად იმისა, რომ ის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და, რა თქმა უნდა, თავის საქმიანობას ახორციელებდა ამ პარტიაში, იმდენად დიდი იყო დარღვევების მასშტაბი, იმდენად დიდი იყო ამ დანაშაულებრივი რეჟიმის ყოველდღიურობა, რომ საკუთარ ყოველდღიურ ანგარიშში ტუღუში გვერდს ვერ უვლიდა იმას, რომ მთლიანად დაემალა ის საშინელებები, რომელიც ხდებოდა მართლმსაჯულების სისტემაში.

თუმცა, მას ახასიათებდა მიკერძოება მთელ რიგ საკითხებში, ჯიუტად არ პასუხობდა ჟურნალისტების კითხვებს - არსებობდნენ თუ არა ქვეყანაში პოლიტპატიმრები. ამას ხსნიდა იმით, რომ პოლიტპატიმრის ტერმინი თითქოსდა არ შედიოდა სახალხო დამცველის კანონით მინიჭებულ ფორმატში, რაც აბსოლუტური სიცრუეა. დღეს გვყავს ჩვენ ომბუდსმენი ლომჯარია, რომელიც იგივე ფორმატით და იგივე კანონით მოქმედებს, რომლისთვისაც აბსოლუტურად უაპელაციოდ, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ამა თუ იმ მსჯავრდებულის პოლიტპატიმრად გამოყვანა - ეს არის ოქრუაშვილი, უგულავა და სხვები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ უპირეველს ყოვლისა უნდა შეიცვალოს კანონი სახალხო დამცველის შესახებ, რადგან სახალხო დამცველის არჩევის წესი სწორედ ისე არის განსაზღვრული, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე შერჩეული იქნეს ლომჯარიასნაირი პიროვნება, რომელიც არ სარგებლობს ფართო საზოგადოებაში ნდობით, მაღალი ცონობადობით და არც მის ბიოგრაფიაში იკითხება რა გაუკეთებია ქვეყნისთვის.

„მე მგონია, რომ აქიდან უნდა დაიწყოს. საერთოდ, სახალხო დამცველი უნდა აირჩიოს ხალხმა. სახალხო დამცველის ნომინირება უნდა მოახდინონ პოლიტიკურმა ძალებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაცებმა და შემდეგ მოხდეს ხალხის მიერ არჩევა. იმიტომ არის ის სახალხო დამცველი და მას საზოგადოებაში უნდა ჰქონდეს ნდობა, პატივისცემა, ცნობადობა და მისი სახელი რაღაცას უნდა ეუბნებოდეს საზოგადოებას ისეთს, რომ ხალხი მას ენდობოდეს.

რაც მნიშვნელოვანია, მის ბიოგრაფიაში არ უნდა იყოს თეთრი ლაქები. თუ სახალხო დამცველის არჩევა მოხდა იმ პროცედურით, როგორი პროცედურითაც აირჩა ლომჯარია კულუარული გარიგებების და მორიგებების შედეგად, მაშინ ვფიქრობ, რომ ჩვენ ვერ გვეყოლება ისეთი სახალხო დამცველი, რომელსაც საზოგადოება მიიღებს. მეორეც, აქ არ უნდა გამოვრიცხოთ საერთაშორისო ფაქტორიც. ჩვენი პარტნიორები ალბათ, მომეტებულ ყურადღებას გამოიჩენენ ამ დანიშვნის მიმართ და მე ეჭვი არ მეპარება, რომ იქნება გარკვეული ჩარევები“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

Maverick ვეთანხმები ბატონ ანჯაფარიზეს!

საქართველოს, ერს არ ჭირდება მიკერძოებული უხალხო "პრობკა"!

ჩვენ გვჭირდება სულხან მოლაშვილის მსგავსი, ერის კეთილდღეობისთვის, გენოფონდისთვის, ღირსეული, ზნეობრივი, სამართლიანი, კაცთმოყვარე სახალხო დამცველი და არა პარტიული ცალმხრივი მიდრეკილებების მქონე სახედარი!
1 წლის უკან