ალბათ იცით, რომ პოპის დედოფალი მადონა თავის ცხოვრებაზე ფილმს იღებს. მუსიკოსმა ამის შესახებ ჯერ კიდევ 2020 წელს გვაცნობა და ისიც გვითხრა, რომ კინოსურათის სცენარზე მასთან ერთად ოსკაროსანი დიაბლო ქოუდი იმუშავებდა. ასევე, აქამდე უკვე გავიგეთ, რომ მთავარ როლის შესრულება ფილმში მსახიობ ჯულია გარნერს შესთავაზეს.
ამჯერად, მადონამ ამერიკულ გამოცემა Variety-სთან ისაუბრა, რა ეტაპზეა პროექტი და რატომ გადაწყვიტა, ბიოგრაფიული ფილმი თავადვე გადაეღო.
"ძალიან გრძელი სცენარი მაქვს და მიჭირს, შევამოკლო", — ჰყვება ლეგენდარული მუსიკოსი, — "არაჩვეულებრივი ცხოვრება მქონდა და ფილმიც არაჩვეულებრივი უნდა იყოს. ამასთან, ეს პრევენციული ზომაა, რადგან ჩემზე ფილმის გადაღებას ბევრი ცდილობდა; უმეტესად, ქალთმოძულე კაცები. ასე რომ, ნაბიჯი წინ გადავდგი და ვთქვი, ჩემს ამბავს მხოლოდ მე მოვყვები-მეთქი".
მადონას ავტობიოგრაფიული ფილმის შინაარსის შესახებ კი ჯერ ისევ არ ვიცით ბევრი რამ; კინოსურათში ისტორია, სავარაუდოდ, მუსიკოსის ცხოვრების ადრეული წლებიდან განვითარდება — ნიუ-იორკის ღარიბი უბნიდან მსოფლიო სუპერვარსკვლავობამდე.
პოპმომღერალმა განაცხადა, რომ ფილმი შეეხება მისი, "როგორც ხელოვანის, გადარჩენისთვის ბრძოლას კაცების სამყაროში". თავად კინოსურათი კი არაერთგვაროვანი ემოციებით იქნება დატვირთული: "ბედნიერება, სევდა, ბრაზი, სიკეთე, ბოროტება".
სხვათა შორის, მადონას, რომლის სრული სახელი მადონა ლუიზ ჩიკონეა, კინორეჟისორობის გამოცდილებაც აქვს. მან 2008 წელს Filth and Wisdom გადაიღო, 2011 წელს კი მომღერლის რეჟისურით გამოვიდა ასევე ფილმი W.E., რომელიც მეფე ედვარდ VIII-ისა და უოლის სიმპსონის ურთიერთობას შეეხება.
"მსურს, ეკრანზე გადმოვცე ის საოცარი მოგზაურობა, რომლის შესაძლებლობაც მე, როგორც ხელოვანს, მომღერალს, მოცეკვავეს, ან, უბრალოდ, ადამიანს, მომეცა", — აღნიშნა მადონამ 2020 წელს თავის ბიოგრაფიულ ფილმზე საუბრისას, — "მომეცა საშუალება, მსოფლიოში ჩემი გზა გამეკვალა. მნიშვნელოვანია, საკუთარი ცხოვრების მოგზაურობაზე ჩემივე ხედვით მოვყვე".
მსოფლიო პოპკულტურაში ერთ-ერთ საკულტო ფიგურად მიჩნეული მადონას კარიერა გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება. მისი ბესტსელერად ქცეული ადრეული ალბომები, Like a Virgin, True Blue და Like a Prayer მაშინ არსებულ სექსუალურ, რელიგიურ და რასობრივ ტაბუს შეეხება. მადონას სახელზე მსოფლიოში 335 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერია.