წლის პირველ ნახევარიც ნახტომისებური ეკონომიკური ზრდით დასრულდა

წლის პირველ ნახევარიც ნახტომისებური ეკონომიკური ზრდით დასრულდა

საქართველოს ეკონომიკამ წლის პირველი ნახევარი საოცარი შედეგით დაასრულა. ივნისში ისევ გაგრძელდა ეკონომიკური ზრდის დადებითი დინამიკა და მშპ-ს მატებამ 7.2% შეადგინა. ეს კი ნიშნავს, რომ იანვარ-ივნისის საშუალო მაჩვენებელმა 10.5% შეადგინა. ასეთმა შედეგმა არათუ მთავრობა, არამედ უცხოური სარეიტინგო კომპანიები განაწყო ოპტიმისტურად. თითქმის ყვველა ელოდება, რომ მთლიანად 2022 წელი ორნიშნა მაჩვენებლით დასრულდება.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა არის მართლაც ძალიან გამორჩეულ არა მარტო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბითაც.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს დინამიკა შევინარჩუნოთ. ივნისში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა გაიზარდა 20.4%-ით, ხოლო ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6 641 ერთეულს გაუტოლდა, რაც დაახლოებით 36%-ით მეტია წინა თვის მონაცემთან შედარებით. ექსპორტი კი გაიზარდა დაახლოებით 28%-ით და შეადგინა 448 მლნ დოლარი.

გაჯანსაღების ტენდენციები მაღალია ტურიზმის სექტორშიც. ჩვენ ამის თაობაზე ხშირად ვსაუბრობთ. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე ივნისში იყო 88.7%, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 300 მლნ დოლარზე მეტი.

ასევე, ფულადი გზავნილების მოცულობა არის საგრძნობლად გაზრდილი და ივნისში შეადგინა 427 მლნ დოლარი. შესაბამისად, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდება და მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება წელს.

7 თვეში ბიზნესს დღგ-ს ზედმეტობის სახით 1 273 000 000 ლარამდე დაუბრუნდა.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ საკრედიტო სარეიტინგო კომპანია „ფიჩმა“ საქართველოს სუვერენული რეიტინგი კვლავ BB სტაბილურ დონეზე შეაფასა. უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს BB რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით გააჩნია, როგორც საიმედო და ეფექტიანი პოლიტიკის ჩარჩო, ასევე, მმართველობის ღია ინდიკატორები.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალ დონეზე ფიქსირდება, რაც უკვე აღვნიშნე, რომ მთავრობის ვალის მშპ-სთან წილის სტაბილიზებას უწყობს ხელს, ხოლო მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით გააჩნია მნიშვნელოვნად მაღალი მმართველობის ინდიკატორები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ოპტიმისტურ განწყობას აღარ მალავენ უცხოური სარეიტინგო კომპანიები. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „ფიჩის“ შეფასებით, წელს საქართველოში ძლიერი შიდა და საგარეო მოთხოვნის, ასევე გაზრდილი ტურიზმისა და ქვეყანაში შემოსული ათასობით მიგრანტის ფულადი გზავნილის გამო მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება. ორგანიზაციის პროგნოზით, 2022 წლის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 10.9%-ს მიაწღევს. ტემპი 2023 წლისთვის - 5.3%-მდე, ხოლო 2024 წლისთვის - 4.7%-მდე უნდა შემცირდეს.

ორგანიზაციამ საქართველოს სახელმწიფოს საკრედიტო რისკი უცვლელად, „BB“ დონეზე შეაფასა, ასევე უცვლელია ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის „სტაბილური“ მოლოდინი. „ფიჩი“ ასევე მოელის, რომ 2022 წლის განმავლობაში საქართველოში ინფლაციის საშუალო დონე 11.5% იქნება, ხოლო მონეტარული პოლიტიკა კი წლის განმავლობაში გამკაცრებულ დონეზე შენარჩუნდება.

უფრო სკეპტიკურად არის განწყობილი ფინანსისტი ნიკა შენგელია და თვლის, რომ სარეიტინგო კომპანიის პროგნოზი გადაჭარბებულია.

„ფიჩის“ მოლოდინი გადაჭარბებულია. ზოგადად ყველასთვის ცნობილია, რომ სარეიტინგო კომპანიებს პოლიტიკური დანიშნულებაც აქვს ზოგ შემთხვევაში. ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკურმა ზრდამ 8.5%-ს არ უნდა გადააჭარბოს, თუმცა რეალური ზრდა ჩვენთან არ არის და ამას მოსახლეობა ვერ გრძნობს. ეკონომიკური ზრდა რამდენიც არ უნდა იყოს, ინფლაცია უფრო მეტია და ის „გვიჭამს“ მთლიან ზრდას.

რეალური ინფლაცია 30%-დან 35%-მდეა თუ ავიღებთ პირველადი მოხმარების საქონელსა და მომსახურებას, რასაც სტატისტიკა აქვეყნებს, ეს არის საშუალო მაჩვენებელი, მოსახლეობას კი სწორედ ის პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასები აწუხებს, ვიდრე სხვა დანარჩენი“, - განუცხადა „კომერსანტს“ შენგელიამ.

„გალტ ენდ თაგარტში“ კი მიიჩნევენ, რომ თუკი ძლიერი საგარეო შემოდინებების დინამიკა წლის ბოლომდე გაგრძელდა, წლის მე-2 ნახევარში გლობალური ზრდის შენელების მიუხედავად, ოპტიმისტურ სცენარში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 10.6%-მდე იქნება. ის რეიტინგი (BB), რომელიც დღეს საქართველოს აქვს მინიჭებული, წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ამის მიზეზი კი ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი, რეზერვების დაბალი დონე, არასახარბიელო მშპ-ს ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე და საგარეო ვალის მაღალი მაჩვენებელია.

დემეტრე - დავგუგლე, მაინტრესებდა ვინ იყო ნიკა შენგელია, მამუკა ხაზარაძის მეხოტბე ყოფილა :(
2 წლის უკან