მათთვის ახლა მთავარია ეს კონკრეტული სიტუაცია, როგორ გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის, რადგან ყოველდღიურად გრძნობენ თავიანთ პოლიტიკურ აღსასრულს, რომელიც დასანახია. მათი ბელადი თავის ყველანაირ მოსაზრებაში აჭრილია, - ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ გუდაურში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მისთვის მიუღებელია ზოგიერთი ადამიანების ის რიტორიკა, რაც გუდაურის ტრაგიკულ შემთხვევას მოჰყვა. კერძოდ, შსს-ს დანაყოფების კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარება.
„ჩემთვის წარმოუდგენელია კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარება შსს-ს დანაყოფების და მით უმეტეს, ტრაგიკულად გარდაცვლილი ადამიანების. სამხედრო და საპოლიციო მფრინავებთან მე ხშირი შეხება მქონია სხვადასხვა საპოლიციო ღონისძიების ჩატარების დროს, ასევე, სამხედრო მფრინავებთან. როტაციით ერთი წელი მომიწია კოდორის ხეობაში ყოფნა და მათი პროფესიონალიზმი ჩემი თვალით რომ არ მენახა, შესაძლოა კითხვის ნიშნები მეც გამჩენოდა. ასევე, ზუსტად ვიცი, როგორი ყურადღება ექცევა იმ ავიაპარკს, რაც ჩვენს განკარგვაშია. როგორი რუდუნებით ადევნებენ სპეციალისტები თვალს თითოეულ დეტალს თვალ-ყურის და გარკვეულწილად, რაღაც დახმარებებში მეც გახლავართ ჩართული. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური სპეკულაციები ყოვლად ამაზრზენი იყო. სიტყვებიც არ მყოფნის და ემოციების ქვეშ ვარ. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც მე სიტყვების მარაგი მელევა. ერთი შეფასება მაქვს - ესენი არიან ლეშიჭამიები! ნამუსგარეცხილი ადამიანები! მათ არ ადარდებთ არც პარაპლანისტი, რომლის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა; მათ არ ადარდებთ ის ადამიანები, რომლებიც ბორტზე დაიღუპნენ, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ჩვენი გმირები. მათთვის ახლა არის ეს კონკრეტული სიტუაცია, როგორ გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის, რადგან ყოველდღიურად გრძნობენ თავიანთ პოლიტიკურ აღსასრულს, რომელიც დასანახია. მათი ბელადი თავის ყველანაირ მოსაზრებაში აჭრილია. მისი გახმოვანება მის ახლო გარემოცვას არ ეხელმწიფება და ამის ფონზე ყველა სახის ბინძურ მეთოდს იყენებენ“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.