რონალდო - „ვიქნები პელესავით ნიჭიერი?“

რონალდო - „ვიქნები პელესავით ნიჭიერი?“

რონალდო ნაზარიო დე ლიმას ფეხბურთელად ჩამოყალიბების გზა ტრადიციული იყო: რიოს დასავლეთით მდებარე ბენტო რიბეიროს მშრომელთა კვარტალის ქუჩები და პლაჟები. შემდეგ რონალდო ყველაზე პოპულარულმა კლუბმა „ფლამენგომ“ აიყვანა გასასინჯად. ხელმოკლე ოჯახის შვილს, შინიდან კლუბის ბაზამდე მგზავრობის ფული რომ არ ჰქონდა, ამაშიც არ შეეწივნენ, ბოლოს კი, საკმაოდ გულცივად, რომ იტყვიან, ეშმაკებში გააგზავნეს.

ასე მოხვდა რონალდო „სან-კრისტოვანში“, რომელსაც მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონი ჟაირზინიო წვრთნიდა. აი, მან კი შეიცნო ფეხბურთელის პოტენციალი და ცოტა ხანში სარფიანადაც მიჰყიდა ბრაზილიური ფეხბურთის პროვინციულ გიგანტს, ბელუ-ორიზონტეს „კრუზეიროს“. რონალდომ სულ ერთი წელი დაჰყო ახალგაზრდულ შემადგენლობაში და მალე ძირითადში მოხვდა. მას ეროვნულ ჩემპიონატში თამაშის შანსი მიეცა და აკი მშვენივრადაც გამოიყენა: 54 მატჩში 54 გოლი გაიტანა, გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და „კრუზეიროს“ მინას-ჟერაისის შტატის ჩემპიონად გახდომაში მთავარ „დამნაშავედ“ მიიჩნიეს. მისი გოლები მხოლოდ რაოდენობით როდი ფასდებოდა, მთავარი ის გახლდათ, როგორ იტანდა: მარჯვენით, მარცხენით, თავით, სისწრაფეში, გონივრული მოქმედებით, ძალით, ლამაზად... სწორედ ამან ათქმევინა 1970 წლის კიდევ ერთ ჩემპიონს ტოსტაოს: რონალდო ჩამოყალიბებული თავდამსხმელია. ფიზიკურად ძლიერი, განსწავლული, კარგად ფლობს ბურთს, კარგად აკეთებს პასს და მარჯვენათიც და მარცხენათიც არაჩვეულებრივად ურტყამს. იგი ფანტასტიური ფეხბურთელია.“

ახალგაზრდობისა და გამოუცდელობის გამო რონალდო 22-ე კაცად ჩარიცხეს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასამგზავრებელ ბრაზილიის ნაკრებში. ძნელი იყო ისეთი ასოკირკიტა და კონსერვატორი კაცის დარწმუნება, როგორიც კარლოს ალბერტო პარეირაა. ნაკრების მწვრთნელმა ჯეელ ფეხბურთელს თავის გამოჩენის საშუალება 4 მაისს მისცა, როცა ბრაზილიამ ისლანდიას უმასპინძლა. ამ მატჩში რონალდომ ერთი გოლი გაიტანა, ორშიც მონაწილეობა მიიღო და თავისი სადებიუტო მატჩი თვალისმომჭრელ შოუდ აქცია. პარეირამ მოიწონა რონალდოს თამაში და სამსოფლიოჩემპიონატო ნაკრებში უკრა თავი. „წარმოუდგენელია, რასაც იგი ბურთით აკეთებს“. - თქვა მცველმა რიკარდო დუნგამ და დაამატა: „ამ ბიჭს იშვიათი ნიჭი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი აქვს სასწავლი, უკვე სრულყოფილთან მიახლოებული ფეხბურთელია.“

მსოფლიოს ჩემპიონატის წინ პრესაში უკვე დაიწყეს რონალდოს პელესთან შედარება. მართლაც, მათი კარიერა მსგავსია: 17 წლის ასაკში პელე გაემგზავრა 1958 წლის ჩემპიონატზე, როგორც უცნობი სათადარიგო და სამშობლოში მსოფლიო დონის ვარსკვლავად დაბრუნდა. რონალდოც იმავე ასაკში ჩავიდა 1994 წლის ჩემპიონატზე, მაგრამ როგორც იყო სათადარიგო, ასეთივე დარჩა. პარეირამ მისი გამოყვანა საჭიროდ არ ჩათვალა, თუმცა „ბრაზილიის ფეხბურთის მომავალი“ უწოდა. მიუხედავად ამისა, სულ ერთ წელიწადში, რონალდო უცნობი ჭაბუკიდან ერის სიამაყედ იქცა. მისი პიროვნებით განსაკუთრებით ავტოგრაფების მოყვარულები და მარკეტინგის აგენტები დაინტერესდნენ. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ეს მატერიალურადაც აისახა: რონალდო აღიარეს ბრაზილიის 20 წლამდე ასაკის ყველაზე ძვირ ფეხბურთელად, ჰოლანდიის პსვ „ეინდჰოვენმა“ კი 4 მილიონ დოლარად დაისაკუთრა იგი, რითაც მშრალზე დატოვა „მილანი“, „იუვენტუსი“ და „აიაქსი“.

რონალდოს ოსტატობის დამფასებლები კი კვლავ არ იშურებენ ქების სიტყვებს. ზიკო: „რონალდო ბრაზილიური ფეხბურთის საუკეთესო თავდამსხმელია. იგი თანაბრად ხმარობს ორივე ფეხს, ხოლო კარის წინ ისე იქცევა, როგორც საუკეთესო ბომბარდირი.“ ტოსტაო: „მას ყველაფერი აქვს, რაც მსოფლიო კლასის ფორვარდს სჭირდება. ჩვენ ფენომენის შესახებ ვსაუბრობთ. რონალდო პელეზე შორს წავა. მას მეტი გოლი გააქვს, ამასთან, პელე ვერ ხმარობდა ორივე ფეხს ისე, როგორც რონალდო“.

თავად რონალდო ერთობ თავშეკავებულია: „არცთუ დიდი ხნის წინ, როცა „სან-კრისტოვანში“ ვთამაშობდი, სახელგანთქმულ ფეხბურთელებს ტელევიზორში ვუცქერდი. დღეს მე ერთ-ერთი მათგანი ვარ. ეს სიგიჟეა! დაუჯერებელია! ხალხი პელესა და ჩემს კარიერას ადარებს. მაგრამ, ვფიქრობ, თავშეკავება სჯობს: აღმომაჩნდება მე ისეთივე ნიჭი, როგორც დიდ პელეს?“