კედელზე მიწებებული ბანანის შემდეგ, კიტრის მწნილის ნაჭრის ჯერია. ავსტრალიელმა ხელოვანმა მეთიუ გრიფინმა მაკდონალდსის ჩიზბურგერიდან კიტრის მწნილის ნაჭერი ამოიღო და ჭერზე ბურგერის სოუსით მიაწება. ნამუშევარს "კიტრის მწნილი" ჰქვია და $6 200 ღირს.
"კიტრის მწნილი" ახალ ზელანდიაში, მაიკლ ლეტის გალერეაშია გამოფენილი. ნამუშევარი სიდნეის ხელოვნების მუზეუმიდან ჩამოიტანეს. სიდნეის ხელოვნების მუზეუმის დირექტორის, რაიან მურის თქმით, ნამუშევრის შესახებ ხალხის რეაქციის კარგად ესმის.
"ნამუშევრის საპასუხოდ იუმორის გამოყენება დაუშვებელი არაა. მისაღებია, რადგან ეს მართლაც სასაცილოა", — ამბობს მური.
მურის თქმით, ნამუშევარი კითხვას სვამს, თუ რა მიიჩნევა დღევანდელ საზოგადოებაში ხელოვნებად.
"ზოგადად, ხელოვანები არ წყვეტენ, რა არის ხელოვნება და რა არა — ისინი უბრალოდ ქმნიან. არის თუ არა რაღაც ღირებული და მნიშვნელოვანი ხელოვნების ნიმუში ჩვენ, როგორც საზოგადოება, შეთანხმებულად ვწყვეტთ", — ამბობს მური.
ნამუშევრის მყიდველს დამატებით მაკდონალდსის ახალი ჰამბურგერის ყიდვა მოუწევს, რათა "კიტრის მწნილის" რეპლიკა ჰქონდეს. სამაგიეროდ, მყიდველს აღნიშნული ნამუშევრის შექმნის ინსტრუქციას მისცემენ, რათა მისი გამეორება სახლის პირობებში მოახერხოს.