ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მორიგი შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მორიგი შეხვედრა გაიმართა

21 ივნისს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რიგით 35–ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ბოლო პერიოდში რუსი მესაზღვრეების მიერ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში მავთულხლართების ინსტალაციის საკითხზე ისაუბრა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას რიგი პრობლემები შეექმნა, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების კუთხით. აღნიშნული პროცესი საფრთხეს უქმნის ადგილზე სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

შეხვედრაზე განიხილეს 2008 წლის ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგული საქართველოს მოქალაქეების საკითხი. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ცხინვალის ციხეში უკანონოდ იმყოფებიან და არსებული ინფორმაციით, მათ მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მკაცრად დაგმო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უპილოტო საფრენი აპარატების მიერ საქართველოს კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები.

მოლაპარაკებების შედეგად, შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, 29 მაისს რუსი მესაზღვრეების მიერ გორის რაიონის სოფ. დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპაციის ხაზის დარღვევისათვის დაკავებული როსტომ სოსიაშვილი გათავისუფლდა.