ოპონენტები მას თავის დროზე დაბალანსების პოლიტიკას უწუნებდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მტრობას მოჩვენებითი მეგობრობა მაინც სჯობდა. ედუარდ შევარდნაძე კვლავაც კრწანისის რეზიდენციიდან ადევნებს თვალს მოვლენების განვითარებას. ჩვენც იქ ვეწვიეთ და ქართველი პოლიტიკოსების მოქმედებაში შეპარული დაბალანსების მცდელობის ელემენტების ავკარგიანობაზე გავესაუბრეთ.
რატომ გააქტიურდნენ ასე ძალიან ქართველი ოპოზიციონერები, ანუ თქვენი ყოფილი თანაგუნდელები? მოსკოვში დასაყრდენს ეძებენ?
– არ მგონია. ვფიქრობ, საკმაოდ გულწრფელები არიან, როდესაც რუსეთთან ურთიერთობის გაბმას ცდილობენ. ბევრი წავა, ალბათ, და რუსეთიდანაც ჩამოვლენ.
არ მგონია, ჩვენმა პრეზიდენტმა შემოუშვას.
– ვინ იცის. ყველაფერი ხდება. მე არ ვიცი, კიდევ ვინ წავა აქედან, მაგრამ ბურჯანაძისა და ნოღაიდელის ჩასვლა გამართლებულად მიმაჩნია. ერთ-ერთ ინტერვიუში კიდეც მივესალმე მათ ამ მცდელობას, დაამყარონ კავშირი რუსეთთან. სხვებიც შეეცდებიან. რუსეთი არის უზარმაზარი მეზობელი, უდიდესი სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალით და, ადრე თუ გვიან, ნორმალური ურთიერთობა დამყარდება ამ ქვეყანასთან. ერთი და ორი ჩასვლა საქმეს არ შველის, მაგრამ, თუ ეს გაგრძელდება, ჩვენი ქვეყანა მხოლოდ მოიგებს, ისევე, როგორც რუსეთი არ წააგებს.
ქვეყანა მოიგებს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება თუ მოიგებს?
– ბურჯანაძე და ნოღაიდელი ხელისუფლებაში არ იყვნენ?!
იყვნენ, მაგრამ მათ ელაპარაკებიან, მიხეილ სააკაშვილზე კი ამბობენ, სამხედრო დამნაშავეა და არ დაველაპარაკებითო.
– ასეთი მკვეთრი პოზიციაც იცვლება ხოლმე და არ გამოვრიცხავ, რუსეთმაც შეცვალოს თავისი ეს დამოკიდებულება. გარდა ამისა, კიდევ რამდენ ხანს იქნება სააკაშვილი – ორი წელი, ნახევარი წელი?! მანამდე კი ეს კავშირები იმუშავებს და პერსპექტივაც გამოჩნდება.
ხელისუფლების გააფთრებულ რეაქციას რით ხსნით? ყოფილ თანამოაზრეებს ორჯონიკიძეებს უწოდებს.
– სისულელეა, რა დროს ორჯონიკიძეა.
თვითონ ნოღაიდელსა და ბურჯანაძეს თუ აქვთ დიპლომატიური შესაძლებლობები, თუ თავიანთი ყოფილობით არიან მომხიბვლელნი რუსეთის ხელისუფლებისთვის?
– მგონია, რომ ერთსაც და მეორესაც პასუხისმგებლობის გრძნობა ამოძრავებთ. ბევრი რამ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ვერ გააკეთეს, ახლა თავისუფლები არიან, მოქმედებენ და სჯერათ, თუ რუსეთთან არ დავათბეთ ურთიერთობა, საქართველო ისევ დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება.
შესაძლებლობა თუ აქვთ დასათბობად?
– ვერ გეტყვით, რომ ისინი სასწაულს მოახდენენ, მაგრამ მცდელობაც საქმეა. სხვათა შორის, თავის დროზე გამოვთქვი მოსაზრება, რომ რუსეთთან კავშირის აღსადგენად გამოვიყენოთ ფრიდონ თოდუა, რომელიც რუსეთში დიდხანს მუშაობდა; ვაჟა ლორთქიფანიძე, რომელიც სამი წლის განმავლობაში იყო ელჩი რუსეთში და ირაკლი მენაღარიშვილი, პროფესიონალი დიპლომატი, უზარმაზარი გამოცდილების მქონე.
მაგრამ არც მათ, არც ნოღაიდელს და არც ბურჯანაძეს არ აქვთ ლეგიტიმაცია. მათ არ შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება.
– ისიც მიღწევაა, თუ საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბდება, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა უნდა გაუმჯობესდეს. თუ მუდმივად აგრესორად მოიხსენიე და არ დაელაპარაკე, დღეს თუ ხვალ ისევ შემოვა საქართველოში და მაშინ ჩვენი საშველი აღარ იქნება. ასე რომ, ეს პატარა მცდელობებიც რაღაცას ნიშნავს.
ქართველი პოლიტიკოსების მცდელობა გასაგებია, როგორც ამბობენ, უარესის აცილებას ცდილობენ, მაგრამ რატომ გაუხსნა მათ გულისა და კრემლის კარი პუტინმა და არა მედვედევმა?
– ისინი ერთმანეთს შორის ინაწილებენ ფუნქციებს. პუტინი დიდი ხანია მუშაობს, კარგად იცნობს საქართველოს, თბილისსაც, დასავლეთ საქართველოს, აფხაზეთს. მედვედევი გუშინ მოვიდა. სხვათა შორის, მედვედევის სიტყვებია, სააკაშვილს არ დაველაპარაკებიო. პუტინს არ უთქვამს ეს. მედვედევს იმდენი გამოცდილება არ აქვს, მაგრამ, ჩემი შეხედულებით, უჭკუო კაცი არ არის. ასე რომ, პოლიტიკოსების მცდელობა, კავშირი დაამყარონ რუსეთთან, რასაც შემხვედრი ნაბიჯები მოჰყვა პუტინისგან, მხოლოდ დადებითად შეიძლება, შევაფასოთ.
პუტინი კარგად იცნობს საქართველოსო. აქ არც ერთხელ არ ყოფილა. საიდან გაიცნო? რას ემყარება მისი ცოდნა?
– მე მიცნობდა კარგად, ვმეგობრობდით და ბევრ ჩემს თანამებრძოლსაც იცნობდა. არც სამეგრელოში ყოფილა და არც გურიაში, მაგრამ საქართველოს იცნობს, ქართველებსაც. არაერთხელ მითქვამს, ჩემს დროს მე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვმეგობრობდი, ისინი გვეხმარებოდნენ და პუტინთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა.
პუტინი როგორი ადამიანია?
– მე რომ ვიცნობდი, ნორმალური იყო, ახლა არ ვიცი.
გულღრძოა, ბოღმიანია, კეთილშობილია თუ?
– ჩვენ ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. ხშირად ვიხსენებ ამ მაგალითს – 2002 წელს ალმა-ათაში ვიყავით, როდესაც ვუთხარი, მივიღე გადაწყვეტილება, ამერიკელებმა მოამზადონ ქართული ჯარი-მეთქი. ცოტა შეფიქრიანდა, შევატყვე, ეწყინა, ჩვენ მოგიმზადებთო. მე ვუთხარი, თქვენ არ გაქვთ იმდენი ფული, ისინი კი ფულში იხრჩობიან; თუ გინდა, ხელშეკრულება გავაფორმოთ და ხელს მოგიწერ, რომ არასდროს იქნება საქართველოში ამერიკული ბაზები-მეთქი. შემდეგ პრესკონფერენციაზეც თქვა, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და თვითონ წყვეტს, ვინ იყოლიოს მოკავშირედო. გალის რაიონში დევნილების დაბრუნებასაც პუტინმა შეუწყო ხელი.
რუსეთის ხელისუფლება მკაფიოდ ამბობს, რომ უკან ვერ წაიღებს აღიარებებს. მათი მოთხოვნაა, არ ვახსენოთ ეს საკითხი, ისე ვილაპარაკოთო. როგორ არ უნდა ვახსენოთ?
– ახლა არ უნდა ვახსენოთ. მე ვთქვი და გავიმეორებ, ადრე თუ გვიან, დავიბრუნებთ აფხაზეთს და ამის ინიციატორი იქნება რუსეთი. შეიძლება, მე ვერ მივაღწიო იმ დღემდე, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება და მოხდება რუსეთის ინიციატივით. დაიმახსოვრე!
თქვენი პრეზიდენტობის დროს შემუშავდა თავდაპირველად, ფედერაციული მოწყობის, შემდეგ კონფედერაციული მოწყობის გეგმა და, როგორც ზატულინმა მითხრა, ეს ორივე შემთხვევაში უნდა ყოფილიყო რუსეთის გარანტიით. ახლაც ასე იქნება? ეს ხომ იგივეა, რაც დაკარგვა?
– შეიძლება, იყოს რუსეთის გარანტიით, ქვეყანა არ დაიქცევა. თუკი აფხაზები მიიღებენ გადაწყვეტილებას, იცხოვრონ ქართველებთან ერთად, მათ შეიძლება, მოითხოვონ გარანტია, რომ საქართველო ისევ არ დაგვესხას თავსო. ამაში საშიში არაფერია, მთავარია, აფხაზები დარწმუნდნენ, რომ ქართველებთან ერთად უნდათ ცხოვრება.
მაშინ თქვენ დროს რატომ არ დათანხმდით ამ ვარიანტს? ფედერაცია ხომ აშკარად სჯობს კონფედერაციას?
– მაშინ სხვა დრო იყო. ჩემს დროს შეცდომა იყო ის, რომ კიტოვანი შევარდა სოხუმში და ქალაქი დაარბია. სოხუმში არ უნდა შესულიყო, მაგრამ კიტოვანი მე არ მემორჩილებოდა; გვარდია არ ემორჩილებოდა სახელმწიფო საბჭოს.
თუმცა კიტოვანი ახლაც მოსკოვში ცხოვრობს?
– წინააღმდეგი ხართ?!
არა, მე არ ვარ წინააღმდეგი, უბრალოდ მიკვირს, რუსეთი რატომ არ არის წინააღმდეგი, მოსკოვში იცხოვროს ადამიანმა, რომელმაც დაარბია სოხუმი? მეც გამიგია თვითმხილველებისგან, რომ ის არ პასუხობდა თქვენს სატელეფონო ზარებს, როდესაც სოხუმში შედიოდა.
– შეიძლება, სოხუმში შესვლა რუსეთის კარნახი იყო?!
თქვენ გეკუთვნით გამონათქვამი: საქართველომ ნატოს კარს მიუკაკუნაო. ახლა რას ვაკეთებთ, თუ არ ვცდები, 9 წლის შემდეგ?
– ახლაც ვაკაკუნებთ.
დამთავრდა ნატოს მითი საქართველოში?
– მგონია, რომ არ დამთავრდა, მაგრამ მე მაინც ევროკავშირს ვანიჭებ უპირატესობას.
ისინი რომ არ გვანიჭებენ?
– სარკოზი ვინ არის?
საფრანგეთის პრეზიდენტი.
– მერე და, ევროკავშირში არ შედის საფრანგეთი?! ევროკავშირის თანხმობის გარეშე ჩამოვიდოდა საქართველოში ან რუსეთში?! სარკოზი კარგი პიროვნებაა, მაგრამ ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე ამას ვერ გააკეთებდა.
ჩვენი ხელისუფლება აშკარად ლანძღავს რუსეთს და ხანდახან ზომაზე მეტად აკრიტიკებს ევროკავშირის ორ წამყვან ქვეყანას: საფრანგეთსა და გერმანიას.
– მე რომ მათ ადგილას ვიყო, ამას არ გავაკეთებდი. რა გაგვიკეთეს გერმანიამ ან საფრანგეთმა ცუდი?! „ეგრე არ არის, თაყაო, შენ რომ მამული გაყაო“. მთავარია, ევროკავშირში შევიდეთ. სხვათა შორის, გერმანელებთან მე ახლაც საუკეთესო ურთიერთობა მაქვს. გერმანიაში რომ ჩავდივარ, ხალხი მესალმება და ტაშს მიკრავს, იციან, რომ გარკვეული წვლილი მიმიძღვის გერმანიის გაერთიანებაში. გერმანელები მადლიერი ხალხია.
რაკი გერმანიის გაერთიანება ახსენეთ: ხელისუფლება გვპირდება, რომ, როგორც ორად გაყოფილი გერმანია გაერთიანდა, ზუსტად ასევე გაერთიანდება რუსეთის მიერ გაყოფილი საქართველო. ეთანხმებით?
– აფხაზეთის დაბრუნება დაკავშირებული იქნება რუსეთის ინიციატივასთან. არა, ეს არ ჰგავს ორად გაყოფილ გერმანიას. ცხინვალის კედელი ჩვენ თვითონ შევქმენით. როგორც ისტორიიდან ვიცით, წინა საუკუნის დასაწყისში ოთხი-ხუთი ოსი ოჯახი ჩამოვიდა მთებიდან ცხინვალში, სადაც, ძირითადად, ებრაელები და ქართველები ცხოვრობდნენ. როდესაც როკის გვირაბის მშენებლობის საკითხი დაისვა, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. მთავრობის ხელმძღვანელი მაშინ პატარიძე იყო. ისიც ამის წინააღმდეგი იყო, მაგრამ საკავშირო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარემ ბაიბაკოვმა დაიბარა მოსკოვში და აიძულა, თანხმობა მიეცა. ამ საკითხით პოლიტბიუროს რამდენიმე წევრი იყო დაინტერესებული, ოსების ინტერესებს იცავდნენ. ბაიბაკოვმა რომ გაიგო, მე წინააღმდეგი ვიყავი, დამირეკა და მითხრა, კავკასიონის იქით, როკის გვირაბის შემოსასვლელთან, 50-60 ჰექტარს გამოგიყოფთ, ააშენეთ თქვენი საკონტროლო პუნქტიო. შემდეგ მოსკოვში წავედი და ეს გეგმა ვერ განვახორციელე. მე მქონდა გეგმა, ამ გვირაბის მაგიერ რკინიგზა გაგვეყვანა მცხეთიდან პირდაპირ როსტოვამდე.
კიდევ კარგი, არ გაიყვანეთ, თორემ იმ რკინიგზითაც შემოიყვანდნენ ტანკებს რუსები აგვისტოში.
– თუ რკინიგზას გავიყვანდით, დაცვაც იქნებოდა.
ჩვენ უკვე ორჯერ ვნახეთ, რის დამცველები ვართ.
– არც 1992 წელს უნდა შევსულიყავით სოხუმში და არც 2008 წელს – ცხინვალში. არ ვიყავით მზად.
ასევე, თქვენ დროს ჩაეყარა საფუძველი საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებს: სუფსის ტერმინალიც მუშაობს, ბაქო-ჯეიჰანიც და ბაქო-ერზრუმიც, მაგრამ საქართველოზე გამავალ „ნაბუკოს“ პირი არ უჩანს. გაქრა ეს პერსპექტივა?
– არა, გადაიდო. ხელწერილს ვერ დაგიწერთ, მაგრამ „ნაბუკო“ იქნება. რამდენიმე პროექტი იყო: რუსეთის გავლით, ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით; ყველაზე იაფი ჯდება საქართველოზე გამავალი პროექტი.
და რუსეთი ამას დაუშვებს?
– როგორ მოხდა ჩემს დროს ჯეიჰანის, ერზრუმის, სუფსის გაშვება? რუსეთი არ იყო მაშინ?! – იყო.
ანუ პოლიტიკური ტექნიკის საქმეა?
– რა თქმა უნდა.
ნეიტრალიტეტი არის რუსეთთან მოლაპარაკების თემა?
– ჯერჯერობით არ არის, რადგან ჯერ თვითონ რუსეთის დამოკიდებულება უნდა გავიგოთ. დაუჭერს მხარს რუსეთი საქართველოს ნეიტრალიტეტს? მოვა დრო და მგონია, რომ დაუჭერს.
თქვენ ბრძანეთ, პუტინს შევთავაზე, ხელს მოგიწერ, რომ ნატოს ბაზები არ განთავსდებაო. გაფორმდა ასეთი შეთანხმება მაშინ თქვენ შორის?
– არა, სიტყვაზე მენდო, მჯერაო.
პუტინი სიტყვის კაცია?
– მაშინ იყო. 2003 წლის მარტში სოჭში შეხვედრისას გაკეთებული განცხადებით, მან ლტოლვილების დაბრუნება გალში, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ფაქტობრივად, გარანტირებული გახადა. ეს იყო სიტყვიერი შეთანხმება.
გეწყინათ არძინბას დაღუპვა?
– ამქვეყნიდან წასულებზე ცუდს არ ამბობენ, მაგრამ კარგის თქმის საფუძველიც არ მაქვს.
ყველა, თუ კომუნისტური პარტიის წევრი არ იყო, „მოქალაქეთა კავშირიდან“ მოვიდა ხელისუფლებაში. შემდეგ მათ შექმნეს „ნაციონალური მოძრაობა“, იქიდან გამოსულებმა – სხვა პარტიები. სულ ერთი და იგივე ხალხი უნდა იყოს ხელისუფლებაში?
– ეს პოლიტიკოსების სენია. როდესაც „მოქალაქეთა კავშირიდან“ წამოვედი, ისინიც გაიყარნენ, ზოგი „ნაციონალებში“ შევიდა, ზოგიც – სხვაგან.
ესე იგი „ნაციონალურ მოძრაობასაც“ იგივე მოუვა, რაც „მოქალაქეთა კავშირს“?
– ალბათ, ასე იქნება.
გააფთრებული პროდასავლელები დღეს გახდნენ ნეიტრალები. მისაღებია პოლიტიკაში ორიენტაციის ასეთი რადიკალური ცვლილებები?
– ყველაფერი ხდება. ხანდახან 180 გრადუსითაც შებრუნდება ხოლმე სახელმწიფო. მე ვთქვი ერთხელ და გავიმეორებ, როდესაც სტადიონზე 100 000 კაცი შეიკრიბა, სამებაში წავიდნენ. რა უნდოდათ სამებაში?! უნდა წასულიყვნენ იქ, სადაც უნდა წასულიყვნენ, სადაც მიზანი იყო.
ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილი უფრო მოხერხებული და რისკიანია?
– არა, ყველაზე მოხერხებული და ჭკვიანი იყო ჟვანია.
ოღონდ იყო.
– იყო… ახლანდელი ხელისუფლება ბევრ შეცდომას უშვებს.
მაგრამ არა იმდენს, რომ რევოლუცია მოუწყოს ხალხმა.
– ხალხმა უკვე იცის, რომ რევოლუცია სიკეთეს არ მოუტანს. მხოლოდ ხალხი დაიხოცება და სისხლი დაიღვრება. ყველაფერს თავისი დრო აქვს.
სააკაშვილი როდის ამოწურავს თავის პოლიტიკურ დროს?
– მგონია, რომ ბოლომდე ამოწურავს თავის ვადას.
ბურჯანაძე არის სააკაშვილის ალტერნატივა?
– არ მგონია, რომ ბურჯანაძეს პრეზიდენტობის პრეტენზია ჰქონდეს. ბურჯანაძე პატრიოტი ქალია, საკმაოდ განათლებული, საკმაოდ გამბედავიც. სააკაშვილის გუნდიდან გამოსვლას ხომ გაბედვა უნდა?! მოსკოვში ჩასვლაც რთული გადაწყვეტილება იყო. არ მგონია, პრეზიდენტობა უნდოდეს, თუმცა ყველაფერი შეიძლება, მოხდეს.
ალასანიას უნდა პრეზიდენტობა?
– ალასანია კარგი ბიჭია, განათლებული, მოქნილი გონების, სხვებიც არიან. ბოლოს და ბოლოს, გაჩეჩილაძემ სააკაშვილს დედაქალაქში მოუგო არჩევნები. ოპოზიციაში ბევრი ჭკვიანი პიროვნებაა და, რაც დრო გადის, უფრო იზრდებიან და ყალიბდებიან, როგორც პოლიტიკოსები.
ამ ბოლო დროს პოლიტიკოსი კაცები ატირდნენ. რას იტყვით ამაზე?
– თქვენ ტირით?
ღვთის მადლით, ძალიან იშვიათად, განსაკუთრებულ შემთხვევებში.
– ნაკლი ყველას აქვს.
რას ურჩევთ ერთმანეთსა და პრობლემებს შეჭიდებულ ქართველ პოლიტიკოსებს?
– ცხოვრებისგან ისწავლონ, იაზროვნონ. მართალია, ჭკუა აქვთ, მაგრამ აზროვნება სხვა რამაა. აზროვნება პროცესია. თუმცა ვხედავ, რომ საკმაოდ გაიზარდნენ.
ენდობათ ქვეყანა?
– ჯერ არა, ორი-სამი წელი უნდათ კიდევ.
ევროპა გარკვევით ამბობს, საქართველომ თვითონ უნდა მოაგვაროს ურთიერთობა რუსეთთანო, დაიბანა ხელი?
– ჰილარი ქლინთონმა მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, იმავეს ამბობენ ევროპელი ლიდერებიც. რატომ არ აქცევთ ამას ყურადღებას?!
ვაქცევ, მაგრამ რა იცვლება ამით? მიგაჩნიათ ეს განცხადებები საკმარის მხარდაჭერად?
– რუსეთთან ომი არ შეიძლება არც გერმანიისთვის, არც ამერიკისთვის. მათ უნდათ, რომ ითანამშრომლონ, რუსეთი უნდა დაარწმუნონ, რომ საქართველოს დახმარება აუცილებელია.
რა რჩევას მისცემდით რუსეთის ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად წასულ ქართველებს?
– უპირველესად, შეთანხმება უნდა იყოს ზოგადი, რომ ჩვენ ვართ კეთილი მეზობლები და სწორედ კეთილმეზობლობის შესახებ უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება. არ ვიცი, ლარსის გახსნამდე გააფორმეს თუ არა ხელშეკრულება, რომ რუსეთი ლარსს არ გამოიყენებს იარაღისა და ტანკების გადასაყვანად, თუმცა, თავისთავად, ლარსის გახსნა ჩვენთვისაც ხელსაყრელია. გითხარით, რომ მოვა დრო და აფხაზეთზეც ვიმსჯელებთ, ცხინვალზეც, მაგრამ ჯერჯერობით ადრეა. ჯერ უნდა დაარწმუნო რუსეთი, რომ ჩვენ კეთილი მეზობლები ვართ.