„კბილაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაანთავისუფლებენ და ცოტა უპატივცემულო ფორმით“

„კბილაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაანთავისუფლებენ და ცოტა უპატივცემულო ფორმით“

კახა კუკავა გენერალური პროკურორის თანამდებობიდან განთავისუფლებას ითხოვს. მმართველი კოალიცია კი ამ მოთხოვნას რეაგირების გარეშე ტოვებს. თუმცა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კბილაშვილის განთავისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პროგნოზირებს და აცხადებს, რომ მთავრობა პერსონალურად კბილაშვილზე აპირებს რეფორმის ჩავარდნის გადაბრალებას. როგორც მან for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა მთავარ პროკურატურას დღეს განაგებს ლაშა ნაცვლიშვილი.

თქვენ ითხოვთ მთავარი პროკურორის განთავისუფლებას და ამის მიზეზად ასახელებთ იმ გარემოებას, რომ ხალხის ძალიან დიდი პროცენტი უკმაყოფილო მისი მუშაობით. რის საფუძველზე აცხადებთ ამას?

- ვერ უძღვება თავის დაკისრებულ ფუნქციებს. უკმაყოფილოთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა ვერ მოხდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკუთვნის და კერძოდ, - ივანიშვილს, ხუხაშვილს, მარგველაშვილს და იმ ადამიანებს, რომლებიც რეალურად შეადგენენ ახალი ხელისუფლების გუნდს. ბუნებრივია, თვითონ არაფერს დაიბრალებენ, ამიტომ მაქვს ვარაუდი, რომ იტყვიან მთავარი პროკურორი ვერ გაუძღვა საკუთარ მოვალეობასო და მას გაანთავისუფლებენ. ეს მოხდება საპრეზიდენტო არჩევნებამდე და ცოტა უპატივცემულო ფორმით.

ისიც იცით ვინ შეცვლის მას?

- მთავარ პროკურატურას დღეს განაგებს ლაშა ნაცვლიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მას პირველი მოადგილის პოსტი აქვს, გარწმუნებთ, რომ ის დღეს ბევრად უფრო მეტს წყვეტს პროკურატურის სისტემაში, ვიდრე ბატონი კბილაშვილი. ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად არ მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩადენილი მძიმე დანაშაულში მხილებული პირების დასჯა. დაპირება იყო, რომ წინა ხელისფლების დროს რეპრესირებული პირების რეაბილიტაცია უნდა მომხდარიყო და ჩვენ ვხედავთ, რომ არც ეს პროცესი არ მიმდინარეობს. რიგ შემთხვევაში, ადგილი აქვს შერჩევით მართლმსაჯულებას, არაკვალიფიციურ გამიძიებას, რაც უკვე გახდა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ქართული სახელმწიფოს კრიტიკის საფუძველი. უნდა მოიძებნოს უფრო კვალიფიციური კადრი, რომელიც ამ ყველაფერს თავს გაართმევს. ეს არაა მარტო ჩვენი პოზიცია. ამავე პოზიციაზე დგას თვითონ უმარვლესობის რიგი წევრები.

კონკრეტულად ვინ?

- იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა განცხადება, მათ შორის უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა. სრულიად აშკარაა, რომ ეს განწყობა უმრავლესობაშიც და საზოგადოებაშიც არის მზარდი. ეს ყველაფერი ზიანს აყენებს არა მარტო პროკურატურის იმიჯს, არამედ მთლიანად ხელისუფლების იმიჯს, რომ ისინი კოაბიტაციის პოლიტიკიდან გამომდინარე, არ აპირებენ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას.

დაკავებულები არიან ყოფილი შს და თავდაცვის მინისტრები. საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული იუტიციის მინისტრის წინააღმდეგ. გარდა ამისა, არის სისხლის სამართლის საქმეები, როდესაც მაღალჩინოსნები სასამართლომ გაანთავისუფლა სასამართლო დარბაზიდან, მაგალითად - გიგი უგულავა, ალეკო ხეთაგური, ნიკა გვარამია და სხვები...

- აღძრულია ძალაინ ცოტა სისხლის სამართლის საქმე. იმ პირობებში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ უმძიმეს დანაშაულზე 2 დაპატიმრებული არის ძალიან ცოტა. არის საქმეები რომელზეც ფორმალურად მიდის ძიება.

მაგალითად?

- სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე და 26 მაისი, დღემდე ამ საქმეების გამოძიება დასრულებული არაა. არის საქმეები რომელზეც საერთოდ არ მიმდინარეობს გამოძიება - 7 ნოემბრის და ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეზე გამოძიება არ მიდის. ხელისუფლება ხშირად საუბრობს პოლიტიკურ ამნისტიაზე, მაგრამ თქვენ ახსენეთ, რომ, თითქოს, სასამართლო ქმნის რაიმე პრობლემებს. სასამართლო არანაირ პრობლემებს არ ქმნის როდესაც ეს პროკურატურას უნდა.

ყველაზე სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს „ქართუ ბანკის“ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება, „ქართუ ბანკმა“ დაიბრუნა უკვე რამოდენიმე ასეული დოლარის ღირებულების ქონება და ზარალი აინაზღაურა. ამ კონკრეტულ საქმეზე ყველა დამნაშავეს შეეფარდა აღმკვეთის ღონისძიება. სრულიად ლოგიკური კითხა უჩნდებათ მოქალაქეებს -

თუ კი ვერ მოახერხა მთელმა საქართველომ, რომ ერთი ჯიხური ვისაც წაართვეს, ის ჯიხური დაებრუნებინა, როგორ მოახერხა „ქართუ ბანკმა“ ქონების დაბრუნება ისე, რომ მათთვის არც რიგია პრობლემა და არც სასამართლო? ეს შეკითხვა არსებობს და ამ შეკითხვაზე მთავარ პროკურატურას პასუხი არ აქვს. ამას მთელს მსოფლიოში ეწოდება შერჩევითი მართლმსაჯულება. ეს არის პრემიერ მინისტრის კოაბიტაციის პოლიტიკის შედეგი და აქ, რა თქმა უნდა, უსამართლობა იქნება ბატონი კბილაშვილისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება.

მაშინ რატომ ითხოვთ კბილაშვილის განთავისუფლებას?

- კბილაშვილი ყველაზე სუსტი რგოლია ამ ყველაფერში და გარდა ამისა, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ივანიშვილს აქვს ხალხის მხარდაჭერა, შეიძლება არა იმდენი, რამდენიც 1 ოქტომბერს, მაგრამ სოლიდური მხარდაჭერა მას აქვს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ პირველ ეტაპზე, ვითხოვთ კბილაშვილის გადაყენებას, თუმცა კბილაშვილის გადაყენებაში ვგულისხმობთ არა მარტო მისი პიროვნული პასუხისმგებლობის საკითხის დასმას, არამედ მოხდეს მთლიანად პროკურატურის მუშაობის შედეგების გადახედვა. გარდა იმისა, მიმდინარეობს „ნაციონალებისა“ და „ოცნების“ პოლიტიკური თანამშრომლობა, მიმდინარეობს ფინასური თანამშრომლობა. სრულიად აშკარაა, რომ კეზერაშვილი და ხუხაშვილი ერთმანეთზე კუდებით არიან გადაბმული და თუ ადრე რეკეტს ახორციელბდა კეზერაშვილი, დღეს ამ რეკეტს ახორციელებს ხუხაშვილი.

ამის მტკიცებულება გაქვთ?

- მტკიცებულება მაქვს და ამიტომაც გამოვიწვიე დებატებში ბატონი ხუხაშვილი და მივითხოვე, რომ პროკურატურამ დამკითხოს, მაგრამ დღევანდელი პროკურატურა არის ყრუ. დღევანდელ ხელისუფლებას მე ვაფრთხილებ, რომ ნუ არიან გაბრუებული თავისი რეიტინგით, ასე იყო გაბრუებული თავისი რეიტინგით სააკაშვილი, როდესაც ადეიშვილი ჩადიოდა უკანონობებს და ამაზე პასუხისმგებლობა სააკაშვილს 2007 წელს მოუწია და ვნახეთ რა პროცესებიც განვითარდა. ის, რასაც აკეთებს კბილაშვილი, იუსტიციისა და შსს-ს კორუმპირებული სისტემა, ამაზე პირადად ბიძინა ივანიშვილს მოუწევს პასუხისმგებლობა. შეიძლება არა 2013, მაგრამ 2014-2015 წლებში ის ძალაინ მწარედ იწვნევს თავის ზურგზე იმ მავნე კორუმპირებული და შერჩევითი მართლმსაჯულების შედეგებს, რომელსაც ახლა ახორციელებენ მისი სახელითა და მისი მხარდაჭერით.

კონკრეტული მაგალითი შეგიძლიათ მოიყვანოთ?

- გია ხუხაშვილი, რომელსაც არ აქვს არანაირი პოსტი, მან გააგზავნა ქართველ მეწარმესთან დავით იაკობაშვილთან მისი ხალხი და „სთხოვა“ რომ დაებრუნებინა სახელმწიფო ხაზინისთვის მრავალმილიონიანი ქონება და ბატონი იაკობაშვილი დადებითად მოეკიდა ამ თხოვნას და უსასყიდლოდ დააბრუნა ეს ქონება. როგორც ივანიშვილმა განაცხადა ის ავალებს გია ხუხაშვილს დაალაგოს ქართულ ეკონომიკაში ბიზნეს ურთიერთობები. ეს არის ზუსტად ის ფორმა ურთიერთობისა რომელსაც იყენებდა მიხეილ სააკაშვილი, როდესაც კერძო მეწარმეები სახელმწიფოს ჩუქნიდნენ ქონებას და მაშინაც ისინი ამბობდნენ, რომ სახელმწიფოს უბრუნებენ მეწარმეები მიტაცებულ საკუთრებას.

თუ ვინმეს რაიმე აქვს მიტაცებული, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ძალიან ბევრი ქონება აქვს მიტაცებული, ამაზე უნდა იმუშაოს სასამართლომ, პროკურატურამ და არა გია ხუხაშვილმა იმავე მეთოდებით, რა მეთოდებითაც მუშაობდა კეზერაშვილი. მაქვს ინფორმაცია, რომ იაკობაშვილზე ადგილი ჰქონდა ზეწოლას და ის აპირებს შეწყვიტოს თავისი ბიზნესი საქართველოში.

ვისგან ჰქონდა ზეწოლა, ხუხაშვილსგან?

- დიახ, ხუხაშვილისგან. ეს არის რეკეტი, როდესაც კერძო პირი პრემიერ-მინისტრის დავალებით ახორციელებს ამ პროცესს. თუ ვინმე მეტყვის რა ჰქვია როდესაც გია ხუხაშვილი ან დავით კეზერაშვილი მიდის მეწარმესთან და ეუბნება, რომ უნდა დააბრუნო ხვალ ეს ქონება და ეს მეწარმე აბრუნებს თავის 20 მილიონიან ქონებას, თუ ამას რეკეტის გარდა რაიმე სახელწოდება აქვს, მაშინ მაინტერესებს რომელი იურისტი იტყვის, რომ ეს შეიძლება რაიმე ლეგალურ ჩარჩოში იქნეს განხილული.

ფაქტი მეორე, რაც შეეხება კვერცხის იმპორტს, რომელთან დაკავშირებითაც ვითომ დააპატიმრეს ბატონი გელა ხვედელიძე, ქართული საზოგადოება მოატყუეს. სინამდვილეში ბატონი ხვედელიძე ამ დროს სეირნობდა პრაღის ბულვარებში და ამ ინფორმაციაზე შსს-ს დღემდე კომენტარი არ გაუკეთებია და არც ბატონი ხუხაშვილისთვის არ წაუყენებიათ ბრალი.

ანუ დაკავებული არ ყოფილა ხვედელიძე?

- ის არ ყოფილა დაკავებული. ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა ძალიან ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალეობამ“. მაშინ, როდესაც ბრალი წაუყენეს ხვედელიძეს და ამ საქმეში მონაწილე ყველა მოწმე მიუთითებდა, რომ ხვედელიძე იყო მხოლოდ თანამონაწილე, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორი იყო ხუხაშვილი. ძალიან საოცარი იყო, რომ ამ დანაშაულის თანამონაწილე სახელდებოდა პროკურატურის მაღალჩინოსანი და მას დაავალეს საქმის გამოძიება.

მაგალითი მესამე - საქართველოში საწვავის ბიზნესიდან, რომ 60% მიდიოდა კეზერაშვილის ჯიბეში, ამაზე საუბრობდა „ქართული ოცნება“. საწვავის განბაჟება ხდება 1.60 თეთრად, სახელმწიფო ორგანიზაციები ყიდულობენ 1.80 თეთრად, რიგითი მოქალაქეები ყიდულობენ 2.10 თეთრად. 50 თეთრიანი განსახვავება მიდის კერძო პირის ჯიბეებში. თუ გავითვალისწინებთ წინა ორი პუნქტიდან გამომდინარე ვინ აკონტროლებდა საქართველოში ამ ყველაფერს, აქიდან გამომდინარე, ლოგიკურად ისმევა კითხვა, სად მიდის ახლა ეს ფული?

კეზერაშვილიც იყო ერთგავარი ბრენდი, მის ჯიბეში კი არ მიდოდა ყველაფერი, ალაგებდა და კურირებდა ამ საქმეებს, ასევეა ხუხაშვილიც. ყველაფერს თავისი ჯიბეში კი არ იდებს, სხვის ჯიბეებშიც ანაწილებს. ფიზიკური ურთიერთობა ამ ხალხთან როგორც ადრე უხდებოდათ კობა ბექაურს და დავით კეზერაშვილს, ახლა ფიზიკურად ამ ხალხთან ურთიერთობა უხდება სწორედ ხუხაშვილს. ის მარტო არ მოქმედებს და დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად ეწევა ამ საქმიანობას.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავების შესახებ ინფორმაცია სწორედ გელა ხვედელიძეს მიაწოდა დათა ახალაიამ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აუდიო ჩანაწერებიც უშუალოდ მან გადასცა ხვედელიძეს...

- ამასთან დაკავშირებით ვაგროვებთ მტკიცებულებებს. დიახ ჩემი ინფორმაციით, ეს მოხდა შეთანხმების საფუძველზე და შემიძლია გამოვთქვა ვარაუდი, რომ თუ დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდება, ის აღმოაჩენს, რომ ეს კადრები ამ სამალავში გადატანილი იქნა უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში და ის არანაირ სამალავში არ ინახებოდა. ეს კადრები რეალურად ინახებოდა სხვაგან.