"ნაპოლიმ" იტალიის ნაკრების შემტევთან ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია

„ნაპოლი“ ახლოსაა „სასუოლოსა“ და იტალიის ნაკრების თავდამსხმელის ჯაკომო რასპადორის შეძენასთან.

ინტერესი „სასუოლოს“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი კარნევალემაც დაადასტურა. ნეაპოლელები მზად არიან 30 მილიონი ევრო გაიღონ და ფეხბურთელთან პირად კონტრაქტზე შეთანხმებასაც მიაღწიეს. თუმცა, ჯერჯერობით „სასუოლო“ ცდილობს ერთ-ერთი ლიდერი შეინარჩუნოს, მაგრამ ფეხბურთელის სურვილიდან და მაღალი შეთავაზებიდან გამომდინარე ტრანსფერის შანსი მაღალია.

რასპადორის შეტევაში ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლია: ფორვარდად, მარჯვენა და მარცხენა ფლანგსა და ფორვარდის უკან ცენტრში. ის ნეაპოლში დრის მერტენსის შემცვლელად ესახებათ. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლური გამოცემები ვარაუდობენ, რომ „ნაპოლის“ სათამაშო სქემა შეიცვლება და 4-3-3-ის ნაცვლად 4-2-3-1 გახდება. ფორვარდის პოზიციაზე ოსიმენი იქნება, მარჯვნივ ლოზანო, ცენტრში რასპადორი და მარცხნივ კვარაცხელია.

22 წლის ფეხბურთელი „სასუოლოში“ 2018 წლიდან თამაშობს და 79 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი, ხოლო იტალიის ნაკრებში 13-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა, გასულ წელს კი ევროპის ჩემპიონი გახდა.