ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ მცველი ლუკა ლოჩოშვილი იტალიურ „კრემონეზეს“ დაუკავშირეს. ამის შესახებ Sportitalia იტყობინება.
ჟურნალისტ ჯანლუიჯი ლონგარის ცნობით, სერია A-ში ახლახან აღზევებული კლუბის სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა ლუკას აქტიურად აკვირდება და ინტერესი სერიოზულია.
მანამდე ლოჩოშვილი „სამპდორიას“, „ტორინოს“, „უდინეზესა“ და „ვერონას“ დაუკავშირეს, თუმცა, მხოლოდ დაკვირვების კუთხით, „კრემონეზეს“ შემთხვევაში კი ინტერესი უფრო რეალურია. მოგეხსენებათ, კრემონული კლუბი ამ სეზონს სერია A-ში გაატარებს.
24 წლის ლოჩოშვილს „ვოლფსბერგერში“ 2020 წლიდან 69 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გაიტანა. მას ავსტრიულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ლუკამ საქართველოს ნაკრებში ორჯერ ითამაშა (ბულგარეთთან და ესპანეთთან გასულ წელს წაგებულ მატჩებში).