ზაზა ფირალიშვილი: „ოპოზიციაში ნიჭიერი ადამიანების დეფიციტია“

ზაზა ფირალიშვილი: „ოპოზიციაში ნიჭიერი ადამიანების დეფიციტია“

[როზი ჯღამაია]
საქართველოში მაღალი რანგის, უცხოელი პოლიტიკოსების გახშირებულმა ვიზიტებმა (რაც თავისთავად მისასალმებელია) კიდევ უფრო მეტი დაბნეულობა შეიტანა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. საზოგადოება ხედავს, რომ დასუსტებული ქართული ოპოზიციური სპექტრის და ვიზიტების ბუნდოვანი მიზეზების ფონზე, ხელისუფლება ძველ „დიდებას“ იბრუნებს. მოჩვენებითია ეს დიდება თუ არა, ამას მომავალი აჩვენებს, მაგრამ ახლა ოპტიმიზმისთვის სულ უფრო ცოტა მიზეზი გვრჩება.

საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე, ოპოზიციის როლზე და ხელისუფლების „ძლევამოსილებაზე“ presa.ge–ს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ესაუბრება.

ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ მაინც გაუგებარი დარჩა ბოლოდროინდელი უცხოელი სტუმრების ვიზიტების მიზანი. თქვენ რა ახსნას უძებნით იმ ფაქტს, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დასავლელმა ლიდერებმა თითქმის, ერთდროულად გადაწყვიტეს საქართველოში სტუმრობა?
– მე საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ზოგადი ვარაუდის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს მედვედევის ამერიკაში ვიზიტის შედეგი. ამ ვიზიტმა საკმაოდ მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა საერთაშორისო ცხოვრებაში, რაც ჯერ შესაძლოა, ნაკლები შესამჩნევი იყოს, მაგრამ მე მეჩვენება, რომ, როცა მედვედევის ვიზიტის შემდეგ აპატიმრებენ რუს ჯაშუშებს, ეს საკმაოდ თვალსაჩინო მესიჯია შეერთებული შტატების მხრიდან.

როგორც ჩანს, ამერიკა არ აპირებს რუსეთი განიხილოს, როგორც თანასწორუფლებიანი პარტნიორი და როცა საჭირო გახდება, როგორც გათამამებულ პატარა ბიჭს, ყურსაც აუწევს. ალბათ, გახსოვთ, რუსების რეაქციაც, როგორი თავშეკავებული და მობოდიშე იყო. პუტინმა იმედიც კი გამოთქვა, რომ ეს შემთხვევა არ გააფუჭებდა გადატვირთვის პოლიტიკას. შტატებმა თავისი ძალა აჩვენა და ის შთაბეჭდილება, რომ ობამა არის სუსტი მმართველი და მან საგარეო პოლიტიკა თვითდინებაზე მიუშვა, მთლად ასე არ ყოფილა. მე არ გამოვრიცხავ, რომ კუშნერის ვიზიტიც ამ მესიჯთან ყოფილიყო დაკავშირებული.

ჯაშუშების დაკავების ფაქტს, ექსპერტთა ნაწილი, სწორედ რომ ობამას სისუსტეს მიაწერს. ისინი თვლიან, რომ „რესპუბლიკელებმა“ კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს დემოკრატ პრეზიდენტს თავიანთი სიძლიერე.
– ჩვენ ქართული საზომებით ვუყურებთ ამერიკის პოლიტიკას. ეს, სავსებით შესაძლებელი იყო საქართველოში მომხდარიყო. რამდენადაც მე ამერიკულ პოლიტიკას ვიცნობ, ამერიკის საგარეო პოლიტიკა ერთ უმთავრეს პრინციპს ეყრდნობა – სახელმწიფოებრივი ინტერესები ყოველთვის პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას და საგარეო პოლიტიკაშიც, სხვადასხვა პარტიულ ინტერესებს შორის თანხმობაა. ჩვენს პოლიტიკოსებს კი ეს ავიწყდებათ და ჩვენ ხომ ამის უამრავ ფაქტს ვხედავთ, როცა პარტიული ინტერესებს ქვეყნის საერთაშორისო ინტერესებს ანაცვალებენ.

ყველა ამ ვიზიტს ლაითმოტივად გასდევდა ტერმინი „ოკუპაცია“, რამაც ეიფორიაში ჩააგდო ხელისუფლება, თუმცა, კუშნერი კლინტონისგან განსხვავებით, მაინც მოერიდა ამ ტერმინის გამოყენებას, როგორ ფიქრობთ რატომ?
– დასავლური ყაიდის საერთაშორისო ურთიერთობებს, თავისი „ოქროს წესები“ აქვს. პირველი „ოქროს წესია“ – არასოდეს არ ჩატეხო ყველა ხიდი. ის, რომ კუშნერმა არ იხმარა ეს ტერმინი სავსებით გასაგებია. ანუ, დასავლეთი რუსეთს თავის ორ სახეს აჩვენებს, ერთის მხრივ აჩვენებს, რა შეუძლია შეარქვას რუსეთის ქცევას რეგიონში, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთისკენ ნაბიჯებს დგამს. უახლოეს მომავალში, თუ არ ვცდები, მერკელი ურალში ჩადის და დარწმუნებული იყავით, რომ იქაც არ იქნება მკვეთრი განცხადებები.

გარდა ამისა, არსებობს მეორე რამ, დღეს შეერთებული შტატები უფრო იდეალისტურია თავის პოლიტიკაში, ვიდრე დასავლეთ ევროპა. დასავლეთ ევროპა უფრო პრაგმატულია და ჩაჭიდებული თავის კომფორტს – გაზის კომფორტს. ამდენად, მისგან მოლოდინი, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს, არ უნდა გვქონდეს.

რას ემსახურებოდა კუშნერის განცხადება – „თქვენ უნდა შეაჯანჯღაროთ ევროპა?“ ეს იყო ირიბად ნათქვამი შენიშვნა, რომ დემოკრატიის განვითარებით უფრო დავუახლოვდეთ ევროსტრუქტურებს თუ სხვა რამე უნდა ვიგულისხმოთ?
– რა თქმა უნდა, ევროპა არ შეიძლება იყოს კმაყოფილი დემოკრატიზაციის იმ ხარისხით, რაც საქართველოშია. თუმცა, ამის გამო, მხოლოდ ხელისუფლებას ვერ დავადანაშაულებთ. გარდა ამისა, არის მინიშნება იმაზეც, რომ ხელისუფლებამ გარდა იმ პიარ სვლებისა, რასაც იყენებს, საერთაშორისო პოლიტიკური ტექნიკა უნდა გამოიყენოს, რადგან ბევრი ის მეთოდი, რასაც ჩვენი ხელისუფლება საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში იყენებს, რბილად რომ ვთქვათ, გაცვდა და გაშიფვრადი გახდა.

არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ კუშნარი ოკუპაციაზე საუბრისგან თავის არიდებით ერთგვარად, თავიდან იშორებდეს იმ პასუხისმგებლობას, რაც საფრანგეთს აწევს. შესაძლოა, აქ რამდენიმე ფაქტორი ერთდროულად მუშაობდა და არცერთი ერთმანეთს არ გამორიცხავდა.

ამ ვიზიტებმა, მისცა თუ არა ხელისუფლებას გარკვეული ფორა, მით უფრო, რომ ხელისუფლების ფონზე ოპოზიცია საკმაოდ სუსტად გამოიყურება?
– სამწუხაროა, მაგრამ ამ ოპოზიციის ხელში ხელისულებას არ უჭირს საკუთარი პოზიციის გამყარება არც საშინაო და არც საგარეო ასპარეზზე. ოპოზიცამ სახე ვერ შეიძინა, თავის მოქმედებას ვერ დაუდო საფუძვლად რაიმე ტიპის ისეთი კონცეფცია, რომელიც ჩვენთვის აღქმადი და გასაგები იქნებოდა. იგი მხოლოდ შიშველი პროტესტის და ხელისუფლების შეცვლის ლოზუნგის ამარა დარჩა, რაც ხელისუფლების პოზიციის განმტკიცებას უწყობს ხელს.

2008 წლის შემდეგ, როდესაც ოპოზიცია არჩევნებში ამგვარ შედეგებს იღებს, ეს რაღაცაზე უნდა მიუთითებდეს. ყოველ შემთხვევაში, ის პოლიტიკური ტექნიკა და მოქმედების ის კონცეპტუალური ბაზისი, არასაკმარისია არა მხოლოდ საკუთარი წარმატებისთვის, არამედ იმისთვის, რომ საკუთარ ქვეყანას არ ავნონ. სუსტი ოპოზიცია არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის არის სუსტი, არამედ, სახელმწიფოებრივ საქმესაც ვნებენ, მითუმეტეს, რომ ასეთი აგრესიულები და ენერგეულები არიან. წარმომიდგენია როგორ შეხვდებიან ახალი ოპოზიციური ძალის გამოჩენას, რომელიც ცოტა უფრო მეტზე განაცხადებს პრეტენზიას.

ამ ბოლო დროს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ახლი ტერმინი დამკვიდრდა – სისტემური და არასისტემური ოპოზიცია, თუმცა, რატომ არის სისტემური ოპოზიცია არასისტემურ ოპოზიციაზე უარესი, ამის ახსნა ვერ მოვისმინეთ. თქვენთვის რას ნიშნავს ეს ტერმინი?
- დღევანდელი ქართული ოპოზიცია მცირეოდენი გამონაკლისების გარდა, ხელისუფლებას მუდმივად აძლევს საშუალებას, რომ ქართული პოლიტიკური მოზაიკა ააწყოს ისე, როგორც მას სჭირდება და, რომ ოპოზიციაში ისეთი კონფიგურაცია შექმნას, რომელიც საშუალებას მისცემს ეფექტურად შეინარჩუნოს საკუთარი ძალაუფლება.

რაც შეეხება სისტემურ და არასისტემურ ოპოზიციას, ვფიქრობ, ისინი, ვინც თავს არასისტემურ ოპოზიციას უწოდებენ, უბრალოდ, დაბნეულები არიან და არ იციან რა უნდა გააკეთონ მოცემულ სიტუაციაში. მე მგონი, არჩევნების გზით, ხელისუფლებაში მოსასვლელად ისინი საკუთარ პერსპექტივას ვერ ხედავენ. გარდა ამისა, 2007-08 წელს ოპოზიციის ამ ნაწილს სულ რაღაც ერთი ნაბიჯი აშორებდათ, რომ ძალაუფლების სათავეში მოქცეულიყვნენ. მაშინ, ამ მომენტის გამოყენება ვერ შეძლეს, მაგრამ განწყობა იმისა, რომ ახლოს არიან ძალაუფლებასთან, მაინც შერჩათ. მათ ხშირად რეალობის გრძნობა ღალატობთ. დღეს სრულიად სხვა სიტუაციაა, ვიდრე 2007 წელს იყო და ეს კარგად აჩვენა ადგილობრივმა არჩევნებმა.

იმის მიუხედავად, რომ საზოგადეობაში არის უდიდესი საპროტესტო მუხტი, ის არ ახდენს ამ მუხტის პერსონიფიცირებას რომელიმე ოპოზიციურ ძალასთან. ეს მუხტი დაფანტული და გადანაწილებულია სხვადასხვა ოპოზიციურ პერსონალიებზე. საერთოდ მიჭირს საუბარი ამ არასისტემურ ოპოზიციაზე, იმის მიუხედავად, რომ გამუდმებით გვპირდებიან ახალ გეგმას და კვირა არ გაივლის, რომ ახალი ეროვნული იდეის შესახებ, ან პოლიტიკური გეგმის შესახებ არ განაცხადონ. როგორც ვხედავთ, ისინი კვლავ რაღაც რევოლუციის ხასიათზე არიან და მათგან პირადად მე, მხოლოდ ერთი მოლოდინი შეიძლება მქონდეს, რომ ისინი ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებას ხელს უშლიან.

რატომ მიივიწყეს სოზარ სუბარის „ახალი ქართული იდეა“ და საერთოდ რას გულისხმობდა ეს იდეა? თქვენც იყავიღ იმ შეკრებაზე მიწვეული და როგორც ჩემთვის იყო ცნობილი, თქვენ ერთ-ერთი თანაავტორი უნდა ყოფილიყავით ამ იდეის.
- საერთოდ, სოზარის მხრიდან საკითხის დასმა ნორმალურად მეჩვენება და ეს იმ შეხვედრაზეც აღვნიშნე. საერთოდ, დროა, პოლიტიკური ცხოვრება პოლიტიკური პროექტების ჭიდილის ფაზაში გადავიდეს და არა ვიღაცა თანამდებობა დაკარგულებისა და თანამდებობის მსურველთა ბრძოლის სიტუაციაში. ასეთი პროექტი უნდა არსებობდეს არა ერთი, არამედ ორი და სამი და მათ ჭიდილში უნდა შეიქმნნას ჩვენი სახელმწიფოებრიობა.

თუმცა, იმ შეხვედრაზე იმ მოკლე გამოსვლისას ვთქვი, რომ საკმარისი იქნებოდა ახალი იდეის შემქმნელთა თუ განმახორციელებელთა შორის მოქმედი პოლიტიკოსები გამოჩენილიყვნენ, ეს კეთილშობილი იდეა აუცილებლად ჩაიძირებოდა. ამის შემდეგ, თავად სოზარმაც, ერთ-ერთ თავის ინტერვიუში, როგორც ფაქტი, ისე აღნიშნა, რომ ამ იდეის ირგვლივ ცალკეულ პოლიტიკოსთა აქტივობამ გამოიწვია ის, რომ რამდენიმე სერიოზულმა ადამიანმა, რომელთაც, სურვილი მქონდა მონაწილეობა მიეღოთ ამ იდეის განხორცილებაში, საერთოდ უარი განაცხადეს პროექტში მონაწილეობაზეო.

დღეს „რევოლუციონერების“ პარალელურად, ოპოზიციის დანარჩენი ნაწილიც ფიქრობს მომავალ არჩევნებზე. ნაწილს ბიომეტრიული პასპორტების შემოღება მიაჩნია პანაცეად, ხოლო ნაწილი თვლის, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლა უფრომნიშვნელოვანია. როცა ძალაუფლება ერთ ხელშია თავმოყრილი, რამდენად შესაძლებელია, მხოლოდ ტექნიკური კუთხით მოგვარებული საკითხები გახდეს სამართლიანი არჩევნების ჩატარების გარანტია?
– რაც უნდა შეიცვალოს, მთავარი ადამიანებია, რომლებიც ახორციელებენ და იყენებენ ამ ცვლილებებს. იყო შანსი, რომ ოპოზიციას ცესკოს დაკომპლექტებაში მიეღო აქტიური მონაწილეობა და გარკვეული შედეგისთვის მიეღწია. ასევე იყო შანსი, რომ ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებაში ოპოზიციას მიეღო აქტიური მონაწილეობა, მაგრამ ორივე შემთხვევაში, ოპოზიციამ გამოიჩინა დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობა.

ეს საერთო ოპოზიციური სენია და სამწუხაროდ, ეს რეალობაა. ახლა რა ვქნათ ახალი ოპოზიციის დაბადებას დაველოდოთ?
– საერთოდ ვცდილობ კორექტული ვიყო, მაგრამ ახლა ვიქნები ულმობელი და ვიტყვი, რომ ოპოზიციაში ნიჭიერი ადამიანების დეფიციტია და ამის გამოა, რომ დღევანდელი ოპოზცია პოლიტიკურ დინამიკას ვერ ქმნის. საქმე იქამდე მივიდა, რომ უკვე ისეთი ტიპის ანალიზიც წავიკითხე, სადაც ეწერა, – „როგორ წარმოუდგენიათ მავანთ, საგარეო ძალების ჩარევის გარეშე, სააკაშვილის დანაშაულებრივი ხელისუფლების შეცვლა“. მსგავსი განცხადება არ ეკადრება ადამიანს, რომელიც პოლიტიკასთან ახლოს დგას. თავმოყვარე საზოგადოება და პოლიტიკური ძალა არ დაუშვებს იმას, რომ საგარეო ძალამ შეცვალოს მისი ხელისუფლება.

როცა ოპოზიცია საერთო იდეის გარშემო გაერთიანებისთვის რესურსს ვერ პოულობს, არ აინტერესებს საარჩევნო გარემო, არ აინტერესებს საკონსტიტუციო ცვლილებები, გამოდის, არც ქვეყნის მომავალი აინტერესებს. ანუ, ეს ნიშნავს, რომ „ნაციონალების“ 70 წლიანი მმართველობის გაცხადებული სურვილი მითი სულაც არ ყოფილა?
– ეს არის კითხვა, რომელიც პასუხსაც გულისხმობს. როდესაც ოპოზიციას არ ესმის ის რამდენიმე პუნქტი, რომელსაც თანხმობას უნდა მიაღწიონ, როცა ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ერთი ხელის მოსმით უნდა გადაწყდეს პოლიტიკური პრობლემა, მას არ ესმის, რომ ქართული საზოგადოება დღეს გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე 80–ანი ან თუნდაც 90–ანი წლების ბოლოს. ასეთ დროს კი, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის პოლიტიკური კონსესუნსის მიღწევაც შეუძლებელი ხდება.

ჩვენ თუ რაიმე ტიპის დეფიციტი გაგვაჩნია, არა ცალკეული პოლიტიკური იდეების ან, არასაპროტესტო მუხტის დეფიციტი, უბრალოდ, არ მოიძებნენ ადამიანები, რომლებიც ამ მუხტის არტიკულირებას მოახდენენ და ყალიბში ჩამოასხამენ.

თუმცა უნდა ვთქვა, საკმაოდ იმედიანად ვარ განწყობილი ქართული საზოგადოების მიმართ. ჩვენ ვნახეთ, რომ 2008–2009 წელს ქართულმა საზოგადოებამ არ დაუშვა პროცესების რევოლუციური გზით განვითარება. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება საკმაოდ მწიფეა საიმისოდ, რომ საკუთრი საპროტესტო მუხტი არ აქციოს შიშველ პოლიტიკურ ემოციად. თუმცა, ქართული პოლიტიკური კლასი, სრულიად არ არის ადეკვატური ქართული საზოგადოების.

დღევანდელი მასმედიის პოლიტიკური ინტელექტუალური დონე უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენი პოლიტიკოსების. მათი 70% ოცნებობს ქვეყანაში 2003 წლის მოვლენების განვითარებაზე და მათ ერთი რამ ვერ გაუგიათ, რომ ისტორია არ მეორდება. ესენი კი, სულ ერთი და იგივე პიარ სვლებს იმეორებენ და არ ფიქრობენ, რომ საზოგადოებამ, რომელმაც ეს ყველაფერი ნახა თავისი შედეგით, არ დაუშვებს იგივეს განმეორებას დახელისუფლებაში შემთხვევით ადამიანს არ მოიყვანს.

დღევანდელი საზოგადოება უფრო ორგანიზებულია, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით ოპოზიციაზე, რომელმაც 2008 წლის შემდეგ, (იმის მიუხედავად, ვისი ბრალიც არ უნდა ყოფილიყო ომის წამოწყება) დაუშვეს წასულიყვნენ და ხელი ჩამოერთვათ იმ ადამიანისთვის, რომლის ბრძანებით საქართველოში ტანკები შემოვიდნენ და ათასობით ახალგაზრდა დახოცეს. ეს ოპოზიცია, ვინც ეს გააკეთა, არ არის მორალური და ინტელექტუალური რესურსის მატარებელი. დღეს ეს ხალხი, იმის ნაცვლად რომ პოლიტიკიდან წავიდნენ, ფეხქვეშ ებლანდებიან ქართულ საზოგადოებას და არ აძლევენ განვითარების საშუალებას.

რა უნდა მოხდეს, რომ ეს ხალხი პოლიტიკას ჩამოშორდეს?
– ისე და ისევ ის, რაც მოხდა ადგილობრივი არჩევნების დროს. მე ვფიქრობ, ამ არჩევნებზე ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, გადათვალონ რა ხმები მიიღეს მათ და ყველაფერი ნათელი იქნება. დღეს სულ უფრო მეტმა ადამიანმა უნდა გამოხატოს თავისი პროტესტი ამ ძალების მიმართ, რათა მიხვდნენ, რომ მათი ადგილი აღარ არის ქართულ პოლიტიკაში. სანამ ეს ხალხი პოლიტიკაშია, საააშვილის ხელისუფლება სულ უფრო იმაგრებს პოზიციას.

დღეს ოპოზიციის ნაწილი საზოგადოებრივი დარბაზის შექმნის და ეროვნული კრების შექმნის იდეით გამოდის, რამდენად რეალუარად გეჩვენებათ მსგავსი იდეა?
– მე არ მესმის ლეგიტიმურობის რა ხარისხი ექნება ამ ეროვნულ კრებას, საუბრობენ რაღაც წარმომადგენლობით ორგანოებზე, მაგრამ, ალბათ, ეს იდეაც ჩაივლის ისე, როგორც წლების მანძილზე სხვა ბევრმა იდეამ ჩაიარა.

სანამ ჩვენ თავს არ დავანებებთ საგარეო პატრონის ძებნას და სანამ არ გავითავისებთ, რომ ჩვენ გონებაში, ჩვენი წესიერებით და ზნეობით უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა, მანამდე იქნება მიუნხენის შეხვედრა, შემდეგ – ფრანკფურტის და ა.შ. ამასობაში კი სააკაშვილი იმაგრებს პოზიციებს. სააკაშვილის გუნდის წევრმა ამ არჩევნებში 54%–ზე მეტი აიღო, როცა 2008 წელს სააკაშვილმა თბილისი პირწმინდად წააგო.

დღეს ბევრი ვარაუდობს, რომ მომავალ არჩევნებზე რეინკარნირებული „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაიბარებს ისევ ხელისუფლებას...
– სამწუხარო პროექტია, მაგრამ შესაძლებელი.