ცესკო-ს თავმჯდომარე მმართველი გუნდის წინააღმდეგ

ცესკო-ს თავმჯდომარე მმართველი გუნდის წინააღმდეგ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიის გადამოწმება არ იგეგმება. იგი მიიჩნევს, რომ თუ ამომრჩეველთა სიები ნაკლოვანია, რაზეც პოლიტიკური განცხადებები კეთდებოდა, მაშინ ამ სიების გადამოწმება უნდა მოხდეს.

„რატომ არ ხდება მათი გადამოწმება და ხარვეზების თუნდაც ნაწილობრივი გამოსწორება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის? თუ ამომრჩეველთა სიები სერიოზულ ხარვეზებს არ შეიცავს - გამოდის, რომ ფართოდ ტირაჟირებული გამონათქვამები ათასობით ყალბი პირადობის მოწმობებისა და სიებში მილიონი ზედმეტი ამომრჩევლის შესახებ მხოლოდ პოლიტიკური მითი იყო და მისი ავტორების მიზანს საზოგადოების დეზინფორმირება და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაცია წარმოადგენდა“, - განაცხადა ხარატიშვილმა.

საარჩევნო სია ქართული საარჩევნო სისტემის აქილევსის ქუსლია, რადგან, ალბათ, არ ჩატარებულა საქართველოში არჩევნები, რომლის დროსაც ამომრჩეველთა სია წესრიგში იყო. შეგახსენებთ, გასულ წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ შექმნა საარჩევნო სიის გადამოწმების კომისია, რომელსაც მემარჯვენე მამუკა კაციტაძე ხელმძღვანელობდა, მაგრამ კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგაც საარჩევნო სიის პრობლემა კვლავ აქტუალური დარჩა. მაშინდელი ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სიაში დაახლოებით მილიონამდე არარსებული ამომრჩეველი იყო და იგივე დაადგინა „ამომრჩეველთა ლიგამაც“, რომელმაც ალტერნატიული კარდაკარი ჩაატარა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა სწორედ საარჩევნო სიაა.

ხარატიშვილის განცხადებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უპასუხა. სააგენტო მიიჩნევს, რომ ერთიანი საარჩევნო სია საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესის საგანია და ამ თემის პოლიტიზირება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან არ ღირს.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ჭირდება ამომრჩეველთა დაზუსტებული ერთიანი სია, რომელიც სანდოობის მაღალი ხარისხით ისარგებლებს და ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს კითხვის ნიშნებს. ზუსტი და სანდო ერთიანი საარჩევნო სიის შედგენაში ეფექტიანი მონაწილეობის მიღება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და მის სამოქალაქო რეესტრს შეუძლია იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რასაც ის ფლობს. ამ მიმართულებით მუშაობა სააგენტოში დღესაც გრძელდება“, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ აკაკი ბობოხიძემ არ იცის, რამდენად საჭიროა საარჩევნო სიის დახვეწა, მაგრამ ამბობს, უბრალო ლოგიკის ამბავია - თუკი ყოფილი ოპოზიცია ამბობდა, რომ სია იყო ხარვეზიანი, მაშინ მათი ვალდებულებაა, სია გამოასწორონ.

„თუკი სია ხარვეზიანია, მაშინ მმართველი გუნდის დღევანდელი უმოქმედობა მათი პასუხისმგებლობის საკითხია, ხოლო თუ სია ხარვეზიანი არ იყო და ეს შავი პიარის ნაწილი იყო (რაც მიმაჩნია, რომ სწორედ ასე იყო), სწორედ ამიტომ არ იწუხებენ ისინი თავს სიის გადამოწმებით“, - აღნიშნავს აკაკი ბობოხიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ინტერფრაქციული ჯგუფის წევრი, ვახტანგ ხმალაძე for.ge-სთან საუბარში ზურაბ ხარატიშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს. დეპუტატი აცხადებს, რომ საარჩევნო სიის შედგენისას მმართველი გუნდი აუცილებლად მიიჩნევს ბიომეტრიული პარამეტრების გამოყენებას, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ამის გაკეთება ფიზიკურად ვერ ესწრება. ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნებისთვის (რომელის 2014 წლის მაისში ან ივნისში ჩატარდება), ეს აუცილებლად გაკეთდება და მაშინ ვნახავთ, რეალურად რამდენი ამომრჩეველი გვყავს.

„ყველა დარწმუნდება, რომ საარჩევნო სიის გაბერვის შესახებ არსებული ინფორმაცია მითი არ არის და ამომრჩეველთა სია მართლაც გაბერილია, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

მისი თქმით, ჯერჯერობით საარჩევნო კანონმდებლობა შეცვლილი არ არის, მაგრამ მმართველი გუნდი ჩამოყალიბებულია იმაზე, რომ სიის გამოსწორება ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე მოხდეს.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიული საზოგადოების“ თავმჯდომარე, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პარლამენტი მუშაობს იმაზე, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე სრულიად ახალი საარჩევნო სია შედგეს.

„გეგმები არის ის, რომ ფაქტობრივად ნულიდან მოხდეს კარდაკარის ჩატარება, რათა მოხდეს ამომრჩევლის რეგისტრაცია მათი ადგილსამყოფელის მიხედვით. იგეგმება ძალიან სერიოზული სამუშაოების ჩატარება, რათა ამომრჩეველთა სიაში გამოსწორდეს ხარვეზები. საუბარია იმაზე, რომ ადამიანი საქართველოში იმყოფება თუ არა, რეგისტრირებულია კონკრეტულ საცხოვრებელ მისამართზე თუ არა, ან თუნდაც შესაძლებელია, საერთოდ დაუდგენელია ვინმეს ადგილსამყოფელი, მიუხედავად ამისა, ყველა, ვისზეც პირადი ნომერია გაცემული, ყველა ეს ადამიანი არის საარჩევნო სიაში“, - აღნიშნავს ნინო ლომჯარია.

მისი თქმით, თუკი კარდაკარი სათანადოდ ჩატარდება, საარჩევნო სიაში არსებული პრობლემები აღმოიფხვრება. ლომჯარიას განმარტებით, არასამთავრობოების სურვილი იყო, რომ ეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე მომხდარიყო, მაგრამ ისინი იზიარებენ ხელისუფლების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე კარდაკარის ხარისხიანად ჩატარება ვერ მოესწრებოდა და ამიტომ სახელმწიფომაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს თვითმმართველობის არჩევნებამდე განხორციელდეს.

რაც შეეხება ზურაბ ხარატიშვილის განცხადებას, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ხარატიშვილს სურდა ხაზი გაესვა იმისთვის, რომ სია იყო კარგი, თუმცა ლომჯარია მიიჩნევს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეც დაეთანხმება იმაში, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე სიის გამოსწორება უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოესწრება.