„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ადანა დემირსპორთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო. იტალიელმა სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვარას არ გაუმართლა.
„სპარინგმა კარგად ჩაიარა, რადგან მთავარია, რომ არავინ დაშავებულა. ვითამაშეთ გუნდთან, რომელიც ბოლომდე იბრძოდა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო კონდიციები გაგვეუმჯობესებინა. ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ მარტივი გოლებიც გავუშვით. ორი პენალტზე პასუხისმგებლობა გვაქვს, თუმცა ზოგადად ყველაფერი კარგადაა.
კვარაცხელია აჩვენებს, რომ შესანიშნავი ტექნიკური თვისებები აქვს, მან იცის მეტოქეზე წასვლაც და ბურთიც როგორ უნდა აკონტროლოს. დღეს რამდენიმე ეპიზოდში არ გაუმართლა, თორემ გოლს გაიტანდა“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ ჯერჯერობით სამი ამხანაგური თამაში ჩაატარა, სამივეში მოედანზე მხოლოდ 45-45 წუთი დაჰყო და ამის მიუხედავად უკვე მოასწრო 3 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება. "ნაპოლი" მომდევნო მატჩს 31 ივლისს, ესპანურ "მალიორკასთან" გამართავს.