ბიძინა ივანიშვილმა გამოქვეყნებულ განცხადებაში ისაუბრა შვეიცარიულ ბანკზეც. წერს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებს არსებულ პრობლემებთან პირდაპირი კავშირი აქვს, თუმცა, მისი განცხადებით, ურჩევნია ბანკის მიერ შექმნილი პრობლემა საზოგადოებამ ყველა შემთხვევაში მის პირად პრობლემად განიხილოს. როგორც თავად ამბობს, მისთვის მთავარია, რომ საქართველომ ურთულესი ვითარებიდან საბოლოოდ შეძლოს გამოსვლა, ბანკის საკითხზე კი თავად იზრუნებს. როგორც საკითხის კომენტირებისას ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, აქამდე არც ერთხელ არ გასცდენია მათი განცხადებები კერძო სამართლებრივი დავის ფარგლებს.
„ბატონი ივანიშვილის მხრიდან ასეთი კონსტრუქცია არასდროს გაჟღერებულა. არც მას და არც მე, როგორც მის ადვოკატს ასეთი კონსტრუქცია არ გაგვიჟღერებია. ყოველთვის მახვილი იყო იმაზე, რომ ეს იყო კერძო სამართლებრივი დავა, რომელშიც მომჩივანი იყო კერძო პირი. ჩვენ არასდროს ამ დავის კერძო სამართლებრივი ფარგლებს გარეთ არ გავსულვართ. დიახ, ჩვენ ვსაუბრობდით ფაქტობრივ შეზღუდვებზე, დაბრკოლებებზე, მაგრამ, ესეც იყო მხოლოდ კონკრეტულ პირთან და მისი აქტივების მართვასთან დაკავშირებით და ჩვენ მისთვის ასე ვთქვათ საერთო ეროვნული გასაქანი არ მიგვიცია. ამის უფლებს ჩვენ არც დავის კონექტურა მოგვცემს და არც ჩვენ ვაკადრებდით ჩვენ თავს და საზოგადოებას. ჩვენ ამ დავაში ვართ ძალიან პერსპექტიულ ეტაპზე, ძალიან საიმედოზე და ვფიქრობ, რომ არაერთ მნიშვნელოვან განვითარებაზე ჩვენ საზოგადოებას სულ ახლო პერიოდში ვაცნობებთ“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.