ესპანური გამოცემა Superdeporte იტყობინება, რომ ჯენარო გატუზოს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და გიორგი მამარდაშვილს ძირითად მეკარედ მოიაზრებს.
აღნიშნული ვებგვერდი „ლოს ჩეს“ მეკარეების საკითხს შეეხო და წერს, რომ 21 წლის ქართველი ახალ სეზონსაც პირველი მეკარის სტატუსით დაიწყებს.
„მამარდაშვილი გატუზოსთან ერთად ძლიერდება და ისევ ძირითადი მეკარე იქნება. ვალენსიას“ ისევ ძველი პრობლემა აქვს მეკარეებზე, რაც გასულ ზაფხულსაც ჰქონდა. გუნდში ისევ ოთხი მეკარეა. პრესეზონმა როგორც გამოაჩინა, მამარდაშვილი ჯენარო გატუზოს დროსაც პირველი მეკარე იქნება, ისე, როგორც გასული სეზონის მეორე ნახევარში ბორდალასის მწვრთნელობისას. სილესენის მომავალი კი გაურკვეველია. ის კლუბში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ხელფასს იღებს და მისი წასვლა კლუბს ბიუჯეტს გაუთავისუფლებდა. ხაუმე „ვალენსიაში“ დარჩენას გეგმავს, ხოლო რივეროს ბედი დიდწილად სილესენის მომავალზე იქნება დამოკიდებული“, - წერს ესპანური გამოცემა.
აქვე გეტყვით, რომ „ვალენსია“ 30 ივლისს, ამხანაგურ მატჩს ინგლისური „ნოტინგემ ფორესტის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.