სალომე სამადაშვილი:  ბიძინა ივანიშვილის წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, ვინ არის ქვეყანაში ე.წ. ჩრდილოვანი მმართველი - დადასტურდა, რომ აბსურდული განცხადებების უკან, თითქოს დასავლეთი ცდილობს ჩვენს ომში ჩართვას, ივანიშვილი დგას

სალომე სამადაშვილი: ბიძინა ივანიშვილის წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, ვინ არის ქვეყანაში ე.წ. ჩრდილოვანი მმართველი - დადასტურდა, რომ აბსურდული განცხადებების უკან, თითქოს დასავლეთი ცდილობს ჩვენს ომში ჩართვას, ივანიშვილი დგას

„ლელოს“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში არსებობს ერთადერთი ოლიგარქი და მას ბიძინა ივანიშვილი ჰქვია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბიძინა ივანიშვილის წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ ვინ არის ქვეყანაში ე.წ. ჩრდილოვანი მმართველი.

„დღეს საქართველოში არსებობს ერთადერთი ოლიგარქი, მას ჰქვია ბიძინა ივანიშვილი და ის არა მხოლოდ აქტიურად ერევა, არამედ შეიძლება ითქვას, წარმართავს კიდეც მმართველი გუნდის პოლიტიკას ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, ვფიქრობ, ეს წერილი არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ „ჩრდილოვანი მმართველობა“ დღეს არის ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა. ეს ფაქტობრივად დაადასტურა თავად ივანიშვილმა აღნიშნული წერილის გამოქვეყნებით. რატომ გადაწყვიტა მან ამ წერილის გამოქვეყნება, ვერ გეტყვით. როგორც ჩანს, ის საკმაოდ შეშფოთებულია დღეს საკუთარი მდგომარეობით. გუშინ დავბრუნდი აშშ-დან და მინდა გითხრათ, არავის აქვს არანაირი ილუზია ვაშინგტონში იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ივანიშვილის როლი დღეს ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ივანიშვილთან იქნება მიმართული ყველა ის პრეტენზია, რა პრეტენზიებიც აქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. იმ დაპირისპირების უკან, რომელშიც „ქართული ოცნება“ უკვე ღიად შევიდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმის რეჟიმზე გადასვლის სახით, ბიძინა ივანიშვილი დგას“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ აბსურდული განცხადებების უკან, „თითქოს დასავლეთი ცდილობს საქართველო უკრაინა-რუსეთის ომში ჩართოს“, ბიძინა ივანიშვილი დგას.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას, სალომე სამადაშვილის თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება უნდა შეიცვალოს.

„ჩვენს ქვეყანას არ აქვს არანაირი შანსი, თუ პოლიტიკური გადატვირთვა არ მოხდა და ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება არ შეიცვალა. სამწუხაროდ, ჩვენ წინ გველოდება კიდევ უფრო გაფუჭებული ურთიერთობები დასავლეთთან, მეტი სიღარიბე, ეკონომიკური ვარდნა. სრული უიმედობა, რაც დღეს არის, შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ერთადერთი გზით, ეს არის პოლიტიკური გადატვირთვა, მათ შორის ივანიშვილის ჩამოშორებით მმართველობიდან“, - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს გაიმართა და ის „დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.

ამასთან, საუბრობს, რეგიონში არსებული პოლიტიკურ ვითარებაზეც და აღნიშნავს, რომ დღეს, როცა ომის საფრთხე განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს. გარდა ამისა, როგორც ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, „გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია - მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა“.

ივანიშვილი განცხადებაში, როგორც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, ისე უშუალოდ მასსა და შვეიცარიულ ბანკს შორის მიმდინარე დავასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ „არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე გეგმავდა შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას“.