„არ მგონია „მაიმუნის ყვავილი“ ისევე სწრაფად გავრცელდეს, როგორც კორონავირუსი - მას ნაკლებად შეუძლია პანდემიის გამოწვევა“

„არ მგონია „მაიმუნის ყვავილი“ ისევე სწრაფად გავრცელდეს, როგორც კორონავირუსი - მას ნაკლებად შეუძლია პანდემიის გამოწვევა“

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილი“ საერთაშორისო განგაშის საგნად შეაფასა, რადგან ევროპის ქვეყნებში ამ ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა საგრძნობლად მოიმატა. ამის ფონზე, სპეციალისტების ნაწილი საქართველოში თვლის, რომ კონკრეტული ღონისძიებები უნდა გატარდეს და ქვეყანაში ამ ვირუსის შემოსვლის შესაძლებლობა მინიმუმამდე დავიყვანოთ. 

რაც შეეხება საქართველოში არსებულ ვითარებას, ამ ეტაპზე, ქვეყანაში „მაიმუნის ყვავილის“ არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, სილვიო დომენტე აცხადებს, საქართველოს „მაიმუნის ყვავილის“ დაავადებაზე კარგი ზედამხედველობა აქვს დაწესებული. სილვიო დომენტეს თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ „მაიმუნის ყვავილი“ ვრცელდება ისეთ რეგიონებში, სადაც აქამდე დაფიქსირებული არ იყო, ასევე დაავადება გადადის ისეთი გზებით, რაც აქამდე მას არ ახასიათებდა.

ექიმი ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ თუკი საქართველოში ამ კუთხით ვითარება გართულდება, საჭირო გახდება ნორმების გამკაცრება. მისი თქმით, „მაიმუნის ყვავილი“ კორონავირუსთან შედარებით, განსხვავებული ვირუსია და მისი გავრცელება მარტივად არ ხდება. 

„პანიკა საერთოდ არ არის საჭირო არასდროს. უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას, თუ გამოჩნდება, რომ საქმე სერიოზულად არის, დაგვჭირდება კონკრეტული ნორმების მიღება.  არ არის გამორიცხული, ამ ვირუსის გავრცელება, გარდა რესპირაციული გზისა (ანუ ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაცემა), იყოს კონტაქტური და ფეკალურ-ორალური. თავშეყრის ადგილებში ვირუსმა შესაძლოა გავრცელება ჰპოვოს, პირბადის ტარების პირობებშიც შესაძლოა მოხდეს ვირუსის გადაცემა. 

ნებისმიერი ვირუსული ინფექცია მეტად მუტირებს, ანუ მას შეუძლია მთლიანად შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ე.წ. მუტაციური ფორმები. ეს მუტაცია საით გაიქცევა, არავინ იცის. კორონავირუსი ჩვეულებრივ გრიპის ვირუსის დონეზე დავიდა, მაგრამ „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსი ცოტა განსხვავებულია. თუ შესაძლებელი იქნება აეროპორტებში შემოწმება და ქვეყანაში მისი არშემოშვება, ჩვენთან გავრცელებაც არ იქნება მასიური“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. 

კიდევ ერთი ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ „მაიმუნის ყვავილი“ ვერ გამოიწვევს პანდემიას. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რა სიმპტომები ახასიათებს ამ ვირუსს და რას მიაქციონ ყურადღება. 

„დღეს პანიკის საფუძველი არ გვაქვს. „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელებამ ბოლო თვე-ნახევარში საკმაოდ მოიმატა და განსაკუთრებით ეს ეხება ევროპის რეგიონს, თუმცა ეს ვირუსი არ ვრცელდება ისე სწრაფად და იმ ფორმით, როგორც კორონავირუსი ვრცელდება. ასე რომ, მას ნაკლებად შეუძლია პანდემიის გამოწვევა და რომც გამოიწვიოს, ის შედეგი არ ექნება, რაც მაგალითად კორონავირუსის დროს. 

რაც შეეხება საქართველოში მის შესაძლო გავრცელებას, იქიდან გამომდინარე, რომ ზაფხულია და მობილობა გაზრდილია, თეორიული რისკი, რომ ადამიანი დაინფიცირდეს, არსებობს და შემოვიდეს საქართველოში. თუმცა, არ მგონია ის ისევე სწრაფად გავრცელდეს, როგორც კორონავირუსი. 

ამიტომ, მნიშვნელოვანია ადამიანებმა იცოდნენ რას უნდა მიაქციონ ყურადღება და რომელი სიმპტომებია მნიშვნელოვანი. ეს არის ცხელება და ატოპიური გამონაყარი, რომელიც სხვა გამონაყარს არ ჰგავს. არ მგონია, რომ ეს იმდენად საშიში იყოს, რომ დამატებითი ღონისძიებების გატარება გახდეს საჭირო“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ For.ge-სთან. 

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების კუთხით საქართველოში საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის. როგორც გაბუნია აცხადებს, ქვეყანაში სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

„მაიმუნის ყვავილის“ შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, „მაიმუნის ყვავილი“ ამ ეტაპზე ფასდება, როგორც საერთაშორისო განგაშის საგანი. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა ხვდება პირველი ჯგუფის ქვეყნებს შორის, სადაც ბოლო 21 დღის განმავლობაში არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რეკომენდაცია პირველი ჯგუფის ქვეყნებთან მიმართებაში არის კოორდინაციის უზრუნველყოფა, პრევენციის ზომების გაძლიერება და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება რისკების შესახებ. სწრაფი გავრცელება „მაიმუნის ყვავილს“ არ ახასიათებს. „მაიმუნის ყვავილის“ გადაცემისთვის აუცილებელია მჭიდრო კონტაქტი. არის გარკვეული რისკის ჯგუფები - მოგზაურობის შემთხვევაში შესაძლებელია უფრო მეტად სავარაუდო იყოს „მაიმუნის ყვავილის“ არსებობა. მთავარია აქ დროული დიაგნოსტიკა გავაკეთოთ და იმ პირის იზოლაცია, ვისაც საეჭვო ნიშნები აქვს.

ამ ეტაპზე განსაკუთრებული მობილიზაციის საჭიროება ნამდვილად არ არის რამდენიმე მიზეზიდან გამომდინარე. ჯერ ერთი, „მაიმუნის ყვავილს“ არ ახასიათებს ისეთი სწრაფი და უკონტროლო გავრცელება, როგორც ეს არის რესპირაციული ვირუსების შემთხვევაში. როგორც იცით, ყვავილის ვაქცინაცია წარსულში ჩვენს ქვეყანაშიც ტარდებოდა და ეს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს იმუნურს ხდის. მესამე არის ის, რომ ეს ვირუსი ახალი არ არის, მისი მიმდინარეობა და მართვის გზები ნაცნობია და აქედან გამომდინარე სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. ვფიქრობთ, განგაშის საფუძველი ნამდვილად არ არის. მოსახლეობას ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რომ პირველივე საეჭვო ნიშნის შემჩნევის შემთხვევაში მივიდეს ექიმთან და ექიმი მას შესაბამის გამოკვლევას და მკურნალობას დაუნიშნავს“, - განაცხადა გაბუნიამ.