ნაციონალური ცინიზმის სასწაული

ნაციონალური ცინიზმის სასწაული

„ნაციონალური მოძრაობა“ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების მიზნით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია იმისათვის, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა აღმაშფოთებელი ფაქტების გამოძიების პროცესი გამოიყენონ არა პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ კამპანიის საწარმოებლად, არამედ რეალური დამნაშავეების გამოსავლენად და დასასჯელად.

მისი თქმით, უმცირესობა მიიჩნევს, რომ ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციის გარეშე, კანონის მთელი სიმკაცრით ყველა პირი უნდა დაისაჯოს, რომელიც წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობდა და ამის ამსახველ მასალას ავრცელებდა.

„პარლამენტის საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საკითხს გამჭვირვალედ, საფუძვლიანად და მიუკერძოებლად გამოიძიებს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ციხეში პატიმართა წამებაში ერთ-ერთი მთავარი მონაწილის, ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან მთლიანად გათავისუფლება პოლიტიკური მოტივებით მოხდა. ასევე, სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზეზებით, პატიმართა წამებაში მონაწილე სხვადასხვა პირებმა, მათ შორის ბორის ფარულავამ (მეტსახელად ბუბუ) და სხვებმა საპატიმროები დატოვეს. იგივე საქმეში მონაწილე კიდევ ხუთ პირს არაადეკვატურად რბილი სასჯელი მიესაჯა. ამასთან, შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს არაადეკვატურად მსუბუქი სასჯელი დაუწესეს“, - აცხადებს ვაშაძე.

იქედან გამომდინარე, რომ წამებასა და არადამიანურ მოპყრობას ადგილი წინა რეჟიმის დროს ჰქონდა, ნაციონალების მხრიდან კომისიის შექმნის მოთხოვნა არის თუ არა არაადეკვატური, ამაზე აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ კომისიის შექმნაში უხერხული არაფერია.

როგორც for.ge-ს ბობოხიძემ განუცხადა, ხელისუფლება რაღაც კადრების გამომზეურებას პორცია-პორცია აპირებს.

„ეს ყველაფერი თან დაკავშირებულია სხვა პროცესებთანაც. ვითხოვთ, რომ კომისია შეიქმნას, რომლითაც კიდევ უფრო დადასტურდება ის, კავშირი გვაქვს თუ არა შერჩევით სამართალთან. თუ ეს მასალები, დიპლომატებსა და ჟურნალისტებს გააცნეს, გაუგებარია, დეპუტატები მასალებს რატომ არ უნდა გაეცნონ, იმ ფონზე, როდესაც შს მინისტრის მხრიდან უაპელაციოდ თითის გაშვერა ვანო მერაბიშვილისკენ ხდება. ამბობენ, რომ თურმე, ეს სისტემატური დანაშაულია და ამაზე პასუხი მაინცდამაინც მერაბიშვილმა უნდა აგოს. თუ ვინ უნდა აგოს პასუხი, ეს ჯერ გამოძიებამ უნდა დაადგინოს და შემდეგ სასამართლომ. ეს რომელიმე თანანმდებობის პირის გადასაწყვეტი არ არის. საუბარია, ადამიანების გაუპატიურებაზე, თუმცა, რეალობა რა არის, არ ვიცით და სწორედ ამიტომ, კომისიის შექმნას ვითხოვთ, რომ საიმედო გამოძიება წარიმართოს“, - აცხადებს ბობოხიძე.

ნაციონალის მტკიცებით, უმცირესობა არ აპირებს, იმ ადამიანებს გადააფაროს ხელი, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს საშინელებებს სჩადიოდნენ.

„ერთია, რას ლაპარაკობენ და მეორეა სინამდვილეში რა ხდება. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით, ხელისუფლებამ ნდობა ძალიან დაკარგა, რადგან ხალხის გასაგონად ერთს ამბობენ და მერაბიშვილისთვის და ახალიასთვის აბსოლუტურად სხვა ბრალის წაყენება მოხდა. ამიტომ, შს მინისტრმა თუ რა განცხადებები გააკეთა, ეს არაფერს ნიშნავს, სანამ მათი ინფორმაციები ფაქტებით არ გაჯერდება. თუ ფაქტები დაიდება, ნაციონალები ვინმეს დაცვას არ აპირებენ, რადგან კანონზე მაღლა არცერთი პოლიტიკური ლიდერი არ დგას“, - განუცხადა for.ge-ს ბობოხიძემ.

რაც შეეხება იმას, უნდა გასაჯაროვდეს თუ არა, სამეგრელოში სამარხებში ნაპოვნი ვიდეო მასალები, ამაზე ბობოხიძეს კონკრეტული პასუხი არ აქვს.

„მართალი გითხრათ, ამაზე პასუხი არ მაქვს. სახის საიმედო დაფარვის შემთხვევაში, თუმცა, არა ისე, როგორც ცნობილი კადრები გაუშვეს, შესაძლებელია, ამ საკითხზე საზოგადოებამ იმსჯელოს“, - დასძინა დეპუტატმა, რომლის პათოსსაც უმრავლესობა კატეგორიულად არ იზიარებს და უმცირესობას პარტიული ოფისის კედელზე ვანო მერაბიშვილის პლაკატის ჩამოხსნას ურჩევს.

როგორც for.ge-ს თინა ხიდაშელმა განუცხადა, როგორც ჩანს, უმცირესობამ პრობლემა ნახევრად დაინახა, რაც კარგია.

„უმცირესობის მხრიდან კომისიის შექმნის მოთხოვნა არაადეკვატურია, რადგან მათ საპარლამენტო შემადგენლობაში არიან ადამიანები, რომელთაც ყველაფერი იმის შესახებ თავად ჰქონდათ ინფორმაცია, რის გამოძიებასაც ახლა თავად ითხოვენ. ბაქრაძემ თანამშრომლობაზე გუშინ განცხადება გააკეთა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის გამოძიებას ბევრი ვერაფერით დაეხმარება, მაგრამ თუკი პროკურატურისა და სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ამჟამად უმცირესობაში არიან, გამოძიებას დამატებით ინფორმაციას მიაწოდებენ, ეს კარგი იქნება, განსხვავებით, პოლიტიკური განცხადებების კეთებისგან და ქულების წერისგან. სჯობს, ჯერ საკუთარი ოფისის კედლიდან, ვანო მერაბიშვილის „თავისუფლების შესახებ“ პლაკატი ჩამოხსნან და შემდეგ, მსგავსი ტიპის განცხადებები გააკეთონ. ეს ფარისევლობა იმას არ იმსახურებს, რომ რაიმე სერიოზული კომენტარი გავაკეთო“, - განუცხადა for.ge-ს ხიდაშელმა.

ნაციონალების მოთხოვნას მმართველი ძალის კიდევ ერთი ლიდერი გიორგი ცაგარეიშვილი აკრიტიკებს და ამბობს, რომ უმცირესობა მოჯადოებულ წრეში ცხოვრობს - „ვერ გათეთრდების ყორანი, რაც გინდა ხეხო ქვიშითა“,

მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ცხრა თვის განმავლობაში, ამ ადამიანებს თავისი უმძიმესი ცოდვები მოენანიებიათ, პირიქით, შეტევის ხასიათზე არიან და აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ.

„ჩემს კოლეგებს ვეუბნები, რომ „კუზიანს მხოლოდ სამარე გამოასწორებს“. ჩემმა კოლეგებმა როგორც უნდა იზრუნონ, რომ მათი სახით, ოპოზიცია შენარჩუნდეს და გადარჩეს, ამას ქართული საზოგადოება არ დაგვიფასებს. თაქთაქიშვილები, თარგამაძეები, მინაშვილები, სააკაშვილები და ა.შ. ვერ გამოსწორდებიან. ამ ადამიანების პოლიტიკურ მომავალზე ფიქრის კი, არანაირი სურვილი არ მაქვს. მათი დღევანდელი მოთხოვნა იმაზე მიუთითებს, რომ მათი რიტორიკა იგივე რჩება. მათ არავითარი მონანიება და აღიარება არ სურთ. ამ ამაზრზენი ფაქტების ჩადენით, მათი უამრავი თანაპარტიელი და აქტივისტი იყო დაკავებული, დღეს კი, ვაი ჟურნალისტებმა - პაიჭაძემ და კვესიტაძემ დემარში მოაწყვეს. ფაქტია, რომ ეს ხალხი მოჯადოებულ წრეში ცხოვრობს“, - აცხადებს დეპუტატი.

ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა წინა ხელისუფლების საქმიანობასთან დაკავშირებით, პოლიტიკური დადგენილება უნდა მიიღოს, როგორც ეს პოლიტპატიმრების შემთხვევაში მოხდა.

„იმ ადამიანებთან ერთად საგამოძიებო კომისია როგორ უნდა შევქმნათ, რომლებიც სექსუალურ მანიაკებს ხელს აფარებდნენ?! მათ ხელში ეს ქვეყანა აქამდე როგორ მოვიდა, ეს კიდევ საკითხავია. შს სამინისტროს მოვუწოდებ - ეს კადრები ერთ-ორ სენატორს გაუგზავნოს და თუ ისინი მძიმე ხასიათზე დადგებიან, იქნებ მაშინ მიხვდნენ - თუ რატომ აფარებენ ამ ადამიანებს ხელებს. თუნდაც, კომისია შეიქმნას, ამ ადამიანებთან მუშაობის არანაირი სურვილი არ მაქვს და ამ ბალაგანში მონაწილეობას არ მივიღებ. თუმცა, ნაციონალების არსი და რაობა უნდა შევაფასოთ და ვისაუბროთ - თუ რა მიზნები ჰქონდათ და რას აკეთებდნენ. ეს ყველაფერი პოლიტიკურად უნდა შეფასდეს და შესაბამისი დადგენილება მივიღოთ, როგორც ეს პოლიტპატიმრების შემთხვევაში მოხდა. მაინტერესებს, ვისთან ერთად უნდა შევიკრიბოთ? - ვინც სექსუალურ მანიაკებს ხელს აფარებდა და ვინც აბაშიძეს, დავითაშვილს, გელაშვილსა და სხვებს კლავდნენ და ნაძირალა სააკაშვილს ტაშს უკრავდნენ?! თარგამაძის განცხადება - „ნაძირლებო, სულებს ამოგხდით“ დღემდე ყურში ჩამესმის და დღეს უნდათ, რომ მის გვერდით კომისიაში დავჯდე?! დამნაშავეებზე არანაკლებ საშიშები არიან ისინი, ვინც ამ თახსირებსა და კრიმინალებს ხელს აფარებდნენ და ნებისმიერი მანიაკალური გამოსვლის დროს, სააკაშვილის ტაშით აცილებდნენ. ამ ხალხთან კოაბიტაცია ვისაც შეუძლია, მათთან იმან იკოაბიტაციოს, მე კი არ შემიძლია. იმიტომ კი არა, რომ გული ბოღმით მაქვს სავსე და ცხრა წლის მანძილზე ათასი საშინელება გამიკეთეს, არამედ იმიტომ, რომ „ვერ გათეთრდების ყორანი, რაც გინდა ხეხო ქვიშითა“, - განუცხადა for.ge-ს ცაგარეიშვილმა.

კანონმდებელის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, მთავარი პროკურატურის მიერ გირგვლიანის საქმეზე ბევრი ახალი დეტალი დაიდება.

„ბედუკაძე და ხვედელიძე, რა შუაში არიან? ენას როგორ ატრიალებენ, მაშინ როდესაც მინისტრის პირველი მოადგილე დავაკავეთ! ერთი ჩინოვნიკი მაინც დაასახელონ, რომელმაც გირგვლიანის საქმეზე პასუხი აგო. თქვენ დაგპირდით, რომ დაჭერები იქნებოდა, რაც იყო. ახლა გპირდებით, რომ უახლოეს მომავალში, გირგვლიანის საქმის ბევრ ნიუანს ნახავთ და თმები ყალყზე დაგიდგებათ. მის საქმეში თუ ვინ მონაწილეობდა, დაკავებულები თუ როგორ იხდიდნენ სასჯელს და მათ ვინ აფარებდათ ხელს, ამას მთავარი პროკურატურა მოგითხრობთ“, - დასძინა კანონმდებელმა.

საპარლამენტო უმცირესობა საგამოძიებო კომისიის შექმნას 24 ივნისის ბიუროს სხდომაზეც მოითხოვს. თუმცა, კომისია სავარაუდოდ არ შეიქმნება. ნაციონალებს კი, მმართველი ძალის ლიდერები ბეგრაუნდის გახსენებას უანონსებენ.