დანაშაულებრივი რეჟიმის სისტემური დანაშაული

დანაშაულებრივი რეჟიმის სისტემური დანაშაული

რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში ყოფილი ხელისუფლების მიერ მიწისქვეშ შენიღბულად მოწყობილი, დაფარული სამალავები აღმოაჩინეს. სამალავებში აღმოჩენილია ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების, მათ შორის, დივერსიული საქმიანობის წარმოებისათვის გათვალისწინებული დიდი ოდენობით ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები, ხელყუმბარები, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, კავშირგაბმულობის საშუალებები, სამხედრო ამუნიცია, აგრეთვე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული ნივთიერებები, კერძოდ, „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ოპიუმი“, „სუბუტექსი“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, სამალავი სამეგრელოში ყოფილი ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით მიწის ქვეშ შენიღბულად იყო მოწყობილი.

ჩხრეკისას ამოღებულია წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი იმ პირების ფოტოსურათებისა და პირადი მონაცემების შემცველი არქივი, რომელთა დაპატიმრებაც იგეგმებოდა, სხვადასხვა გაყალბებული და ფალსიფიცირებული ბრალდებებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში. ნიშანდობლივია, რომ ცალკეული დოკუმენტები შედგენილია ხელით, რაც ქმნის მნიშვნელოვან მტკიცებულებით ბაზას დამნაშავე პირების სწრაფად იდენტიფიკაციისა და დაკავებისათვის.

გარდა ამისა, სამალავებში ნანახი იქნა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ადამიანების სასტიკი წამების, მათზე სექსუალური ძალადობის განხორციელების, ცემის, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი არაერთი ვიდეოფირი, რომელთა შესწავლისათვის ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

ამ მასალების გამოქვეყნების შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მზადყოფნა გამოთქვა, რომ გამოძიებას დაეხმაროს, რათა დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ. ასეთია იმ განცხადების შინაარსი, რომელიც ყოფილმა მმართველმა პარტიამ ამ საკითხზე გაავრცელა. ქართულ საზოგადოებაში კი აქტიურად განიხილება საკითხი, იყო თუ არა ეს სააკაშვილის ხელისუფლების სისტემური დანაშაული, რადგან მსგავსი ფაქტები ხელისუფლების მაღალჩინოსნების ხელდასმის გარეშე ვერ მოხდებოდა.

მართალია, ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობის დროს უფლებადამცველების მხრიდან იყო საუბარი იმაზე, რომ ხდებოდა ადამიანების მიმართ სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა, შემდეგ ამით მათი დაშანტაჟება და გარკვეული ქმედებების ჩადენის იძულება. ძირითადად საუბარი იყო პარტიულ, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სასარგებლო ქმედებებზე, ასევე მმართველი პარტიის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ კომპრომატების შეგროვებაზე.

ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კი უკვე მერამდენედ გამჟღავნდა მსგავსი კადრების არსებობა. შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ სამართალდამცავებმა საზოგადოებას წარმოუდგინეს ფარული ვიდეო-ჩცანაწერები, სადაც სქესობრივი უმცირესობების ინტიმური ცხოვრებაა ასახული და ითქვა, რომ ამ კადრებით მათზე აღბჭდილ ადამიანებს წინა ხელისუფლება აშანტაჟებდა.

For.ge გთავაზობთ პოლიტიკოსების და საზოგადოების წარმომადგენლების შეფასებებს და მოსაზრებას იმაზე, არის თუ არა ეს სააკაშვილის ხელისუფლების სისტემური დანაშაული.

რეჟისორი გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ ამაზე მეტი დასტური იმისა, რომ ეს სააკაშვილის სისტემური დანაშაულია, უბრალოდ არ არსებობს.

„ჩვენ ყველამ ყველაფერი კარგად ვიცოდით. უბრალოდ დღეს, ასე ვთქვათ, სახეში გვესროლეს ეს სირცხვილი და მისი მონაწილეები, ნებსით თუ უნებლიეთ, ამ ყველაფრის მოწმეები გავხდით. ბუნებრივია, ეს ადასტურებს იმას, რაზეც უკანასკნელი წლების განმავლობაში ვსაუბრობდით“, - აცხადებს გოგა ხაინდრავა.

მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლება იყო წმინდა წყლის ფაშისტური რეჟიმი. რეჟისორი დარწმუნებულია, რომ მომავალში კიდევ უნდა ველოდოთ მსგავსი მასალების გამოქვეყნებას, რადგან ასეთი უამრავი იქნება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ჯერ უნდა დასრულდეს გამოძიება, რომელმაც თავისი სიტყვა უნდა თქვას, თუმცა აქვე დეპუტატი აღნიშნავს, რომ სამეგრელოში ვიდეოჩანაწერების პოვნამდე მისთვის ცნობილი იყო, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში სისტემური დანაშაული იყო. კერძოდ, ბერძენიშვილის თქმით, როდესაც ქვეყნის პირველი პირი კონკრეტულ პირებს სხვა ქვეყნის ჯაშუშებად მოიხსენიებს, ხოლო შემდეგ ირკვევა, რომ ეს ადამიანები ჯაშუშები არ არიან, აქ სწორედ სისტემურ დანაშაულთან გვაქვს საქმე.

„შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ მიხეილ სააკაშვილი აზრზე არ იყო, რა ხდებოდა პოლიციაში, ან ვანო მერაბიშვილი პასუხისმგებელი არ არის იმაზე, რაც მის უწყებაში ხდებოდა. ეს შეიძლება თქვას მხოლოდ უსინდისო ადამიანმა, ან იმას, ვისაც არანაირი ლოგიკა არ აქვს. ჩემში ეს არასოდეს იწვევდა ეჭვს ისევე, როგორც არც ეს სისასტიკე“, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

მისი თქმით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავად ლევან ბერძენიშვილიც რუსეთის ჯაშუშად დაასახელა, თუმცა ამის შემდეგ მისი დაკითხვაც კი არ მომხდარა, რადგან გაირკვა, რომ საამისოდ არანაირი საფუძველი არ არსებობდა. დეპუტატი ამბობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო იყო პოლიციური სახელმწიფო, რომელსაც სჭირდებოდა აგენტები, ხოლო აგენტების შოვნის წესი იყო ასეთი - ადამიანს მიაყენებდნენ შეურაცხყოფას და შემდეგ ამ შეურაცხყოფის კადრებით მას აშანტაჟებდნენ და ამას დღემდე აგრძელებენ. ამიტომ ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ეს სწორედაც სისტემური დანაშაული იყო. აქვე იგი აღნიშნავს, რომ კარგია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზაობა რომ გამოხატა და როგორც ყოველთვის არ დაიწყო იმის მტკიცება, რომ ეს მასალები გაყალბებულია, თუმცა დეპუტატი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ დანაშაულებს თავად ვერ გამოიძიებს.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, გია ვოლსკი ამბობს, მნიშვნელობა არ აქვს, ამის შესახებ პრეზიდენტმა იცოდა თუ არ იცოდა, რადგან დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა მომხდარის გამო პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს და მისგან ვოლსკი ამ ფაქტების შეფასებას ელოდება.

„უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, როდესაც ასეთი დანაშაული ხდება და ხელმძღვანელი უარჰყოფს, რომ ამის შესახებ იცოდა, თუმცა პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე. საერთოდ, ეს ასე ხდება, თუმცა ასეთი მძიმე დანაშაულის შესახებ მე იშვიათად მსმენია. ამიტომ აქ საჭიროა არა ეს ლაილაი ნაციონალების მხრიდან, რომ ისინი გამოძიებასთან ითანამშრომლებენ, არამედ აქ აუცილებელია სერიოზული შეფასებები, რასაც მე მიხეილ სააკაშვილისგან ველი“, - აღნიშნავს გია ვოლსკი.

იურისტი ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ ეს ვიდეო-მასალები არის იმის დამადასტურებელი, რომ ეს დანაშაული სისტემურ ხასიათს ატარებდა და პოლიტიკის ნაწილი იყო.

„არ ვიცი, კიდევ რამდენ ასეთ ფარულ ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერს ვიხილავთ, რადგან დროთა განმავლობაში კიდევ შეიძლება რაღაც ახალი გარემოებები გამოვლინდეს“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.