"კვარაცხელია ან "ნაპოლიში" უნდა გადასულიყო, ან "იუვენტუსში", ის დეტალურად ორივეს შესწავლილი ჰყავდა"
ჯუღელმა განაცხადა, რომ კვარაცხელიათი იტალიაში ყველა კმაყოფილია და ყველაფერი კარგად მიდის. როგორც მან აღნიშნა, 21 წლის ქართველი ტურინის „იუვენტუსსაც“ თავიდან ბოლომდე შესწავლილი ჰყავდა და ის ან „ბებერ ქალბატონში“, ან „ნაპოლიში“ უნდა გადასულიყო.
ქართველმა აგენტმა თქვა, რომ ამჟამად მისი პრიორიტეტი ირაკლი აზაროვისა და ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერებია, რომლებსაც იტალიის სერია A-ს კლუბები აკვირდებიან და მათი თამაშის სანახავად საქართველოშიც იყვნენ ჩამოსულები.
„ხვიჩამ პირველი შეკრება საშუალოზე მაღალი შეფასებით ჩაატარა. ვარჯიშებზე ყველაფერს მაქსიმალურად აკეთებს და კიდევ გააკეთებს, ისეთი პროფესიონალი და ადამიანია. კმაყოფილი არიან იტალიელები, მადლობას გვიხდიან და ყველაფერი კარგადაა.
2 წლის განმავლობაში აკვირდებოდა „ნაპოლი“ ხვიჩას და მათთან კავშირი მქონდა. ის შესწავლილი ჰყავდა, როგორც „იუვენტუსს“, ისე „ნაპოლის“. იყო რაღაც ნიუანსები, რის გამოც ტრანსფერი ამ ორი წლის განმავლობაში არ შედგა, მოგეხსენებათ, „ნაპოლი“ დიდი გუნდია და საკითხებს ასე ადვილად არ წყვეტს. რუსეთის მიერ დაწყებულ ომს ხვიჩაზე არ უმოქმედია, გადაწყვეტილი იყო ამ ზაფხულს მისი ტრანსფერი. ხვიჩა ან „იუვენტუსში“ უნდა გადასულიყო, ან „ნაპოლიში“ - ეს არის სრული სიმართლე და ჭეშმარიტება. ნეაპოლში 1-2 კვირით ადრე ვიყავი ჩასული, იყვნენ სხვა კლუბებიც, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, მაგრამ ჩვენ გეზი გვქონდა „იუვენტუსსა“ და „ნაპოლიზე“, ეს იცოდა თვითონ ხვიჩამაც და ღმერთის წყალობით „ნაპოლი“ გამოვიდა.
„დინამო ბათუმში“ დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ „რუბინიდან“ დროებით მაგაზე კარგად ადგილას ვერც ხვიჩა და ვერც ზურიკო წავიდოდა. თორნიკე რიჟვაძე და არჩილ ბერიძე ყველაფერს აკეთებენ გუნდისთვის და ჩვენც ქართველები რომ ვართ, დავეხმარეთ მათ, რომ ერთი ნაბიჯით წვლილი ქართულ ფეხბურთში ჩვენც შეგვეტანა.
ირაკლი აზაროვისა და ზურიკო დავითაშვილის შესახებ არის საუბარი, რომ სერია A-ში წავიდნენ. იტალიიდან „დინამო თბილისისა“ და „დინამო ბათუმის“ მატჩზე მაგათ გამო იყვნენ ჩამოსულები, ასევე საქართველოს ნაკრების შეხვედრაზე, ახლაც მიმდინარეობს დაკვირვება. ხვიჩას შემთხვევაში ყველაფერი დალაგებულია, საწყისი ეტაპისთვის ყველაფერი იდეალურადაა, ახლა კი მინდა დავითაშვილი და აზაროვის ტრანსფერებზე ვიმუშაო. დავითაშვილზე და აზაროვზე ძალიან მონდომებული ვარ, მაგრამ წინასწარ ლაპარაკი არ მინდა და კონკრეტულად გუნდებს ვერ დავასახელებ“, - თქვა ჯუღელმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლისთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. იტალიის სერია A-ს პირველ ტურში ლუჩანო სპალეტის გუნდი 15 აგვისტოს, სტუმრად "ვერონას" დაუპირისპირდება.