დიოქსინის სკანდალმა ევროპიდან თანდათან საქართველოში გადმოინაცვლა. სხვადასხვა უწყებებისა თუ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები კი ირწმუნებიან, რომ ქართველი მომხმარებლის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ აქ ქვეყანაში სადაც სურსათის უვნებლობის კუთხით აბსოლუტური უკონტროლობაა, ამას ვინ დაიჯერებს.
„საქართველოში დიოქსინით მოწამლული საკვების გავრცელების საფრთხე არ არსებობს“, - ამ განცხადებას სურსათის უვნებლობის სააგენტოში მას შემდეგ აკეთებენ, რაც გერმანიაში „დიოქსინის“ გამოყენებაში ეჭვმიტანილი ათასობით კომპანია დახურეს.
სურსათის უვნებლობის სააგენტოს ინფორმაციით, ქართულ მხარეს ევროკავშირისგან სწრაფი განგაშის სისტემით შეტყობინება არ მიუღია, რადგან ასეთ გაფრთხილებას მხოლოდ ის ქვეყნები იღებენ, სადაც დაბინძურებული საკვები შევიდა ან საინადაც გავიდა.
სააგენტოში განმარტავენ, რომ საქართველოში იმ გერმანული კომპანიების პროდუქცია, რომლებიც დიოქსინის გადაჭარბებული დოზით გამოყენებაში არიან ეჭვმიტანილი, არ შემოსულა.
საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, გერმანიაში მეფრინველეობისა და მეცხოველეობის ფერმებს 150 000 ტონა მოწამლული საკვები მიაწოდეს. კომპანიების: HARLES და JENTZSCH-ის მიერ წარმოებულ ცხიმოვან დანამატებში დიოქსინი მოხვდა. ამის გამო ქვეყანაში დაახლოებით 5 000 მეურნეობა დაიხურა, 160 000-ზე მეტი კვერცხი კი განადგურდა. 8 იანვარს ხელისუფლებამ მუშაობის გაგრძელების უფლება 500 ფერმას მისცა, 9 იანვარს კი ფუნქციობა 3 000-მა მეურნეობამ განაახლა.
შექმნილი სიტუაციის გამო სამხრეთ კორეამ გერმანიიდან ღორის ხორცის იმპორტზე დროებით აკრძალვა დააწესა. სლოვაკეთმა კი ქათმის ხორცისა და კვერცხის შეტანაზე უარი თქვა. ზოგიერთი მონაცემით, მოწამლული გერმანული პროდუქცია დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და დანიას მიეწოდა. საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, რუსეთის სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გენადი ონიშჩენკომ ევროკავშირს გერმანიაში შინაური ცხოველებისა და ფრინველების საკვებში დიოქსინის შერევაზე ოფიციალური ინფორმაცია მოსთხოვა.
უწყებამ ანალოგიური თხოვნით გერმანიის ხელისუფლებასაც მიმართა.
ამავე ცნობით, დიოქსინები ადამიანის ჯანმრთელობაზე უშუალო გავლენას არ ახდენენ, თუმცა ორგანიზმში მაღალი კონცენტრაციით ხანგრძლივი დროის მანძილზე მოხვედრის შემთხვევაში გარკვეულკი გართულებების გამოწვევა შეუძლიათ.
სააგენტო „მედიანიუსი“ დაინტერესდა, შემოდის თუ არა საქართველოში ზემოთ დასახელებული გერმანული ნაწარმი და გამკაცრდება თუ არა კონტროლი მის იმპორტზე. როგორც სუპერმარკეტების ქსელ „ჯი.მარტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნატო დარჩიაშვილმა განაცხადა, ამ სუპერმარკეტებში მსგავსი ტიპის პროდუქტი გერმანიიდან არ შემოაქვთ.
„ისეთი მალფუჭებადი საკვების შემოტანისას, როგორიც ხორცისა და ფრინველის ხორცი, კვერცხი და რძის პროდუქტებია, ადგილობრივ ბაზარზე ვართ ორიენტირებნულნი. გერმანიიდან კი სხვა ტიპის პროდუქტები შემოგვაქვს“, - განაცხადა ნატო დარჩიაშვილმა.
ანალოგიური პასუხი აქვს „გუდვილის“ დირექტორს მიხეილ ჩარკვიანსაც. მისი თქმით, აღნიშნული ჰიპერმარკეტი გერმანული დაბინძურებული ხორცპროდუქტების, რძის ნაწარმისა თუ კვერცხის შემცველი პროდუქტებისაგან დაცულია. ამას ის მარტივი მიზეზი აქვს, რომ ამ ტიპის პროდუქტების გერმანიიდან იმპორტირება საერთოდ არ ხდება.
„ადგილობრივი ბაზარი ხორცით ისედაც გაჯერებულია და მისი საზღვარგარეთიდან შემოტანა არაკონკურენტუნარიანი იქნებოდა. კვერცხის იმპორტი ფიზიკურადაც რთულია და არ ხდება. რძის ნაწარმს კი ქართული კომპანიებისა და იტალიური კომპანია „პარმალატისგან“ ვყიდულობთ. რაც შეეხება კვერცხის შემცველ პროდუქტებს, საკონდიტრო ნაწარმის ინგრედიენტებად ასევე იტალიურ პროდუქციას ვიყენებთ. ამასთან, ჩვენთან შემოტანილი პროდუქცია ქართულ აკრედიტებულ ლაბორატორიებში ფიტოსანიტარიულად და ვეტერინარულად მკაცრად მოწმდება“, - აღნიშნა ჩარკვიანმა.
ამ პრობლემაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერაციას ინფორმაცია ჯერჯერობით, არ აქვს. როგორც ფედერაციის ხელმძღვანელმა მადონა კოიძემ განუცხადა, მომხმარებელთა უფლებების დამცველები ამ თემის შესწავლას, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაიწყებენ.