ვაკანსიები მატულობს, საქართველოში მუშაობას თავს არიდებენ!

ვაკანსიები მატულობს, საქართველოში მუშაობას თავს არიდებენ!

ქვეყანაში ადამიანები მუდმივად წუწუნებენ, რომ საკმარისი რაოდენობით არ არის ვაკანსიები და უჭირთ დასაქმება, არადა, ბიზნესი ახალ კადრებს ითხოვს, რაზეც მეტყველებს გამოქვეყნებული შეთავაზებების რაოდენობა, თუმცა აშკარაა, რომ ვაკანსიები სამუშაოს მაძიებელთათვის მისაღები არ არის. ამასობაში სულ უფრო მეტად აქტიურდება საუბარი, რომ კერძო სექტორი მუშახელის მწვავე დეფიციტის გამო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოყვანას გეგმავს, რაც დროთა განმავლობაში დემოგრაფიულ პრობლემებს გაამწვავებს.

ამის დასტურია, HR.GE-ს რეგიონული მენეჯერის, ინგა შახბაზიანის განცხადება. როგორც ის აღნიშნავს, სამსახურის მაძიებლები დიდ ინიციატივას არ იჩენენ, რაც, სავარაუდოდ, ზაფხულის სეზონს უკავშირდება. როგორც წესი, დასაქმების მსურველთა უმრავლესობას ახალი სამსახურის დაწყება სექტემბრიდან ურჩევნია.

„ვაკანსიების რაოდენობა სტაბილურია, როგორიც იყო ივნისში, კლება, ჯერჯერობით, არ არის. ივლისი წინა წლებში პასიური იყო, მაგრამ წელს ასე არ მოხდა. ალბათ, უფრო თვის ბოლოსკენ და აგვისტოს პირველ ნახევარში შემცირდება, თუმცა გამოხმაურების მხრივ არის პრობლემა. სამსახურის მაძიებლები პასიურობენ, რადგან ზაფხულია, ალბათ, ურჩევნიათ, სექტემბრიდან დასაქმდნენ. შესაბამისად, ბევრი კომპანია ვერ ახერხებს კადრის აყვანას და ახლიდან უწევს ვაკანსიების გამოცხადება.

შეთავაზებებში პირველ ადგილზე ისევ გაყიდვებია - 23%-ით; მეორეზე ამოიწია ჰორეკა სექტორმა (16%), რომელიც ძალიან გააქტიურებულია. ეს, როგორც წესი, სეზონურობით არის გამოწვეული, მაგრამ წელს ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ კურორტებზეა მოთხოვნა, თბილისსა და სხვა რეგიონებშიც საკმაოდ ბევრი ვაკანსიაა; შემდეგ მოდის ბუღალტერია-ფინანსები - 11%; სამედიცინო სფერო - 9%; კომპიუტერული მიმართულება - 7%. კადრებს არა მხოლოდ ქართული, არამედ ძალიან ბევრი საერთაშორისო კომპანიაც ეძებს, რომლებსაც ადამიანების დისტანციურად დასაქმება სურთ“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ინგა შახბაზიანმა.

რა მოჰყვება ყოველივე ამას? პასუხი ძნელი გამოსაცნობი არ არის. ბიზნესი მუშახელს უცხოეთიდან ჩამოიყვანს და თუ ამან ინტენსიური ხასიათი მიიღო, ასეთ შემთხვევაში ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემებიც იჩენს დროთა განმავლობაში თავს.

ეკონომისტი ოთო აბესაძე ადასტურებს, რომ ქვეყნიდან გაქცეული ქართველების ადგილს შუა აზიიდან ჩამოსული მუშახელი დაიკავებს.

„ვინც საქართველოში კერძო სექტორში მუშაობდა, ბევრი წავიდა უცხოეთში და იქ დასაქმდა უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურებში. აქ კი ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოვლენ და იმ დაბალ ანაზღაურებაზე იმუშავებენ, რასაც ჩვენი მოქალაქეები უცხოეთში გაექცნენ. რაც მათთვის დაბალი ანაზღაურება იყო, იგივე ანაზღაურება, დავუშვათ, ყაზახეთის მოქალაქეებისთვის იქნება ნორმალური და მისაღები. ჩამოვლენ და იმუშავებენ, მაგრამ ეს მომსახურების ხარისხს დააგდებს იმავე რესტორნებში.

ჩვენთან შრომითი ბაზარი არ არსებობს. ძალიან მარტივი რამ უნდა გაკეთდეს: ყველგან უნდა გაზარდონ ანაზღაურება და აღარ წავა აქედან ხალხი უცხოეთში ბედის საძიებლად“, - განაცხადა აბესაძემ.

დემოგრაფ ანზორ თოთაძეს კი მიაჩნია, რომ თუკი ქვეყანაში არსებობს სამსახურები, მოქალაქები უნდა დასაქმდნენ, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქეებით მათ ჩანაცვლებას ნეგატიური ეფექტი მოჰყვება.

„ადამიანები იძახიან, რომ სამსახური არ აქვთ და არიან უმუშევრები, არადა, ამ დროს მოთხოვნა არის, თუმცა არ მუშაობენ. ეს ხდება იმიტომ, რომ არის საზოგადოების კატეგორია, ვისაც ურჩევნია, ტყუილად იყოს და არ მიიღოს დაბალი ხელფასი. ეს არ შეიძლება. ერთხელაც იქნება, ბიზნესი უცხოელებს დაასაქმებს და თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეები მასობრივად შემოვლენ, ძალიან ცუდი იქნება. საქართველო პატარა ქვეყანაა, ისედაც ბევრია უცხოელი, ეს პირდაპირ დემოგრაფიულ სიკვდილს ნიშნავს და ადგილობრივ მოსახლეობაზე ძალიან ცუდად აისახება“, - აღნიშნა ანზორ თოთაძემ.

Maverick საათობრივად გადაუხადეთ მუშა-მოსამსახურეებს ხელფასები ამერიკული (ე.ი. აშშ) სტანდარტებით ყოველ პარასკევს ქართულად კი არა, ა მ ე რ ი კ უ ლ ა დ! და მსურველთა რიგები დაგიდგებათ...
2 წლის უკან
Maverick დამქირავებლებო!
მარტო თქვენი ჯიბეების გასქელებაზე ნუ იფიქრებთ, დაქირავებულებსაც სურთ ყოფა-ცხოვრების ნორმალური პირობები შეუქმნან თავიანთი ოჯახის წევრებს....
2 წლის უკან