„შამბა ამბობს, ვიღაც არ შემოვარდეს და არ წაგვართვას ბიჭვინთაო, ვინ უნდა შევარდეს - საქართველო? თუ საფრანგეთს თავისი ნიცა აღარ ჰყოფნის?“

„შამბა ამბობს, ვიღაც არ შემოვარდეს და არ წაგვართვას ბიჭვინთაო, ვინ უნდა შევარდეს - საქართველო? თუ საფრანგეთს თავისი ნიცა აღარ ჰყოფნის?“

რუსები ბიჭვინთაზე, ანუ მათებურად „პიცუნდაზე“ ყოველთვის აბოდებდნენ. განსაკუთრებით, „რჩეულ რუსებს“ ჰქონდათ ბედნიერება, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკებზე დაესვენათ. პუტინიც არაერთხელ სტუმრობდა ამ აგარაკს და სოჭშიც ვერ მოისვენა, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთვის არ ეთხოვა ამ სტრატეგიული ობიექტის გადაცემა.

რუსების არგუმენტი „მისიონერული“ იყო, ბიჭვინთის აგარაკზე არსებული შენობა-ნაგებობები 60-იან წლებში აშენდა და რეკონსტრუქციას საჭიროებდა. აფხაზებმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს და 49-წლიანი იჯარით ბიჭვინთის გასაღები გადასცეს რუსებს.

ქართული მხარე ამტკიცებს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის ჯერ კიდევ იანვარში საიდუმლო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც აღნიშნული აგარაკის და ზღვის მიმდებარე აკვატორიის რუსეთისთვის გადაცემას გულისხმობდა. თუმცა ბევრად ადრე, ჯერ კიდევ არძინბას დროს, 1995 წელს ბიჭვინთის აგარაკები რუსეთს სარგებლობაში გადაეცა. ამდენად, 49-წლიანი ხელშეკრულება მხოლოდ თვალის ასახვევადაა დადებული.

აფხაზური ოპოზიციის დასაშოშმინებლად, რომლებიც ბიჭვინთის აგარაკის გადაცემას აპროტესტებენ, სერგეი შამბა აცხადებს, რომ ეს აქტი აფხაზების ინტერესში შედის, რადგან, თუ ბიჭვინთაში რუსები იქნებიან, აგრესორი (ანუ ქართული მხარე) თავდასხმას ვერ გაბედავს.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ბიჭვინთის აგარაკის გადაცემას რუსეთისთვის დათმობითი პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს. მანამდე რუსეთს გადაეცა რკინიგზა 49-წლიანი ვადით, რუსულ „როსნეფტს“ მიეცა ე.წ. ლიცენზია, აწარმოოს ნავთობსაძიებო, გეოლოგიური სამუშაოები შავი ზღვის აკვატორიაში, ბევრი სტრატეგიული ობიექტი, თუნდაც ენერგეტიკის სფეროში, გადაცემულია რუსეთისათვის.

ანალიტიკოსის შეფასებით, ცხადია, აფხაზური საზოგადოება აცნობიერებს, რომ არავითარ დამოუკიდებლობას ეს არ ნიშნავს, მაგრამ შამბა იხტიბარს არ იტეხს, ვითომ რუსეთი კი არ ზღუდავს აფხაზეთის სუვერენიტეტს, არამედ თითქოს ეს არის რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობის შედეგი.

„სავარაუდოდ, შამბას რუსეთიდან მისდის დოტაციები, თორემ თავიდან შამბა აფხაზ ნაციონალისტთა წარმომადგენლად განიხილებოდა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას უჭერდა მხარს. ბიჭვინთის აგარაკები რომც არ გადაეცათ რუსებისთვის, ისედაც რუსები აკონტროლებენ ე.წ. სახელმწიფო საზღვარს აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის. იქ რუსული სამხედრო ბაზებია, სხვადასხვა მონაცემით, 5000-ზე მეტი რუსი სამხედრო ოკუპანტი იმყოფება აფხაზეთის ტერიტორიაზე. აფხაზეთში ამის გამო შინაგანი პროტესტია, მაგრამ ხმამაღლა გაპროტესტებას ვერ ბედავენ, მაინც ვერაფერს გახდებიან“, -აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ ჩვენთან საუბრისას.

მისივე თქმით, საპროტესტო გამოსვლები რომც დაიწყოს, რუსეთი ჯარს მაინც არ გაიყვანს აფხაზეთიდან. რუსეთმა იქ რამდენჯერმე შეცვალა ხელისუფლება. ანქვაბის წინააღმდეგ გამოსვლები რომ დაიწყო, იგი გადააყენეს, შემდგომში ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბაც მიაყოლეს, მერე ვითომ ჩაატარეს ე.წ. არჩევნები და ასლან ბჟანია მოვიდა ამ თანამდებობაზე. ყველა მათგანი რუსეთის მარიონეტია, რუსეთი აფხაზეთში ყველაფერს აკონტროლებს, პირველ რიგში, საფინანსო სისტემას, აფხაზეთში რუსული რუბლია მიმოქცევაში, საკუთარი საფინანსო სისტემა არ გააჩნიათ. რუსეთს ახლა უნდა აფხაზეთის საბოლოო დამორჩილება, აფხაზეთი ბოლომდე იბრძვის იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ გადასცეს უძრავი ქონება, მაგრამ აფხაზები იძულებულნი იქნებიან, რუსეთის წინაშე დათმობაზე წავიდნენ და შესაძლოა, რუსი სამხედროები დაეპატრონონ აფხაზეთში მიწებს.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს იჯარა კი არა, ბიჭვინთის ჩაბარებაა რუსეთისთვის. აფხაზებმა კანონი მიიღეს, რომ აკვატორიაში სხვა ქვეყნისთვის არ უნდა გადაეცათ ტერიტორია, მაგრამ მერე თვითონვე ნახეს, რომ ამ კანონს ვერ შეასრულებდნენ, რადგან რუსეთი არ მისცემდა ამის უფლებას. 49 წლის მერე რა მოხდება, არავინ იცის, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს იჯარის ხელშეკრულება კიდევ გაგრძელდება.

„მეფის რუსეთი მიჩვეული იყო 99 წლით ტერიტორიების მიღებას, პორტ-არტური 99 წლით ჰქონდათ იჯარით აღებული, ახლა ცოტა სხვა დროა და მოკრძალებით 49-წლიან იჯარას თანხმდებიან. 49 წელი ბიჭვინთა რუსეთის იქნება, მერე იჯარის ვადა გაგრძელდება და ბოლოს აფხაზეთი მთლიანად გახდება რუსეთის, თუკი არაფერი შეიცვლება. ასეა თუ ისე, აფხაზეთთან მიმართებით ჩვენ სულ სხვა განწყობა გვაქვს, ეს ჩვენი მიწაა, საერთო მიწაა, საქართველოს შემადგენელი ნაწილია, ჩვენ არ დავწვრილმანდებით ისე, ნიშნი მოვუგოთ აფხაზებს. ელემენტარულად, აფხაზები თავის დროზე უნდა დაფიქრებულიყვნენ ამ საკითხზე. მახსოვს, აფხაზი ლიდერები ვითომც ენამახვილობით ამბობდნენ, „გუბეში დახრჩობას ზღვაში დახრჩობა ჯობიაო“, ე.ი. საქართველო გუბეა და რუსეთი ზღვა არისო. ახლა რა გუბეშიც და წუმპეშიც არიან, საკუთარ თავს დააბრალონ. სულ მალე იქ აღარც აფხაზური სკოლა იქნება, აღარც აფხაზური ენა, ისედაც არ არის, მხოლოდ მთებშია და ნელ-ნელა ის კანონიც შეიცვლება, რომლის მიხედვითაც, აფხაზებს მიწის გაყიდვა არ შეუძლიათ. ხომ ხედავთ, შამბა ამბობს, ვიღაც არ შემოვარდეს და არ წაგვართვას ბიჭვინთაო. ვინ უნდა შევარდეს - საქართველო? თუ საფრანგეთს თავისი ნიცა აღარ ჰყოფნის?!“ - აცხადებს სოსო ცინცაძე.

trampi ამ ცნობილი სურათების უბრალო დანახვაზეც კი გული მეგლიჯება
ჰოოდა .................აბა ეს როგორ დამავიწყდება..........
1 წლის უკან