აკაკი ბაქრაძე - „ერთხელ კიდევ მომისმინეთ“

აკაკი ბაქრაძე - „ერთხელ კიდევ მომისმინეთ“

წინათაც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: მომხრე ვარ ბრძოლის მშვიდობიანი ფორმებისა და თანდათანობითობის. ახლა მინდა, რამდენადაც შევძლებ, განვმარტო - რატომ.

შეიძლება ზოგიერთი თავს იკავებდეს და პირდაპირ არ ამბობდეს, მაგრამ უცნობი კი არავისთვის არის, რომ ლენინური სოციალიზმი და საბჭოთა ხელისუფლება ბუნებრივად დაბერდა და კვდება. მისი გადარჩენა არც არაფერს და არც არავის ძალუძს. ყველა მარქსი, ყველა ლენინი, ყველა სტალინი რომ ერთად გააცოცხლოთ, სოციალიზმისა და საბჭოთა ხელისუფლების ხსნის გზას ვერ გამოძებნიან. იმიტომ რომ ისტორიის ბუნებრივი პროცესის Sეჩერება ადამიანს არ შეუძლია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საბჭოთა ხელისუფლებას უკვე აღარ შესწევს ძალა, სიკვდილის წინ, კიდევ ერთხელ ჩაიდინოს გამოუსწორებელი ბოროტმოქმედება. მით უმეტეს, რომ მას ამის კოლოსალური გამოცდილება აქვს. საუბედუროდ, ბოროტმოქმედების ჩადენის ძალა მას ჯერ კიდევ აქვს. მაგრამ ბრძოლის მშვიდობიანი ფორმებისა და თანდათანობითობის მომხრე მარტო ამის გამოც არა ვარ. საქართველო ბევრს ეცადა, მაგრამ სისხლისღვრა მაინც ვერ აიცდინა (9 აპრილი და აფხაზეთი). როგორც ჩანს, სამწუხაროდ და სავალალოდ, არც მომავალში მოხერხდება ეს, რაკი ამისათვის მარტო ქართველთა კეთილი ნება არ კმარა. ამჯერად სხვა პრობლემა მაფიქრებს და ეს მინდა სწორედ გაგიზიაროთ.

სსრკ-ის რღვევის პროცესი ისეთი ელვისებური სისწრაფით მიმდინარეობს, რომ პოლიტიკური დამოუკიდებლობა შეიძლება უახლოეს ხანებში მივიღოთ. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რღვევის პროცესს წინ არაფერი გადაეღობა. მოხდება კი ასე? თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ისტორიას, როგორც ძველს ისე საბჭოური პერიოდისას, უნდა ვთქვათ, რომ - არა (ღმერთმა ჰქნას, რომ ვცდებოდე).

ისტორიის გაკვეთილებს თუ მივუგდებთ ყურს, იმგვარ ვითარებაში, როგორიც დღეს სსრკ-შია, ხელისუფლება ჩვეულებრივ ომს იწყებს. ომი მას, ერთი მხრივ, საშინაო საქმეებში მკაცრი რეჟიმის შემოღების საშუალებას აძლევს და, მეორე მხრივ, ხალხის ყურადღება გადააქვს თავდაცვის მიმართულებით. სხვა პრობლემები, რომელნიც ერს აწუხებენ, გარკვეული დროით გადადებულია. მაგრამ, თერმობირთვული იარაღის არსებობის გამო, საგარეო ომი გამორიცხულია. დარჩა ორი სხვა გზა - სამხედრო დიქტატურა და სამოქალაქო ომი (ამის ნიშნები უკვე მკაფიოდ ჩანს - ყარაბაღი, ფერღანა, აფხაზეთი). ან ერთს უნდა მიმართოს ხელისუფლებამ ან მეორეს - არსებული სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური სტრუქტურის შენარჩუნება თუ უნდა. მართალია, ეს დროებითი შენარჩუნება იქნება, მაგრამ მაინც შენარჩუნებაა. ხოლო თუ სურს თავი დააღწიოს ორივე უბედურებას - სამხედრო დიქტატურასა და სამოქალაქო ომს, დაუყოვნებლივ უნდა მისცეს დამოუკიდებლობა მოკავშირე რესპუბლიკებს. ყველამ თავად გამოძებნოს კრიზისის მოგვარების გზები. ყველამ თავად უპატრონოს თავისთავს. ჩემი ღრმა რწმენით, კრიზისისაგან თავის დაღწევის სხვა საშუალება არ არსებობს: ან სამხედრო დიქტატურა, ან სამოქალაქო ომი (რაც უსაშველო მსხვერპლს უკავშირდება), ან სსრკ დაშლა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად (რაც, დასაშვებია, მშვიდობიანად მოხდეს). ასე, რომ არჩევანია გასაკეთებელი. თუ გაიმარჯვებს გონიერება, ხალხი არ დაზარალდება, ხოლო თუ უგუნურება იზეიმებს, ხალხი გაიღებს მსხვერპლს, რომლის მოცულობის განსაზღვრა წინასწარ არავის ხელეწიფება.

როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, თუ ხელისუფლებამ ორი უკიდურესი გზიდან ერთ-ერთი აირჩია - ან სამხედრო დიქტატურა ან სამოქალაქო ომი? ამ პირობებში როგორ უნდა გაგრძელდეს ეროვნული მოძრაობა? სამწუხაროდ, არ ვიცით. ამ კითხვის პასუხი არ გვაქვს. არადა, იგი სასწრაფოდ მოსაძებნია. თუ დაუყოვნებლივ არ მოვძებნეთ, საფრთხეს სრულიად მოუმზადებელი შევხვდებით. ამიტომ აუცილებელია, გადაუდებელია ეროვნული მოძრაობის ყველა ძალის შეერთება და ერთად გამოძებნა იმ ძირითადი გზისა, რასაც ჩვენი ხალხი დაადგება. დაშლილობა, დაქუცმაცებულობა, განხეთქილება ამგვარ ვითარებაში დამღუპველი აღმოჩნდება. ღმერთმა ნუ ქნას, რომ დღევანდელი ეროვნული მოძრაობა უშედეგოდ დამთავრდეს. მაშინ ქართველ ხალხს ისეთი სასოწარკვეთილება, უიმედობა, კაეშანი დაეუფლება, რომელსაც შესაძლებელია თავი ვეღარც კი დააღწიოს. ამიტომ ყველაფერი გონივრულად უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეროვნული მოძრაობა გამარჯვებით დაგვირგვინდეს.

ჩვენ მომზადება გვჭირდება იმ წუთისათვისაც, თუ საბჭოთა ხელისუფლება ჭკვიანურ, მშვიდობიან გზას აირჩევს. დაშლის სსრკ დღევანდელ პოლიტიკურ სტრუქტურას და დამოუკიდებლობას მიანიჭებს ყველა მოკავშირე რესპუბლიკას.

ყველა რევოლუცია (ეროვნული იქნება იგი თუ სოციალური, სულერთია), მაშინ იმარჯვებს, როცა მყარ, უკვე ჩამოყალიბებულ ეკონომიკას ეყრდნობა.

საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუცია ამ ორასი წლის წინათ ტრიუმფით იმიტომ დამთავრდა და მონაპოვარიც იმიტომ შეინარჩუნა, რომ კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემა საფრანგეთში უკვე მტკიცედ ჩამოყალიბებული არსებობდა. მის განვითარებას ზღუდავდა ფეოდალური პოლიტიკური სისტემა. ერთი სიტყვით, ახალი ღვინო ძველ ტიკში აღარ ეტეოდა. კაპიტალისტურმა ეკონომიკურმა სისტემამ დაანგრია საფრანგეთში ფეოდალური პოლიტიკური სისტემა და დარღვეული შესაბამისობა აღადგინა. ასე იყო უფრო ადრეც ნიდერლანდებისა და ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუციების დროს. ეს ბუნებრივი პროცესია, ბუნებრივი საზოგადოებრივი კანონებით გაპირობებული, და ამიტომ რევოლუციის განვითარება-დაგვირგვინებაც ბუნებრივად მიმდინარეობს.

რუსეთში ოქტომბრის რევოლუციამ საზოგადოებრივი განვითარების ბუნებრივობა დაარღვია. ნახევრად ფეოდალურ რუსეთში, სადაც კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემა ჩამოყალიბებულ სახეს იღებდა, ბუნებრივი და კანონზომიერი იყო თებერვლის რევოლუცია. თებერვლის რევოლუცია ეყრდნობოდა უკვე მეტნაკლებად ჩამოყალიბებულ კაპიტალისტურ ეკონომიკას და ცვლიდა მონარქიულ-ფეოდალურ პოლიტიკურ სისტემას. რუსეთშიც ბუნებრივი შესაბამისობა მყარდებოდა ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემებს შორის. მაგრამ ეს შესაბამისობა დაანგრია ოქტომბრის გადატრიალებამ. დროებითი მთავრობის სისუსტემ ბოლშევიკებს და მათ მეთაურს ლენინს საშუალება მისცა ხელში ჩაეგდოთ პოლიტიკური ძალაუფლება. მაგრამ ძალაუფლებას ისე დაეუფლნენ, რომ სოციალისტური ეკონომიკური სისტემა რუსეთში თეორიულადაც კი არ არსებობდა. რეალურ არსებობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. არც ლენინმა და არც რომელიმე სხვა ბოლშევიკმა ლიდერმა არ იცოდა, რა არის სოციალისტური ეკონომიკური სისტემა. ამან გამოიწვია ის თავგზააბნეულობა ეკონომიკაში, საბჭოთა სახელმწიფოს ცხოვრებაში ასე მკაფიოდ რომ ჩანს. ამისავე შედეგია ის ძალადობაც, რასაც ოქტომბრის რევოლუციის პირველივე დღიდან მიმართავდა საბჭოთა ხელისუფლება. როცა ეკონომიკაში არაფერი გამოდიოდა, საბჭოთა ხელისუფლება ამას „მტრებს“ აბრალებდა და დაუზოგავად ჟუჟავდა ხალხს. ცხადია, ეკონომიკის განვითარების ბუნებრივ კანონზომიერებას ძალადობით ვერ შეცვლი. ასე აღმოჩნდა სსრკ ეკონომიკური კატასტროფის ზღურბლზე.

რაკი საქართველო სსრკ-ის ნაწილია, მისი ეკონომიკური მდგომარეობაც უმძიმესია. ალბათ, ახლა დედამიწის ზურგზე არ არის მეორე ქვეყანა, რომელიც ეკონომიკურად ისე ჩამორჩენილი იყოს, როგორიც საქართველოა.

ამ ვითარებაში ჩვენ უნდა ერთობლივად გავარკვიოთ - რა გზას დავადგეთ ეკონომიკაში.

ნურავის შეეპარება ეჭვი, რომ თუ ქართული ეკონომიკა არ იქნება კონკურენციის უნარის მქონე, თუ ქართული მანეთი არ იქნება კონვერტირებული, თუ არ გვეცოდინება რა პროდუქციით ვიბრძვით საერთაშორისო ბაზარზე, საქართველოს დამოუკიდებლობა ფუჭი ოცნება აღმოჩნდება.

ფიქრი იმისა, რომ ჯერ დამოუკიდებლობას მოვიპოვებთ და მერე გზადაგზა ეკონომიკას მივხედავთო, მწარე შეცდომაა. ამის საშუალებას არც საგარეო მტრები მოგვცემენ და არც შინაური.

პოლიტიკური გამარჯვება შედარებით იოლია. ურთულესი და უმძიმესია ეკონომიკური.

საქართველოს ისტორიული დამარცხებანი იმით კი არ იყო გაპირობებული, რომ იგი, სამხედრო თვალსაზრისით, უფრო სუსტი იყო, ვიდრე ირანი ან თურქეთი, არამედ იმით, რომ მუსლიმანური სამყაროს პრიმიტიული, ჩამორჩენილი ეკონომიკური სისტემით გარემოცულმა ვერ მოახერხა ეკონომიკური განვითარების ევროპული გზა გაევლო.

ამიტომ დღეს უპირველესი ამოცანაა ქართველმა მეცნიერებმა მომავალი საქართველოს ეკონომიკური ცხოვრების თეორიული პრინციპები შეიმუშაონ. მერე კი მათ საფუძველზე ჩვენი ხალხი ისწავლის იმ შრომასა და დისციპლინას, რაც აუცილებელია საერთაშორისო ეკონომიკურ ბრძოლაში გასამარჯვებლად (იარაღით დამარცხებულმა იაპონელებმა ეკონომიკით გაიმარჯვეს და მტრები მუხლებზე დააჩოქეს. ეს ის გაკვეთილია, რომელიც ქართველმა ხალხმა ზედმიწევნით უნდა შეისწავლოს).

იმ საფრთხეს, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკე, იმ შემთხვევაში ავიცდენთ, თუ თანდათანობით, მტკიცედ და შეუპოვრად გავყვებით მშვიდობიანი ბრძოლის გზას. ამიტომ ვარ მისი მომხრე.

ნუ გვძლევს სულწასულობა და ნუ დავემსგავსებით იმ პატიმარს, რომელიც გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე გარბის ციხიდან. თურმე პატიმარი შედარებით იოლად იტანს რამდენიმე წლის ტუსაღობას, მაგრამ მეტისმეტად უჭირს გაუძლოს იმ რამდენიმე დღეს, რომელიც საბოლოო გათავისუფლებამდე დარჩა. ვეღარ ითმენს და ციხიდან იპარება, რითაც ახალ სასჯელს იმსახურებს და ტყვეობას იხანგრძლივებს. ცოტა დრო დარჩა გათავისუფლებამდე. როგორმე აღვიჭურვოთ მოთმინებით და ვძლიოთ სულწასულობას.

შეიძლება მკითხველმა იფიქროს, რომ კატეგორიულად ვმსჯელობ და რა უფლება მაქვს ამისა, მე ხომ წინასწარმეტყველი არა ვარ. სულაც არ მინდოდა კატეგორიული ხასიათი ჰქონოდა ჩემს საუბარს. უბრალოდ ვცდილობდი აზრი მოკლედ და მკაფიოდ გამომეთქვა, რაკი დიდი სურვილი მაქვს, რაც მოგახსენეთ, ის ფართო საზოგადოებრივი სჯა-ბაასის საგანი გახდეს. ეს სჯა-ბაასი კი აუცილებელია იმისათვის, რომ მოქმედების ძირითადი, არსებითად ყველასათვის მისაღები გზა გამოიძებნოს. საქართველომ აღთქმულ მიზანს, რამდენადაც შესაძლებელია, მცირე მსხვერპლით უნდა მიაღწიოს.

აკაკი ბაქრაძე