ლარს დაბადებიდან ორი თვე შეუსრულდა

ლარს დაბადებიდან ორი თვე შეუსრულდა

საქართველოში ეროვნული ვალუტის ლარის შემოღებიდან ორი თვე შესრულდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მერაბ კაკულიას ცნობით, რეფორმის შედეგებმა მოსალოდნელს გადააჭარბეს. კუპონის, მანეთისა და დოლარის გამოძევების შემდეგ ლარი ჭეშმარიტად ერთადერთ საგადასახადო საშუალებად იქცა.

საქართველოში ჩატარებულ ფულის რეფორმას სამართლიანად თვლიან უპრეცედენტოდ. ის, რასაც ეროვნული ვალუტის - კუპონის შემომღებმა რეფორმატორებმა ორი წლის მანძილზე ვერ მიაღწიეს, ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღებით, სულ რამდენიმე დღეში რეალობად იქცა.

რეფორმის პროცესში, ბრუნვიდან 70 მილიარდი რუბლი და 31 მილიონი დოლარია ამოღებული. რუბლის ასეთი რაოდენობით ბრუნვაში დაბრუნება უბრალოდ, არარეალურია. დოლართან დაკავშირებით გაცილებით მეტი სირთულეებია, რადგანაც მიმოქცევიდან ამოღებული ეს ვალუტა დღესაც დაგროვებისა და მსხვილი გარიგებების დროს ნაღდი ანგარიშსწორების საიმედო საშუალებად რჩება.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ლარის კურსის ხელოვნურ გამყარებას კატეგორიულად უარყოფს და მის სტაბილურობას იმით ხსნის, რომ ფულადი ბრუნვა საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს შეესაბამება. ამასთან აღნიშნავს, რომ დევალვაციის პროცესმა ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების ხარჯვის გარეშე ჩაიარა და კურსი საბაზრო კონიუნქტურამ დაარეგულირა.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ცნობით, „თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ეროვნულ ბანკს 7 მილიონი დოლარი რომ არ შეესყიდა, ლარის კურსი უფრო გამყარდებოდა. დოლარის კურსი დრამატულად დაეცემოდა და მიღებული მიკროეკონომიკური ეფექტი არადამაკმაყოფილებელი იქნებოდა“.

1996 წლისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული პროგრამის შესაბამისად, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს: წარმოების ზრდა დაიწყება, ინფლაცია თვეში 1,8 %-ის დონეზე დასტაბილურდება და ყოველივე ეს მოსახლეობის ცხოვრების დონის ზრდას გამოიწვევს.